თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მარიამ მეყანწიშვილის საქმიდან შალვა პაპუაშვილის პოსტის ამორიცხვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ხვალ, 10 დეკემბერს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება იმ მტკიცებულების გარეშე, რომლითაც ადვოკატები აქტივისტის სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივების დადასტურებას აპირებდნენ.
პირველ ინსტანციაში, მოსამართლე მეია მელქაძის მიღებულ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა გადახედა, მაგრამ არ შეცვალა. მეყანწიშვილის ადვოკატი, ანა ბერია წერს, რომ ეს გადაწყვეტილებები უკანონოა.
“შალვა პაპუაშვილი მარიამ მეყანწიშვილს მოიხსენიებს ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად, მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ არ იყო დაცვის მხარისათვის ცნობილი მუხლი, რომლის ჩადენასაც ედავებოდნენ, მარიამ მეყანწიშვილს, გამომდინარე იქიდან, რომ მას ბრალი წარედგინა დროებითი მოთავსების იზოლატორში 2025 წლის 18 ოქტომბერს. (პოსტი განთავსებულია 17 ოქტომბერს) ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოცემული განცხადება ადასტურებს, რომ: მარიამ მეყანწიშვილის დაკავება არის პოლიტიკური დაკვეთა; ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია; ადგილი ჰქონდა მის მიმართ ცილისწამებას; პოლიტიკური თანამდებობის პირი აქვეყნებს სისხლის სამართლის მთავარ მტკიცებულებას – ვიდეო მასალას, მაშინ როდესაც ეს დაცვის მხარისთვისაც კი უცნობი იყო. მსჯელობის მიღმა, რომ დავტოვოთ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულების რელევანტურობის შეფასების გადაწყვეტილების უკანონობა, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა, არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები”, – წერა ბერია სოციალურ ქსელში.




