MMA-ის მებრძოლი და UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელებში განცხადებას ავრცელებს. ილია თოფურია ამბობს, რომ სთხოვდნენ ფულს, აშანტაჟებდნენ მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ცნობების გავრცელებით და ამბობს, რომ შესაბამისი მასალები მართლმსაჯულების სისტემას მიაწოდა.
ცნობილი ესპანური გაზეთი “მარკა” წერს, რომ ილია თოფურია ცოლს ეყრება და ეს ამბავი აქედან იღებს სათავეს.
თოფურია განცხადებაში არ ასახელებს მისი ბრალდების ადრესატს და საზოგადოებას სთხოვს, პატივი სცეს მისი ოჯახის პირად ცხოვრებას.
“როგორც იცით, ბოლო კვირების განმავლობაში დროებით მომიწია ტიტულის დაცვაზე უარის თქმა. რაც, როგორც წარმოგიდგენიათ, ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მაგრამ როდესაც ცხოვრება გიქმნის სიტუაციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სიმშვიდეს, შენს ოჯახს და რეპუტაციას, დგება დრო, როდესაც უნდა გადადგა ნაბიჯი წინ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე განვიცადე აუტანელი სიტუაციები და ზეწოლა მუქარით, რომ თუ ფულს არ გადავიხდიდი, გავრცელდებოდა უსაფუძვლო ბრალდებები [ჩემი მხრიდან] არასათანადო მოპყრობის შესახებ, მაგრამ სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს: ფაქტები.
ყველა მათგანი [მუქარები] იდეალურად არის დოკუმენტირებული – აუდიოჩანაწერები, შეტყობინებები, ჩვენებები და ვიდეოები – და ხელმისაწვდომია სასამართლოებისთვის, რათა იურიდიულად გააგრძელონ არა მხოლოდ გამოძალვის მცდელობის, არამედ მტკიცებულებების გაყალბების და ქურდობის შემთხვევების გამოძიებაც კი, მიღებულ მუქარებთან ერთად.
ვცადე ჩუმად ვყოფილიყავი, რათა დამეცვა ჩემი შვილები, რომლებიც ჩემი ცხოვრების საყრდენები არიან, მაგრამ მივხვდი, რომ ჩუმად ყოფნა აღარ ნიშნავს დაცვას: ეს ტყუილს ზრდის საშუალებას აძლევს.
ბევრმა ადამიანმა გაიარა მსგავსი სიტუაციები და სამართალმა, ადრე თუ გვიან, ყოველთვის გაიმარჯვა. დღეს ჩემი ჯერია, წინ დავდგე და ვიყო მაგალითი იმისა, რომ არავინ უნდა დაემორჩილოს ზეწოლას, მანიპულაციას ან შიშს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს გამომიყენებია ძალადობა ვინმეს მიმართ და რომ ჩემი ღირებულებები ყოველთვის იყო პატივისცემა, დისციპლინა და პატიოსნება.
დღეს ჩემი ჯერია, წინ წავიდე და ვიყო მაგალითი იმისა, რომ არავინ არ უნდა დანებდეს ზეწოლას, მანიპულირებას ან შიშს.
ამ ნაბიჯს ვდგამ ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის და ყველა მათთვის, ვისაც სჭირდება ნახოს, რომ სიმართლე ქმედებებით არის დაცული. მე სრული რწმენა მაქვს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და ყველაფერს, რაც განმიცდია, მის ხელში ვაბარებ.
როგორც გესმით, ჩემი შვილებისა და სამართლებრივი პროცესის პატივისცემის გამო, დამატებით განცხადებებს აღარ გავაკეთებ. უბრალოდ გთხოვთ, რომ ამ რთულ დროს არ იყოს სპეკულაციები და პატივი ეცით ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას, ეს ისაა რასაც ყოველთვის აკეთებდით და რისთვისაც ღრმად მადლიერი ვარ.
ჩემს სიმართლეს არ სჭირდება ყვირილი; ის უბრალოდ უნდა მოისმინონ”, – ნათქვამია თოფურიას განცხადებაში.




