სამთავრობო მედიებისთვის ხელშეშლაში ბრალდებული 7 პირიდან 3 ბრალს აღიარებს

4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეში, რომელშიც შვიდი ბრალდებულია და რომელთაც სამთავრობო მედიების გადამღები ჯგუფებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ასამართლებენ, 3 მათგანი ბრალს აღიარებს, 4 კი კატეგორიულად არ ცნობს თავს დამნაშავედ.
წინასასამართლო სხდომა დღეს, 10 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც მოსამართლე ლევან გელოვანი უძღვებოდა.
გიორგი დუშენკო, მარია ოთინაშვილი, თამარ კირტავა, ირაკლი წულაია, თამუნა კირტავა, ვახტანგ გაბელაია, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია და ალექსანდრე ცნობილაძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. ირაკლი წულაია 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დანარჩენებს 3000 ლარის გადახდა აქვთ დაკისრებული.
ირაკლი წულაიას მიმართ წარდგენილი ბრალი განსხვავებულია დანარჩენებისგან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე, ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლის მიმდებარედ, ბრალდებულებმა სპრეის შესხმით, ფიზიკური ხელშეშლით, ძალადობის მუქარით, ხელი შეუშალეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“, „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.
უფრო კონკრეტულად: ექვს მათგანს ედავებიან ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას (მის იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას), მეშვიდეს, ირაკლი წულაიას, ედავებიან ასევე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ოღონდ ძალადობის მუქარით, რისთვისაც სასჯელის ზომად, ნახსენებ სხვა ზომებთან ერთად, გათვალისწინებულია 2 წლამდე პატიმრობაც.
ის სამი ბრალდებული, რომელიც წარდგენილ ბრალს ეთანხმება და აღიარებს, არიან: გიორგი დუშენკო, ვახტანგ გაბელაია და ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია. ეს ორი უკანასკნელი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი არიან.
სხდომაზე მარია ოთინაშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მარიას საქმე ცალკე იქნას გამოყოფილი. ადვოკატმა თავისი მოთხოვნა დაასაბუთა. არგუმენტით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მარია ოთინაშვილის სამართლებრივი ინტერესი ეწინააღმდეგება იმ ბრალდებულების ინტერესს, რომლებიც ბრალს აღიარებენ. მარია ოთინაშვილი სინდისის პატიმარ ნიკოლოზ ჯავახიშვილის მეუღლეა.
მარია ოთინაშვილის პოზიციაა, რომ ის პირები, ვისთვისაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ედავებიან, არა ჟურნალისტები, არამედ „სუსის ოპერატიული თანამშრომლები არიან, რომლებიც უბრალოდ იღებენ და ვერ ჩაითვლებიან ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებელ პირებად.“
ავსაჯანიშვილი ასევე ითხოვდა მარიას სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. თუმცა მოსამართლე გელოვანმა არცერთი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გიორგი დუშენკოს ადვოკატმა დააზუსტა, იმის მიუხედავად, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს, სამთავრობო მედიების წარმომადგენლებს არც ის თვლის ჟურნალისტებად და მათ პროპაგანდისტებად მიიჩნევს.
ბრალდებულების ნაწილს გირაოს თანხა არ გადაუხდია, არც სრულად და არც ნაწილობრივ. თუმცა პროკურატურას არ დაუყენებია შუამდგომლობა, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ზომების მიღების თაობაზე.