ტარიფების გამო საქართველოს ტერიტორის გავლით სომხეთში აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტების ტრანზიტთან დაკავშირებული უთანხმოება კვლავ მოუგვარებელია. ბაქო მის მიერ კონტროლირებადი მედიების საშუალებით უკმაყოფილებას გამოთქვამს თბილისის პოზიციის გამო, რომელმაც აზერბაიჯანს „უზომოდ მაღალი“ თანხა დაუწესა, შემდეგ კი მხოლოდ ერთჯერადი უფასო გადაზიდვის შეთავაზებით შემოიფარგლა.
აზერბაიჯანელი ეკონომისტი ემინ გარიბლი (UNEC) Minval Politika-სთან განმარტავს, რომ საქართველოს მიდგომამ შესაძლოა რეგიონში მისი სატრანზიტო როლის გაქრობას შეუწყოს ხელი.
გარიბლის თქმით, საქართველოში გავრცელებული დამოკიდებულება, თითქოს ქვეყანას რეგიონში ლოგისტიკური მონოპოლია აქვს, რეალობას აღარ შეესაბამება:
“საქართველოს უკვე ჰყავს კონკურენტები, მათ შორის ირანი, რომელიც ცდილობს, ტრანზიტის ნაწილი საკუთარი ტერიტორიით წარიმართოს. თუ შუა კორიდორი (Middle Corridor) გაძლიერდება, საქართველოც მოიგებს. თუ ზანგეზურის კორიდორი გააქტიურდება – სომხეთიც. ამიტომ დაუფიქრებელი ნაბიჯები მომავალში საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს“ ,- აცხადებს ექსპერტი.
გარიბლი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა უკვე გადახედა ტრანზიტისთვის საქართველოს აღქმას ერთადერთ მარშრუტად და ტრანზიტული მარშრუტების დივერსიფიკაცია დაიწყო.
გარიბლის შეფასებით, თბილისის „არაეფექტურმა“ დამოკიდებულებამ მიმდინარე დავის მიმართ შესაძლოა შეამციროს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა:
„თუ ბიზნესსექტორი დაინახავს, რომ საქართველოს ტრანზიტული პოლიტიკა არასტაბილურია, ეს დარტყმა იქნება ქვეყნის რეპუტაციისთვის და შესაძლოა სხვა ქვეყნებს გაუხსნას გზა“, – ამბობს ის.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ საკითხი სახელმწიფოების დონეზე შეთანხმებით დასრულდება, რადგან გაურკვევლობა რეგიონულ ეკონომიკურ პროცესებს ზიანს აყენებს.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიამ საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში დაადანაშაულა და “კონფლიქტის დეტალები გაასაჯაროვა”. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, აზერბაიჯანი გაკვირვებულია და გაბრაზებულია ქართულ მხარეზე იმის გამო, რომ თბილისმა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტის არარეალურად მაღალი ფასი დააწესა. ვრცელ სტატიაში აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედია ქართული მხარეს მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარების ხელის შეშლაშიც ადანაშაულებს.




