რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან სანგრებს თხრიან

რისთვის ემზადებიან ოკუპანტები? – საოკუპაციო ძალა სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. არარსებული საზღვრის თითქმის მთელ პერიმეტრზე, რუსები პერიოდულად სანგრებს თხრიან.

მსგავსი უკანონო აქტივობები რამდენჯერმე დაფიქსირდა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის სიახლოვეს. ოკუპირებულ ორჭოსანთან, რუსული სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სამოქალაქო აქტივისტებმა ახალი თხრილები აღმოაჩინეს.
“მთავარი არხი” ესაუბრა გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის გააქტიურება მათ დაშინებას ემსახურება.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის (“ძალა ერთობაშია”) დამფუძნებელი, დავით ქაცარავა კი არ გამორიცხავს, რომ სანგრების გათხრა ოკუპანტების სამომავლო გეგმებსა და სამხედრო აგრესიას უკავშირდებოდეს. სწორედ მისი გადაღებულია კადრები, რომლებიც უკანონო ბორდერიზაციას ასახავს.
“ეს თხრილი და ეს სასანგრე სისტემის გაგრძელებაც წარმოადგენს, აი, იმ მთლიანი მოსამზადებელი ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს, რომელსაც ჩვენ უკვე თვალყურს ვადევნებთ 2023 წლის მარტიდან. ეს არ არის რაღაც ერთეული შემთხვევა. ეს არის სისტემური მოქმედება საოკუპაციო რეჟიმის, რომელიც აღნიშნავს, აი, იმას, რომ ემზადება რაღაცისთვის. რუსეთის მხრიდან ეს არის მორიგი აგრესიული მესიჯი, რომლითაც ის კიდევ ერთხელ გვაშინებს და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ის ემზადებოდეს კიდევაც გარკვეული აგრესიული ქმედებებისთვის,” – ამბობს ქაცარავა.
ოკუპირებულ ორჭოსანთან დაკავშირებით “მთავარი” დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი ამბობენ, რომ სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში განხორციელდა. უწყების თქმით, მომხდარზე გააქტიურებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და საქმის კურსში არიან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები.