ზურაბ სიხარულიძე – თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ

თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ, – ასე ეხმაურება ნარკოლოგი, პარტია „ფედერალისტების” წევრი ზურაბ სიხარულიძე 9 დეკემბერს, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს.
მისი თქმით, აღნიშნული „ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს”.
„აბა, მივიღეთ ახალი „სუპერ ინოვაციური“ კანონიც — ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების რეესტრის და საერთო ბაზის შექმნა. ბრწყინვალე იდეაა, ნამდვილად: ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს, თან ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ისე უხეშად დაარღვევს, რომ სანახაობა გამოდის.
გამოიცანით აბა: რომელ „ცივილიზებულ“ ქვეყანას აქვს ასეთი კანონი? არა, მართლა, ნუ გაგიკვირდებათ, გვაქვს კიდევ ერთი გზა, რომ ადამიანები საერთოდ დააფრთხონ ექიმებისგან. თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ”, – წერს ზურაბ სიხარულიძე.
შეგახსენებთ, 9 დეკემბერს, პარლამენტმა, მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლის ძირითადი სიახლე არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ასეთი ბაზის შექმნის ინიციატივით პარლამენტს ჯერ კიდევ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა.