უკრაინის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათმა ჯარებმა დატოვეს ხარკოვის ოლქის სოფელი კრახმალნოე. ამის შესახებ უკრაინის ტელევიზიაში ილაპარაკა სახმელეთო ჯარების წარმომადგენელმა ვოლოდიმირ ფიტიომ.
მანამდე, კვირას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კუპიანსკის მიმართულებაზე სოფელ კრახმალნოედან განდევნეს უკრაინის შეიარაღებული ძალები. მოსკოვში ამას უწოდეს ჯარების დასავლეთის დაჯგუფების ქვედანაყოფთა აქტიური მოქმედებების შედეგი.
უკრაინის სახმელეთო ჯარების წარმომდგენლის, ფიტიოს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა სოფელი დატოვეს და წინასწარ მომზადებულ და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე დაიხიეს. ფიტიომ ამავე დროს აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს საფრთხეს ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც სოფლის მეზობლად არიან განლაგებული მხარეებს შორის გამყოფ ხაზზე. „ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა. ფრონტის ხაზი ყოველდღე იცვლება,“ დასძინა ვოლოდიმირ ფიტიომ.
მისივე სიტყვებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე სოფელ კრახმალნოეში 45 ადამიანი ცხოვრობდა, იქ იყო სულ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რომლებიც ბრძოლების შედეგად დაინგრა.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი მანამდე იტყობინებოდა, რომ 20 იანვარს რუსეთის ჯარებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ შემტევი ოპერაცია განახორციელეს და სოფელ კრახმალნოეზე დაამყარეს კონტროლი.