მამა ლეონ გელოვანი: ჩემი სოლიდარობა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს და ყოველ ღირსეულ სასულიერო პირს, რომელიც უსამართლო მსჯავრით ისჯება

“ახლა დავბრუნდი რუსთაველიდან, ჩემი სოლიდარობა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს და ყოველ ღირსეულ სასულიერო პირს, რომელიც უსამართლო მსჯავრით ისჯება.

დღეს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში არაფერს გავუკვირვებივარ – არც გაუმართავ ტექსტს, არც შინაარსს და რა თქმა უნდა, არც ხელმოწერას.

რა უნდა გაგიკვირდეს ადამიანს, საპატრიარქოს იმ ადმინისტრაციისგან, თუ იმ ადმინისტრაციის გამოზრდილი იერარქებისგან, რომელმაც თავის დროზე, დასახვრეტად განწირული მღვდლის გამოქომაგებაც კი არ ისურვა.

ათეული წლებია ეს საპატრიარქო და მისი მესვეურნი დგანან სხვადასხვა რეჟიმის მხარეს, თითქმის ყოველთვის იმ ბოროტი რეჟიმის მხარეს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენასთან – თავისუფლებასთან, სიყვარულთან და სამართლიანობასთან.

მხნეობა მამა დოროთეს და მის საძმოს! სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს – ჭეშმარიტ ეკლესიას ნამდვილად ვერ მოერევიან ვერც ჯოჯოხეთის და ვერც ერეკლეს მოედნის ბჭენი.” – წერს სოციალურ ქსელში მამა ლეონ გელოვანი.

ცნობისთვის, ცნობისთვის, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საპატრიარქომ მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება.” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ