რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში მდებარე სამხედრო ნაწილში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე სამხედრო ნაწილში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა, შემდეგ კი რეგიონის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმაც დაადასტურა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მასშტაბური ხანძარი. ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად ამ დრომდე არ დასახელებულა.
როგორც ტელეგრამ-არხი BAZA წერს, ადგილობრივებმა გაიგეს აფეთქებების ხმები. ბოჩაროვის თქმით, ხანძარი ჩამქრალია. ცეცხლი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე გაჩნდა. თავდაცვის სამინისტროს ობიექტი კოტლუბანის დასახლებიდან 2 კილომეტრში მდებარეობს.
BAZA წერს, რომ ხანძრის გაჩენამდე ადგილობრივების თქმით, მათ გაიგეს უპილოტო საფრენი აპარატის ხმა, შემდეგ კი აფეთქება. ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ევაკუირებულია 600-მდე ადამიანი.