იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა 46 სხვადასხვა აქციის შესახებ შსს-ში განცხადება დაარეგისტრირა. 46-ვე აქციის ორგანიზატორი თავადაა.
როგორც ის ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ამით სურს აჩვენოს, რომ უწყებას გაუჭირდება იმ კანონის აღსრულება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2-დღეში მიიღო.
საუბარია კანონის შესახებ, რომლის მიხედვითაც ტროტუარზე შეკრებისთვისაც კი შსს წინასწარ, 5 დღით ადრე უნდა გააფრთხილო. გაფრთხილებიდან 3 დღის შუალედში უწყებას შეუძლია ორგანიზატორს უარი უთხრას აქციის მითითებულ დროს, ან ადგილას გამართვაზე და შესთავაზოს ალტერნატივა. შსს-ს გაფრთხილება აუცილებელია აქციის სპონტანურად დაგეგმვის შემთხვევაშიც, მაგრამ 5-დღიანი ვადის დაცვა სავალდებულო არაა.
როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, დღეს, 12 დეკემბერს დაარეგისტრირა განცხადებები, რომლებიც ეხება 5 დღის შემდეგ, 17 დეკემბერს გასამართი აქციების შესახებ უწყების ინფორმირებას. განცხადებების მიხედვით, 17 დეკემბერს თბილისში აქციები ჩატარდება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას.
როგორ ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას თქვა, მის მიერ რეგისტრირებულია, მათ შორის, 3 და 4-წუთიანი აქციები [განცხადებაში აქციის სავარაუდო დროის მითითება სავალდებულოა], ხოლო მისამართები მითითებულია გრძედისა და განედის ფორმატში.
განცხადებაში სავალდებულოა აქციის მიზნის მითითებაც. ზაქარეიშვილის თქმით, მის მიერ დღეს დარეგისტრირებული აქციების ნაწილის მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სხვა შემთხვევებში – სამართლიანი სასამართლო, 2024 წელს აქციაზე გამოყენებული ნივთიერების საქმის ობიექტურად გამოძიება, ევროპულ საგარეო კურსზე დაბრუნება და ა.შ.
“ჩემი მიზანია მიხვდნენ, რომ ამ კანონის აღსრულება შეუძლებელია. ახლაც, 2 საათი მხოლოდ ამ გაფრთხილებებს არეგისტრირებდნენ. ოპერატორმა თქვა, რომ მე ამდენ განცხადებას ვერ ჩავიბარებო და უფროსთან გამიშვა. ამდენი ხანი უფროსს ვეჯექი კაბინეტში. არ აქვთ მაგის რესურსი, რომ ამდენს მოერიონ. ჩემს გარდა კიდევ ათეულობით ადამიანი ჰყავდათ რიგში”, – უთხრა ნეტგაზეთს ზაქარეიშვილმა.
ის აპირებს, რომ ყოველდღე დაარეგისტრიროს შსს-ში გაფრთხილებები.
“ჩვენი მიზანია, ხელისუფლება მიხვდეს, რომ ნებისმიერი რეპრესიული კანონი მას გაცილებით მეტად დააზიანებს, ვიდრე ჩვენ”, – დაწერა ზაქარეიშვილმა სოციალურ ქსელში 9 დეკემბერს. მეორე დღეს, 10-ში “ქართული ოცნების” პარლამენტმა კანონი დაამტკიცა, მესამე დღეს – 11 დეკემბერს კი “ქართული ოცნების” დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მას ხელი მოაწერა.
დღეს, უწყვეტი პროტესტის 380-ე დღეს იქნება პირველი საღამო, როცა შსს-ს პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ამ კანონის ამოქმედება შეეძლება. თუმცა, როგორც მიხეილ ზაქარეიშვილმა თქვა, მას უწყება დღევანდელი აქციის შესახებაც ჰყავს ოფიციალურად გაფრთხილებული.
ამავე თემაზე:
· „ოცნებამ“ დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს




