პოლარული ციალი, იგივე ავრორა, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა რომაა დედამიწაზე, ამაში უკვე საქართველოში გამოჩენილმა ნათებამაც დაგვარწმუნა. თუმცა ეს „სიამოვნება“ მხოლოდ ჩვენს პლანეტას არ აქვს, იგი მზის სისტემის თითქმის ყველა დიდ პლანეტაზე აღმოაჩინეს და იუპიტერის 4 მთვარეზეც კი. თუმცა ახლა მეცნიერებს ჩვენთვის ახალი ამბავი აქვთ — ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომებმა ფოტოსფეროში დაახლოებით 40 000 კილომეტრის სიმაღლეზე ხანგრძლივი რადიო ემისიის ის ტიპი აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ, თუმცა ძალიან ჰგავს პოლარულ ციალს…
„გამაოგნებელი აღმოჩენაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ვარსკვლავური მაგნიტური პროცესების შესახებ ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს. ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ მზის რადიო აფეთქებებს, რომლებიც წუთები ან საათები გრძელდება…“, — განმარტავს სიჯიე იუ, ასტრონომი.
მკვლევრების თქმით, ამის მიზეზი მზის ნაწილაკების მაგნიტური ველის აჩქარებაა, რომელიც იქ ბევრად ძლიერად ხდება, ვიდრე დედამიწაზე. ეს კი უკვე მზის ძლიერი მაგნიტური ველების გამო ხდება — „მზის ლაქების ეს გრილი და ინტენსიური მაგნიტური ველები ECM ემისიებისთვის შესაფერის გარემოს ქმნის“.
მზის სისტემის პლანეტები კი საკმაოდ შორს არის მზისგან იმისათვის, რომ მსგავსი ეფექტები მიიღონ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც საკმარისად ახლოს ვართ მზესთან იმისათვის, რომ სუსტი პოლარული ციალის ტიპის ემისიები დავინახოთ, რომელსაც შესაძლოა, სხვა შორეულ ვარსკვლავებში ვერ ვხედავდეთ…
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მზის ლაქებიდან არც თუ ისე შორს მომხდარი აქტივობები მასში ენერგეტიკული ელექტრონების შეყვანაზეა პასუხისმგებელი, რაც აძლიერებს იმას, რასაც მკვლევრები „მზის ლაქების რადიო ავრორას“ უწოდებენ. ეს კი ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც გვთავაზობს ახალ გზებს ვარსკვლავური მაგნიტური აქტივობების შესასწავლად… ამასთან, მეცნიერები საარქივო მონაცემების შესწავლას აპირებენ, რათა ნახონ მზის აქტივობაში მსგავსი შემთხვევა აქამდე ყოფილა თუ არა.
„ჩვენ ვიწყებთ ფაზლის აწყობას, თუ როგორ ურთიერთქმედებს ენერგეტიკული ნაწილაკები და მაგნიტური ველები სისტემაში ხანგრძლივი ვარსკვლავური ლაქების არსებობასთან ერთად არა მხოლოდ მზეზე, არამედ ვარსკვლავებზეც, რომლებიც საკმაოდ შორსაა ჩვენი მზის სისტემიდან“, — განმარტავს სურაჯიტ მონდალი, ფიზიკოსი.