ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილისა და ცოლის ძმის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
თავდაცვის ექს მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამავე საქმის ფარგლებში არიან დაკავებულები, მისი ცოლის ძმა და ყოფილი მოადგილეც.
წინასასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ დაუშვებლად ცნო შპს „ლუქსის“ ბუღალტრის, ნუნუ კაჭკაჭიშვილის გამოკითხვის ოქმი, რომლის საქმეზე დართვასაც ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი ითხოვდა.
თუ რატომ უნდა დართვოდა საქმეს ბუღალტრის გამოკითხვის ოქმი, მედიასთან განმარტებები გააკეთა ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ. მისი განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი წლების წინ, როცა ის საჯარო პირი არ იყო, ფლობდა შპს „ლუქსს“, სადაც კომპანიის ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა ნუნუ კაჭკაჭიშვილი. ადვოკატის თქმით, წლების განმავლობაში თანხების ბრუნვის შესახებ ნუნუ კაჭკაჭიშვილის გამოკითხვის ოქმი იძლევა პასუხს, რითაც დასტურდება, რომ თავდაცვის ექს- მინისტრს ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა შემოსავლები. შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, ამ გადარიცხვა-გადმორიცხვებით მტკიცდება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თაობაზე, რეალობას არ შეესაბამება.
„მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ის ნაწილი, რაზეც მოწმე, რომელიც ამ შპს-ს ბუღალტერი იყო, განმარტებას აკეთებს თითოეულ გადარიცხვა-გადმორიცხვასთან დაკავშირებით. ყველა ის დოკუმენტაცია, რაზეც მას (ნუნუ კაჭკაჭიშვილს) პასუხი უნდა გაეცა, საქმეში დევს და შესაბამისად, როდესაც 25 დეკემბრიდან საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, გამოვიკვლევთ ამ დოკუმენტაციას.
ეს დოკუმენტაცია დაადასტურებს იმას, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰქონდა შესაბამისი შემოსავლები და წარდგენილი ბრალდება არ შეესაბამება რეალობას. ეს არის ძველი დოკუმენტაცია, იმ პერიოდის, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე საერთოდ არ მუშაობდა საჯარო სამსახურში“, – განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.