აფხაზეთში მიღებული „უძრავი ქონების კადასტრის შესახებ კანონი“ საზოგადოებაში კრიტიკას იწვევს. სპეციალისტების შეფასებით, კანონი ამოქმედდა აუცილებელი ქვემდებარე აქტებისა და ორგანიზაციული მზადყოფნის გარეშე, რის შედეგადაც უძრავი ქონების სფეროში ქაოსი შეიქმნა და მოქალაქეთა უფლებები დაირღვა- წერს “ნუჟნაია გაზეტა”.
აფხაზური მედიაგამოცემის, “ნუჟნაია გაზეტას” ავტორი ასევე მიუთითებს კანონის ერთ-ერთ მუხლზე, რომელიც ბუნდოვანი ფორმულირების გამო აპარტამენტების მასობრივი რეგისტრაციის ლეგალიზების რისკს შეიცავს.
საყურადღებოა, რომ ამ არეულობაში კანონის 42/2 მუხლში გაჩნდა ბუნდოვანი ფორმულირება, რომელიც ფაქტობრივად ლეგალიზებას უწევს მასობრივად მშენებარე აპარტამენტების რეგისტრაციას. მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ „შენობები და სათავსოები“ შეიძლება იყოს როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი (ტექნიკური), რაც კანონის ბუნდოვანი ფორმულირების გამო იძლევა მათი საერთო გამოყენებისთვის კანონიერად აღრიცხვის შესაძლებლობას.
კრიტიკოსების თქმით, ასეთი მასშტაბის კანონპროექტი უნდა შემუშავებულიყო ექსპერტების მონაწილეობით და ფართო საჯარო განხილვის შემდეგ, რაც არ განხორციელდა. პარლამენტმა [დე ფაქტო- რედ.] კანონის შეჩერება და სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა ხელისუფლებას, თუმცა ჯგუფის ფორმირებაზე უარი თქვეს და კანონის მოქმედება მხოლოდ ნაწილობრივ შეაჩერეს.
“გაურკვეველია ასევე კადასტრის შექმნის რეალური ღირებულება. ცნობილია, რომ საინვესტიციო პროგრამით გამოყოფილი 200 მილიონი მნიშვნელოვნად გადაჭარებულია და პროექტი ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაშინ როცა მიწის კადასტრი და უძრავი ქონების კადასტრი სხვადასხვა სისტემაა”.
კანონის ავტორის შეფასებით, არსებული მოდელი არასწორია და საჭიროებს ევოლუციურ რეფორმას – კერძოდ, საჭიროა ძლიერი რეგიონული დანაყოფების შექმნა, მოქალაქეებისთვის სერვისების ადგილზე ხელმისაწვდომობა და ხარჯების მოქალაქეებზე გადაბარების შეწყვეტა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ქონება უკვე აღრიცხულია ბიუროს ტექნიკური ინვენტარიზაციის სისტემაში.
კრიტიკოსები კანონის სრულფასოვან მორატორიუმს და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ.




