დრონებით შეტევის გამო ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად პეტერბურგში დაეშვა

ღამით პრემიერ-მინისტრ ს სამთავრობო თვითმფრინავი ვერ დაეშვა მოსკოვში საჰაერო სივრცის დროებითი დახურვის გამო.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა დაწერა.
“თვითმფრინავმა გადაიფრინა სანქტ-პეტერბურგში და უსაფრთხოდ დაეშვა „პულკოვოს“ აეროპორტში.„დილით პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააგრძელა მოგზაურობა და გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაში, ასევე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას“, – წერს ბაღდასარიანი.
მოსკოვის რეგიონი 10 დეკემბერს, ღამით უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების მასობრივი შეტევის სამიზნე გახდა. რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის გამო შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის „შერემეტიევოს“, „ვნუკოვოს“, „დომოდედოვოს“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში.