ფსიქოლოგთა პროფკავშირი ეწინააღმდეგება ერთიანი რეესტრის შექმნის გადაწყვეტილებას

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი ეხმაურება და ეწინააღმდეგება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას შეეხება.
პროფკავშირის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია.
“ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა იყოს ადამიანების კონტროლის, დისკრიმინაციისა ან მანიპულაციის იარაღი!
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ეკუთვნის იმ განსაკუთრებით მგრძნობიარე მონაცემთა კატეგორიას, რომლის შეგროვება, შენახვა ან გავრცელება ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევის საფრთხეს ქმნის და ზრდის მისი დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის რისკს.
ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები, რომელშიც ეს ინფორმაცია მოიყრის თავს, უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია. ასეთი სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქალაქეების კონტროლისთვის, დისკრიმინაციისთვის, დასაქმების, განათლებისა და სხვა უფლებების შეზღუდვისთვის.
მონაცემთა ბაზაში მოხვედრის თანმდევი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ადამიანმა შეიძლება უარი თქვას დახმარების ძიებაზე, რაც გაამწვავებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას.
მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველას, ვინც ადამიანის უფლებებს, თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს კონფიდენციალურობის, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტებს”, – ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 25 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე იმსჯელა და კენჭი უყარა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც მოიცავს კიდევ 14 სხვა კანონში ცვლილებას. მათ შორისაა საქართველოს კანონი “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ”. ცვლილების თანახმად, რომელიც 2025 წლის 9 დეკემბერს მესამე მოსმენით უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა, უნდა შეიქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა. ბაზის შექმნას 2026 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ამ ცვლილებების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა და ცვლილების მიზნად საზოგადოების უსაფრთხოებას ასახელებენ. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ “ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა. მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – დებატებისადმი მზაობა დაანონსდა და რა წინაპირობა ვნახეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარდა იმისა, რომ სასამართლოს დარბაზებში გაგრძელდა უგვანობა? – განცხადება იყო თვალთმაქცური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე, გარეთ

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი – საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს