“დედას ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა…” – დათუნა სულიკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე: დაკავება ნარკოდანაშაულზე, ამბავი დედაზე და გზა მოდის “ოლიმპომდე“ – Marao
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ოფიციალური უწყება ადასტურებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დიზაინერის მეგობრის ინფორმაციით, დათუნა სულიკაშვილი 10 დეკემბერს ქუჩაში გადაადგილების დროს დააკავეს.
დათუნა სულიკაშვილი 2010-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი იყო – თბილისის ბომონდურ წრეში ძალიან კარგად იცნობენ და ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქალები მისი მის სამოსს სიამაყით ატარებდნენ.
„მე მგონია, ამის სურვილით დავიბადე. ბავშვობიდან მიტაცებდა ეს სფერო, თუმცა იყო პერიოდი, როცა ძალიან მინდოდა მსახიობობაც. ერთხანს ვმღეროდი კიდეც, მერე აღარ გავყევი სიმღერას, ვიგრძენი, რომ ყველაზე უფრო ახლოს მაინც ეს იყო ჩემთან. უამრავ ტანსაცმელს ვანადგურებდი. ერთ მკლავს ვაძრობდი და მეორეს ვაკერებდი, გადაკეთებები მიყვარდა. ძირითადად, ფარდებს და ბებიაჩემის ტანსაცმელებს ვჭრიდი. რატომღაც მშობლებს დიდად არ უნდოდათ, ამ განხრით ჩამებარებინა, თუმცა არჩევანი მაინც ჩემზე იყო და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. მახსოვს, ჩუმად დავიწყე ხატვაზე სიარული. თვის ბოლოს სწავლის თანხა გადასახდელი მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა. ავდექი და მშობლებს გამოვუცხადე – ხატვის ფული მაქვს გადასახდელი-მეთქი… რა უნდა ექნათ, მიხდიდნენ. მერე ჩავაბარე თოიძეში, ორწლიან მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ აკადემიაში”, – ასე იხსენებდა დიზაინერი პირველ ნაბიჯებს.
დათუნა სულიკაშვილი წლებთან ერთად კიდევ უფრო პოპულარული ხდებოდა – იზრდებოდა მისი წარმატებაც. ცნობილი ქართველი ქალები მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, დაბადების დღეებზე, ახალი წლის წვეულებებსა თუ უბრალოდ კორპორაციულ საღამოებზე სულ უფრო ხშირად ირგებდნენ მის სამოსს. ამ რიგებში იყვნენ სალომე ღვინიაშვილი, ნინი ბადურაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ლიკა ევგენიძე, კრისტი ყიფშიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი…
დათუნა სულიკაშვილი განსაკუთრებით საყვარელი დიზაინერი იყო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლისთვის, მაკა ჩიჩუასთვისაც.
„ახლო ურთიერთობა მე და მაკას არ გვქონია, თუმცა შორიდან ვიცნობდი. ინაუგურაციის დროს დავმეგობრდით. დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა, ჩემთან კაბა შეეკერა. ზოგადად, ინაუგურაციაზე კაბას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ყველა დეტალს თავისი დატვირთვა უნდა ჰქონდეს. კაბის ფერებს დიდი ყურადღება ექცევა. თუ გახსოვთ, ბარაკ ობამას მეუღლეს ყვითელი კაბა ეცვა და ამის გამო ძალიან გააკრიტიკეს. ამ დროს იმ კაბას თავისი დატვირთვა ჰქონდა. მზის სხივის ფერი იყო. მზე, როგორც მოგეხსენებათ, იმედის სიმბოლოა. მაკას ინაუგურაციაზე ზღვისფერი კაბა და შავი პიჯაკი ეცვა. ზღვა ყველაზე ძლიერი ძალაა, უსაზღვრო სივრცის სიმბოლოა. შავი კი – ელეგანტურობის სიმბოლო. მიხარია, რომ ამ კაბის გამო კრიტიკა არ დამიმსახურებია და ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე”, – ამბობდა დათუნა.
პირველმა ლედიმ 2018 წელსაც სწორედ დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი შავი კაბა ჩაიცვა პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. მას შემდეგ კი დათუნას სამოსში არაერთხელ ვიხილეთ.
„მე ვფიქრობ, მზად ვარ იმისთვის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდე. საქართველოში არ არის სივრცე. ამ სფეროსთვის კი, სივრცე აუცილებელია, თორემ რაღაც ეტაპამდე ადიხარ, ადიხარ და მერე იყინები”, – ამბობდა 2024 წლის ინტერვიუში დათუნა სულიკაშვილი, მან მართლაც შეძლო ამ სურვილის ასრულება და მსოფლიო მასშტაბებზე გასვლა – ამ გაცხადებიდან 4 წლის თავზე, 2028 წელს ამერიკელმა მომღერალმა, ექსტრავაგანტური სტილის მოყვარულმა ლედი გაგამ თავისი ერთ-ერთი სამოსისთვის ქართველი დიზაინერის დათუნა სულიკაშვილის შავი ბოტფორტი შეარჩია. მაშინ ამ ამბავმა დათუნას გულშემატკივრები აღაფრთოვანა, საქართველოში კი ამ წარმატების შესახებ ბევრს წერდნენ და საუბრობდნენ.
დათუნა სულიკაშვილმა პირველად საჯაროდ ნარკოდამოკიდებულების შესახებ 2021 წელს გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა. მან აღიარა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ეს შეცდომა არასდროს დაეშვათ. გადაცემაში მან გაიხსენა ის პერიოდი, როცა პირველად გაუჩნდა ინტერესი აკრძალული ნივთიერებებისადმი და ეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით ახსნა.
დათუნა სულიკაშვილმა გადაცემაში ოჯახის წევრების, მის შემთხვევაში კი დედის როლზეც ისაუბრა. თქვა, რომ მისი დამოკიდებულების შესახებ დედამ მეგობრისგან გაიგო და ეს ფაქტი მისთვის შოკისმომგვრელი იყო:
„ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა. არასდროს არ გააკეთოთ ეს. თითქმის ყველაფერში ხელს გიშლის – პირადულში, სამსახურში, მეგობრებთან დამოკიდებულებაში“, – აღნიშნა დიზაინერმა.
მოგვიანებით, დათუნა სულიკაშვილმა საკუთარ გამოცდილებაზე კიდევ ერთხელ თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში ისაუბრა:
„მე ძალიან ავყევი ნარკო-, თუ კლუბურ ცხოვრებას. ძალიან უყვარხარ ყველას, თუმცა ერთხელ არ მიხვალ სამსახურში, ორჯერ და ამ დროს ძალიან ბევრი პრობლემები ჩნდება, მაგრამ ამას ვერ ხვდები. ამაში თქვენ, მედიის წარმომადგენლებსაც გადანაშაულებთ, რადგან მახსოვს პატარა ვიყავი და ტელევიზორში პირველად მოვისმინე, როგორ გამოუშვეს კოკაინის მომხმარებელი ადამიანი 8 საათში და ეს მომწონდა. ჟურნალისტები ამ “იკონა” ადამიანებს რომანტიზებას უკეთებენ. “პრინცი”, ჯორჯ მაიკლი და მათ შენი ცხოვრების ნაწილად ქმნიან. შენც შემდეგ მიმბაძველი ხდები. ნებისმიერ რამეზე ძალიან დამოკიდებული ადამიანი ვარ. ყველაფერი მაქსიმალურად ბევრი მიყვარს და ეს ცუდი თვისებაა. ნარკოდამოკიდებული ვიყავი და ამას ჩემმა მეგობარმა მიმახვედრა. ის ყველაფერი, რაც ადრე მომწონდა აღარ მელამაზებოდა. ის ნახატი, რომლის ყიდვაც მსიამოვნებდა, ჩემთვის უშნო გახდა. ადამიანებს გავურბოდი და მაშინ მივხვდი, რომ ეს ჯოჯოხეთი იყო. 26 წლის ასაკში გავსინჯე პირველად და ალბათ სამი წლის მანძილზე მოვიხმარდი. ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავი დავკარგე და ეს ძალიან რთულია. მთელი ცხოვრება ცდილობ შექმნა შენი თავი და შემდეგ ამ ყველაფერს თავიდან იწყებ. ნარკოტიკის გასინჯვა არასდროს არავისთვის შემითავაზებია. ვფიქრობ, რომ ასეა სწორი”, – საუბრობს დათუნა სულიკაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ დათუნა სულიკაშვილი სულ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცნობილი სახე იყო თბილისში, ის პირად საკითხებზე მედიასთან არასდროს საუბრობდა:
„არ მიყვარს, როდესაც ჩემს პირად ცხოვრებაზე ყველამ ყველაფერი იცის. გოგო, რომელიც შემიყვარდება ამ სფეროში არ უნდა მუშაობდეს. მხოლოდ ერთხელ მიყვარდა გოგონა, რომელიც მოდის სფეროში მუშაობდა. ჟურნალისტები მას არ იცნობთ, რადგან არ ცხოვრობს საქართველოში და არაა ქართველი. მთავარი მიზეზი, რატომაც ჩემ გვერდით აღარ არის, ალბათ, დისტანცია იყო. არ ვარ ეჭვიანი და რთული ადამიანი. რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი არ უნდა მქონდეს”, – ამბობდა დათუნა.




