მედია: აი, ფუფუნება: რა ქონებას ფლობს ირაკლი ჩიხლაძე? (ვიდეო)

წყარო

სამი ბინა და ორი კერძო სახლი – ამ ყველაფრის მფლობელი “იმედის” ტელეწამყვანი და არხის დირექტორის მოადგილე – ირაკლი ჩიხლაძეა.

უძრავი ქონების უმრავლესობა ბოლო ექვს წელში მოაგროვა – ანუ, სამთავრობო არხზე მუშაობის დროს.

გადაცემებში მონოლოგისას “ქართულ ოცნებას” ქვეყნის გადამრჩენელს უწოდებს, ბიძინა ივანიშვილს – ღირსეულს. თვალის დახამხამების გარეშე ავრცელებს ისეთ სიცრუეს, როგორიცაა – “ქვეყანა ვითარდება და წინ მიიწევს”. მისგან ასეთ ფრაზებსაც მოისმენთ:

“მეორე ფრონტზე უარი, აფხაზი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი და ბოდიში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულს შეუძლია, ისევ და ისევ რადიკალებმა შერაცხეს ქვეყნის ღალატად და რუსულ თამაშად”;

“ჩვენ ვწყვეტთ, გვინდა მშვიდობა, თუ გვინდა ომი.. არჩევანი გაკეთებულია[…]“ჩვენ გადავრჩით და რომ არა 2012 წლის დღეები, არ ვიცით საქართველო დღეს როგორი იქნებოდა…”

როგორც ჩანს, სამაგალითო პროპაგანდისტობისთვის კარგადაც უხდიან. მისი ხელფასი, დაახლოებით, 20 000 ლარია. რაც საქართველოს პრემიერმინისტრის ხელფასსაც კი აღემატება. (შენიშვნა: ჩიხლაძის ანაზღაურების ოდენობა მისი არხის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლისგან შევიტყვეთ).

რაც შეეხება მის ქონებას, ირაკლი ჩიხლაძის საკუთრებაშია: 105 კვ.მ ფართობის კერძო სახლი სოფელ დიღომში, საკუთარი ეზოთი. რომელიც 2019 წელს 170 000 ლარად შეიძინა. იქამდე, სულ რაღაც 2 დღით ადრე კი 30 000 ლარად იყიდა (ოჯახის წევრისგან) ორსართულიანი სახლი ქუთაისში. ამის შემდეგ ჩიხლაძემ კიდევ ორი ბინა დაიმატა – ორივე დიღომში, ახალაშენებულ, პრესტიჟულ კორპუსებში. ისინი ახლახანს, 2023-2025 წლებში შეიძინა, ჯამში 447 000 ლარად.

მართალია, ეს ყველაფერი იპოთეკური სესხით დაფარა, მაგრამ აბა დაფიქრდით, თქვენ რატომ ვერ ახერხებთ იგივეს, თუნდაც ბანკის დახმარებით? აი, ირაკლი ჩიხლაძისთვის კი ასიათასობით ლარის სესხი და ვალი პრობლემა სულაც არ ჩანს – გაისტუმრებს, პროპაგანდისტობით ნაშოვნი ფულით.

ფაქტია, “იმედისგან” ჩარიცხული ხელფასის გარდა მას სხვა შემოსავალი არ აქვს. არც რაიმე კომპანიას ფლობს, ბიზნესს რომ მივაწეროთ მისი უეცარი გამდიდრება.

“ოცნების” ერთგული მსახურობით გამომუშავებულ ფულს ჩიხლაძე მოგზაურობაშიც ხარჯავს – გაგიკვირდებათ და… ევროპაში. აი, იმ ევროპაში, მის არხზე რომ ბნელს და გარყვნილს უწოდებენ. თვითონ კი ბელგიაშიც დადის და საბერძნეთის კუნძულებზეც.