“კანონიერი ქურდისთვის” ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული ნინო ცეცხლაძე მოსამართლეს 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვს.
როგორც დაკავებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, საერთოდ, არ იცოდა, დახმარებისთვის ვის მიმართა.
“მე ვიცი, რაც დამემართა. პენსიონერი ვარ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. არც ვიცი ვინ იყო (მერაბ ცეცხლაძე, ბრალდებული), ჩემი მოგვარეა, ბევრმა მიქო, მე მართლაც მაქვს ასაღები ფული, ის ფული მისატანია, სადაც საჭიროა. მასესხე ფულიო მითხრა და ვასესხე, საქმეც კი არ დაგვიწყია. მე მასთან ვალში არ ვარ არაფერში. ყველაზე მეტად მინდა სიმართლე. გამომძიებლებთან ყველაფერი ვთქვი, ვთანამშრომლობ, მე არავის ვიცნობ. გთხოვთ, 5 000 ლარის ოდენობით გირაო შემიფარდოთ, მთავარია, ჩემი და იყოს კარგად, ძალიან ცუდადაა, წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავს”,- განაცხადა ცეცხლაძემ.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო 15 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, საიდანაც ერთი ქალია.
გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.
„6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს – 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.