მოსკოვში, სომხეთის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რუსეთის მთავრობის სახლში ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის ჩასული სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან მოითხოვეს, გაათავისუფლოს დევნის ქვეშ მყოფი სასულიერო პირები.
„ხელები შორს სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიისგან”; “ჩვენ ეჩმიაძინთან ვართ“; „თავისუფლება ჩვენს სასულიერო პირებს“ – ასეთი წარწერიანი ბანერებით დახვდნენ ფაშინიანს.
როგორც „База“ წერს, შენობასთან დაახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, სასულიერო პირები, აქტივისტები და უკრაინის ომში მონაწილე სამხედროები. აქციის მონაწილეების თქმით, სასულიერო პირებისა და ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის დაკავებაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებები არაკონსტიტუციურია.
აღნიშნულ თემაზე რუსეთში აქამდეც ჩატარდა აქცია – 16 ნოემბერს მოსკოვში, სომხეთის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს სასულიერო პირებისა და ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის გათავისუფლება, ასევე გამოხატეს პროტესტი ეკლესიის მიმართ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის წინააღმდეგ.
როგორც რუსული მედია წერს, დამსწრეებმა მოამზადეს პეტიცია, რომელშიც პრემიერის მოქმედებებს მიუთითებენ როგორც მიუღებელს. ისინი გეგმავდნენ პეტიციის სომხეთის ელჩისთვის გადაცემას, თუმცა ელჩი შეკრებილებს არ შეხვდა, მიუხედავად შეძახილებისა: „გამოდი!“.
ფაშინიანსა და სომხეთის საეკლესიო იერარქიას შორის ურთიერთობები დაიძაბა 2020 წლის შემდეგ, როდესაც ეჩმიაძინში პრემიერის გადადგომა მოითხოვეს და გააკრიტიკეს მისი პოლიტიკა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მიმართ. ბოლო თვეებში ფაშინიანი ღიად ატარებს გარეგინ II-ის გადაყენების კამპანიას სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელის პოსტიდან, რომელიც, საეკლესიო წესდების თანახმად, უვადოა.




