„არ ვემსახურებით რუს ტურისტებს და არც მოვემსახურებით, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვთ ოკუპირებული“, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათი მიდგომა ქვეყნის დეოკუპაციამდე არ შეიცვლება.
„რუსეთთან პირდაპირმა ავიამიმოსვლამ გაზარდა რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. შედეგად, რუსებმა აქ გახსნეს ტურისტული კომპანიები, ღვინის კომპანიები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები – რუსულნომრიანი მანქანებით ემსახურებიან ტურისტებს. კონკურენციის არ მეშინია და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეს არ უნდა ვრცელდებოდეს რუსეთზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ზოგადად, მათ ბიზნესის თავისუფლად წარმოების უფლება კი არა, უვიზოდ მიმოსვლის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ.
დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ჩრდილეთ ამერიკა, სპარესთის ყურის ქვეყნები, იაპონია, ავსტრალია – ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ვცდილობთ საქართველოში ტურისტების შემოყვანას. უკვე წლებია, პრინციპულად არ ვემსახურებით რუს ტურისტებს და არც მოვემსახურებით, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვთ ოკუპირებული; ჩვენი მიდგომა დეოკუპაციამდე არ შეიცვლება; კომპანიაში უნიფორმაც გვაქვს, რომელზედაც საქართველოს რუკაა გამოსახული და გაწითლებულია ოკუპირებული ტერიტორიები“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.