არქმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ მისთვის მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებით ეკლესიის მტრად უნდათ მისი წარმოჩენა.
როგორც არქიმანდრიტი ამბობს, ცდილობენ, მას სახელი წინასწარ გაუფუჭუნ, რომ შემდეგ, თუ მას დაიჭერენ ან მასთან დაკავშირებით რამე მოხდება, ვინმე არ აღშფოთდეს.
ამასთან, არქიმანდრიტის თქმით, ხვალ, 16 დეკემბერს საპატრიარქოში კომისიაზე სწორედ იმიტომ იყო დაბარებული, რომ დაესაჯათ, თუმცა ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოში წინსწრებით მიიღეს.
„[ხვალ] რაზე უნდა მივიდე [კომისიაზე], ამაზე ვიყავი დაბარებული და იმათ წინსწრებით გადაწყვიტეს, რომ მე დავესაჯე და რა მოხდა, მართლა ვერ ვიტყვი, თუმცა ამათი უკანონობა, უსინდისობა და უტიფრობა საზღვრებს მიღმაა, არაფერს არ ექვემდებარება.
პარაკლისის ჩატარება ახლა ამათთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცნაირად ერს ჩაათვლევინონ, რომ მე ეკლესიის მტერი ვარ და ეკლესიიდან განკვეთილი ვარ, მღვდელი არ ვარ, თუმცა მღვდელი ვარ და არქიმანდრიტი ვარ. ჩემი დაჭერით, ან რაღაცით, რომ ვინმე არ აღშფოთდეს, იმიტომ, რომ წინასწარ მიფუჭებენ სახელს, მაგრამ სახელგაფუჭებული ჯაღმაიძე მე სახელს როგორ გამიფუჭებს, არ ვიცი“, – განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთემ „ტვ პირველთან“.
15 დეკემბერს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელსაც პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერა აქვს დართული.
მანამდე, 29 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში განაწესა.
ეპარქიულმა კომისიის განცხადებით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, „ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები“.
ამის შემდეგ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ყოველ კვირაში პარაკლისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ატარებდა ხოლმე.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილი ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის გამო და მონაწილეობს პროევროპულ, უწყვეტ საპროტესტო აქციებში.




