შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.




