საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ორგანიზაციასაც თავს ესხმის.
მისი თქმით, ხიდაშელის ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა “ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს”.
“ქალბატონი თინა ტაივანის მხრიდან ფინანსდება. არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ სწორედ ამ დაკვეთებიდან გამომდინარე, ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობების გაღვივებას. მოგიწოდებთ, ჰკითხოთ საჯაროდ, ის ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა და რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, საიდანაც ის ფულს იღებს”, – თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის ბრალდებას თინა ხიდაშელი პასუხობს და ამბობს, რომ თუ დაფინანსებასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას კითხვები აქვს, სუს-ს შეუძლია ორგანიზაციაში მივიდეს.
“ეს ჩემთვის გასაგებია, უფროსისგან დავალება მიიღეს კონკრეტულად ჩვენთან დაკავშირებით. შეუძლია სუს-ი მოვიდეს, დაინტერესდეს, თუ დამატებითი კითხვები აქვთ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ამის პრობლემა არ არის”, – აღნიშნა მან.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს ესხმის თავს და მათ “საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში” ადანაშაულებს.