ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში საერთაშორისო თანამშრომლობას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია – ირაკლი ბერაია
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე ლელა ჩიქოვანთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
„თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე იმ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე ვისაუბრეთ, რაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაში აქვს. თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე საუბრისას ჩვენ შევეხეთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს, ასევე სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუმინეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები. უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმის განხილვას თუ როგორ ხდება როგორც ეროვნული ძალისხმევის, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერის სინქრონიზაცია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.