მახსოვს ყველა „ქოცის“, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, „გაპრავება“, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში,- ამის შესახებ პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რითაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.
როგორც ხოშტარია განმარტავს, სტრასბურგის გადაწყვეტილება, „გარდა 20 ივნისისა, არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის – სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე“.
„სამართალს ვერ გაექცევი, ამის ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა. მახსოვს ყველა „ქოცის“, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, „გაპრავება“, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში.
20 ივნისის საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულების გაუტეხელობის დიდი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნის საია-ს და ყველა იურისტს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა.
გარდა 20 ივნისისა, ეს გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის – სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე. ეს არის ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ, მათ შორის, ქიმიური იარაღის საქმეში. ბოლომდე!“,- წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს, 85,000 ევრო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.
ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს. სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.




