“ფედერალისტების” წევრი, ვასილ მათითაიშვილი:
იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რეალურად რა იცვლება უმაღლეს განათლებაში, გავიხსენოთ რა ხდებოდა აქამდე.
აქამდე ნებისმიერ აბიტურიენტს, იმის მიუხედავად, კერძო უნივერსიტეტში აბარებდა თუ სახელმწიფოში, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო აძლევდა გრანტს.
გრანტი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასურიდან ითვლებოდა – ანუ სახელმწიფო გასცემდა 2 250 ლარის 50%-იან, 70%-იან და 100% იან გრანტებს.
აბიტურიენტს შეეძლო სიაში ჩაწერილი ნებისმიერი უნივერსიტეტი და პროგრამა ამოერჩია და სახელმწიფო დაფინანსება მას იქ გაჰყვებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ წამყვან კერძო უნივერსიტეტებში სწავლა საშუალოდ ამაზე ძვირი ღირს, აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა 100%-იანი გრანტით კერძო უნივერსიტეტში სწავლის ხარჯის ნაწილი დაეფარა, ხოლო შიდა საგრანტო და სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, საერთოდ უფასოდ ესწავლა.
იმის გამო, რომ არაერთ კერძო უნივერსიტეტში უფრო კარგი სწავლებაა, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტებში, საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კერძო უნივერსიტეტებში აბარებს.
მაგალითად, 2025 წელს ყველაზე მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტებმა ჩააბარეს: თავისუფალ უნივერსიტეტში, ტვილდიანში, შოთაძეში და აგრარულ უნივერსიტეტში: ოთხივე უნივერსიტეტი კერძოა.
მეტიც, წელს საუკეთესო შედეგის მქონე 45 აბიტურიენტიდან, 44-მა თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა, საუკეთესო შედეგის მქონე 150 სტუდენტიდან კი – 112-მა.
რეჟიმის გადაწყვეტილებით, ამიერიდან არცერთ ამ აბიტურიენტს სახელმწიფო გრანტს აღარ გადასცემს – მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი განათლების მისაღებად ისინი კერძო უნივერსიტეტში აბარებენ.
ანუ საუკეთესო მოსწავლეებს სახელმწიფო საერთოდ დაფინანსების გარეშე ტოვებს.
მოდით, დამატებით რიცხვები მოვიხმოთ.
2025 წლის ოფიციალური მონაცემებით, ეროვნული გამოცდები ჩააბარა 30 000-მა აბიტურიენტმა.
ამათგან მხოლოდ 6 500-მა, ანუ 22%-მა მიიღო ისეთი შედეგი, რომ მინიმალური სახელმწიფო გრანტი მაინც მოეპოვებინა.
ახლა ვნახოთ როგორ ნაწილდებიან ეს სტუდენტები კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
2025 წელს ნახსენები 30 000 აბიტურიენტიდან მხოლოდ 9%-მა ჩააბარა კერძო უნივერსიტეტში, დანარჩენმა 91%-მა კი სახელმწიფოში.
ეს 9%, რომელმაც კერძო უნივერსიტეტში ჩააბარა, შეადგენს სახელმწიფო გრანტების მიმღები სტუდენტების 40%-ს.
გამოდის, რომ რეჟიმი სჯის ყველაზე ჭვკიან, მონდომებულ და ხელმოკლე სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც გრანტის გაუქმების შემდეგ, იძულებული იქნება ივანიშვილის მიერ სრულად დაქვემდებარებულ და დაჩლუნგებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს დასჯერდეს.
ანუ განათლება მიიღოს კოლექტიური როინ მეტრეველის, ჯაბა სამუშიას და დავით გურგენიძის აკადემიაში.
იცით ვინ არის ეს უკანასკნელი?
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც სამჯერ არის ნასამართლევი, ერთხელ თაღლითობაზე, მეორედ ადამიანის გატაცებაზე და მესამედ იარაღის უკანანო ტარებაზე.
მავანი იტყვის, მერე რა, რომ რეჟიმი სახელმწიფო უნივერსიტეტებს უმეცრების ტაძრებად ქცევას უპირებს, სამაგიეროდ, უფასო მაინც იქნება სწავლაო.
მოდი აქაც უფრო ღრმად ჩავიხედოთ რა ხდება.
საქართველოში 19 სახელმწიფო და 44 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს.
რეჟიმის ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სტუდენტს სწავლას 63 უნივერსიტეტის ნაცვლად, მხოლოდ 19-ში დაუფინანსებს – ეს 19-იც ერთმანეთს შეირწყმება და საერთო ადმინისტრირებას დაექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ პროგრამებზე მისაღები ადგილები გარდაუვლად შემცირდება.
ამას გარდა, არ დაგავიწყდეთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებისას 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ისედაც სრულად ფარავდა სტუდენტის სწავლის ხარჯს.
შესაბამისად ფარავდა 50%-იანი და 70%-იანი გრანტის შემთხვევაშიც.
ესეც რომ არა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უამრავი პროგრამა აქამდეც უფასოდ ისწავლებოდა.
მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 უფასო პროგრამაა, გეპეიში კი 34.
ახლა, ბაკალავრიატი 4 წლის ნაცვლად 3 წლიანი გახდება და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა პროგრამაზე სწავლა უფასო იქნება, რეჟიმი უმაღლეს განათლებაზე, სინამდვილეში, ფულს დაზოგავს.
საუკეთესო შედეგების მქონე ნიჭიერი, მონდომებული, მშრომელი სტუდენტები კი საერთოდ გრანტის გარეშე დარჩებიან.
მათ სწავლა დაუფინანსდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ უნივერსიტეტებში ჩააბარებენ, რომელსაც ივანიშვილი თავისი ინდოქტრინაციის ფილიალებად გადაქცევას უპირებს.
გაჭირვებული, ნიჭიერი სტუდენტების უმრავლესობას, სხვა გზა, სავარაუდოდ, არც დარჩებათ.
ასე რომ დავუბრუნდეთ პროპაგანდის პირვანდელ მტკიცებას, რომელიც გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლება უფასო იქნება.
უფასო იქნება მორჩილება, ხოლო განათლების სურვილი, ნიჭი და მონდომება დაისჯება.
სინამდვილეში, ქართული ოცნება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს ისტორიაში, რომელიც ახალგაზრდებს პარავს ფულს, არჩევანს და საბოლოოდ განათლებას.




