საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
უნგრეთში სერიოზული პოლიტიკური რყევებია. რამდენიმე საათის წინ ბუდაპეშტში ორბანის ხელისუფლების სისტემური დანაშაულების წინააღმდეგ ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა, ოპოზიციონერი ლიდერის, პიტერ მადიარის ხელმძღვანელობით. მათ ქუჩები არასრულწლოვანების წამების ამსახველი კადრების გაჟონვის შემდეგ ჩირაღდნებით ხელში დაიკავეს. ირკვევა რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზედამხედველები არასრულწლოვნების წინააღმდეგ ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა. ეს იყო არა ერთი შემთხვევა, არამედ მთელი ჯაჭვი. არადა უნგრეთში ის მთავრობაა, რომელიც ამტკიცებს ახალგაზრდების მომავალსა და ოჯახის სიწმინდეზე ვზრუნავთო. უნგრეთში ოთხ თვეში საპარლამენტო არჩევნებია. ორბანს გამარჯვების შანსები მცირე აქვს, მისი ოპონენტის, პიტერ მადიარისაგან განსხვავებით. მადიარი ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფიგურაა: მისი ცოლი იყო იუდიტ ვარგა, ორბანის იუსტიციის მინისტრი. მადიარი მეუღლეს, ანუ იუსტიციის მინისტრს, სწორედ სისტემური დანაშაულებისა და მორალური წნეხის გამო დაშორდა. იუსტიციის მინისტრი იუდიტ ვარგა იყო ორბანის მთავრობის ვარსკვლავი. მან და ქვეყნის პრეზიდენტმა, ორბანის კიდევ ერთმა მოკავშირემ, კატალინ ნოვაკმა შეიწყალეს სექსუალურ ძალადობაში მხილებული პედოფილი დირექტორის მოადგილე, რომელმაც იცოდა დანაშაულები და მალავდა. პიტერ მადიარი მის ცოლს, იუსტიციის მინისტრს, მანამ დაშორდა, სანამ მისი მეუღლე ხელს მოაწერდა შეწყალების აღნიშნულ აქტს. მოგვიანებით გაირკვა რომ მადიარი ეწინააღმდეგებოდა ორბანის კლანის მხრიდან დანაშაულების ხელის დაფარებას და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მხრიდან მის პირად ცხოვრებაში ჩარევას. ყოველივე ამას – შეწყალებას, მადიარის განცხადებებს – სკანდალი მოჰყვა და იუსტიციის მინისტრიცა და პრეზიდენტიც 2024 წლის თებერვალში თანამდებობიდან გადადგნენ. მადიარი ამტკიცებდა, რომ დანაშაულში მისი ყოფილი ცოლი და ქვეყნის პრეზიდენტი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ, რეალური დამნაშავეები კი ორბანმა დაიფარა. ის, რომ საზოგადოების აღქმით მადიარმა ოჯახი შესწირა მორალურ ღირებულებებს, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მოუპოვა მას. ახლა მადიარი ოპოზიციის ლიდერი და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის პრემიერობის კანდიდატია.




