აზერბაიჯანს კორუფციულ სქემას სთავაზობდნენ – მიუდგნენ ისე, როგორც ვიღაც კერძო მესაკუთრეს და არა სახელმწიფოს – „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი“

„აზერბაიჯანს კორუფციულ სქემას სთავაზობდნენ“ – ასე ეხმაურება ბოლო დროს ბაქოსა და თბილისს შორის განვითარებულ მოვლენებს „ბიზნესპრესნიუსთან“ პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელი დავით გოჩავა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი სომხეთის მიმართულებით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე გატანას გეგმავს. ორ ქვეყანას შორის ერთადერთი სატრანზიტო გზა საქართველოა, რომელმაც ამავე მედიის ცნობით, გადაზიდვებზე ქვეყნებს სტანდარტულზე 40-ჯერ მაღალი ტარიფი შესთავაზა.
გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს, რომლისთვისაც აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ურყევ პარტნიორად რჩებოდა, ახლა პოლიტიკური სიმწიფე უნდა გამოეჩინა და არსებული სიტუაციისთვის თანამშრომლობით ეპასუხა.
საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდეს.
რამ გააბრაზა აზერბაიჯანი, იყო თუ არა შეთავაზებული ტარიფები ნამდვილად არარეალური და ახლა როცა საქართველომ გადადგა ნაბიჯი, ნავთობის გადაზიდვა ერთჯერადად უფასოდ მოხდეს, რა პერსპექტივები არსებობს მოცემული სავაჭრო ურთიერთობის განვითარების კუთხით? ამ კითხვებით „ბიზნესპრესნიუსი“ პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელ დავით გოჩავას ესაუბრა.
როგორც გოჩავა აცხადებს, აზერბაიჯანს ქართულმა მხარემ შესთავაზა სქემა, რომლითაც წლებია სარკინიგზო სექტორში გადაზიდვები მიმდინარეობს. მისივე თქმით, მეზობელი სახელმწიფო დათმობაზე არ წავა და საქართველოს მოუწევს, მას კონკურენტუნარიანი, ოფიციალური ტარიფებით მისცეს სომხეთის მიმართულებით ნავთობის გატანის შესაძლებლობა.
„საქართველოს რკინიგზას გაცხადებული აქვს თავისი სატარიფო პოლიტიკა. თუმცა, სატარიფო პოლიტიკაში რა რიცხვიც წერია ოფიციალურად, ის არარეალურია. ექსპერიმენტებიც ჩავატარეთ მეგობრებმა, უცხო ადამიანი მივიდა საქართველოს რკინიგზაში და მოითხოვა ს პორტიდან ნავთობის გადაზიდვა სომხეთის მიმართულებით. დაახლოებით 5 წლის წინ ხდებოდა ეს. როდესაც დავაპირეთ ამ ტვირთის გადაზიდვა, მოგვთხოვეს მივსულიყავით შუამავალ კომპანიასთან. გიწევს მიხვიდე ამ შუამავალთან, რომელიც 4-5 ჯერ მეტ ფასს გიწესებს, ვიდრე საქართველოს რკინიგზას ოფიციალურ სატარიფო პოლიტიკაში უწერია. ეს არის საექსპედიტორო კომპანია, ტვირთმიმღებსა და ტვირთგამგზავნს შორის ურთიერთობებს აგვარებს. შუამავალი კომპანიაა, რომელიც აფორმებს დოკუმენტაციებს და რაც მთავარია, ითხოვს გადაზიდვებისთვის არარეალურ გადასახადს. არანაირი შუამავალი ასეთ სავაჭრო ურთიერთობაში საჭირო არ არის. მით უმეტეს, ამხელა სხვაობა რომ იყოს ფასში. პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვაქვს უფლება გადავზიდოთ ტვირთი, თუ არ გადაიხდით კონკრეტულ თანხას. თანხის განსაზღვრა კი არა, მიმღებსაც კი საზღვრავდნენ. თუ სომხეთში ტვირთის მიმღები ჩვენთვის უცნობია, მაშინ ვერ გადავზიდავთო ამბობდნენ. სახელმწიფო კომპანიასთან, საქართველოს რკინიგზასთან არ გიშვებს პირდაპირ კონტაქტზე. ჩემი ვარაუდია, რომ ზუსტად ასეთ რაღაცას ჰქონდა საქმე აზერბაიჯანთან დაკავშირებითაც“, – აცხადებს გოჩავა.
კითხვის საპასუხოდ, შესაძლებელი იყო თუ არა მსგავსი მასშტაბის მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებები მიღებული ყოფილიყო ქვეყნის პირველი პირების გარეშე, გოჩავა აცხადებს, რომ შესაძლოა, საკითხი ჩაებარებინათ იმ პირებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით კომპეტენტურ ადამიანებად მიიჩნეოდნენ.
„ეს თემა ხომ მიბარებულია კონკრეტული ადამიანებისთვის. იყვნენ თუ არა საქმის კურსში პირველი პირები, ვერ გეტყვით დაზუსტებით, მაგრამ მე ვამბობ შემდეგს. როდესაც დადგებოდა საკითხი, პრემიერი მიაწოდებდა ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრი იკითხავდა, ვინ ხელმძღვანელობს ნავთობის გადაზიდვებს და დაუსახელებდნენ პიროვნებებს, რომლებიც წლებია ამ სქემით ახორციელებენ ნავთობის გადაზიდვებს. ეს სქემა კი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს შორის არ მყარდება პირდაპირი კავშირი სატარიფო პოლიტიკის მიხედვით. გადაზიდვები არ ხორციელდება სატარიფო პოლიტიკაში გაცხადებული ფასის მიხედვით, ამ ფასს აწესებს შუამავალი კომპანია. სწორედ მოცემული ინერციით დაელაპარაკნენ აზერბაიჯანსაც. ეს ხომ ახალი ამბავია, აზერბაიჯანთან ხომ არ ჰქონდათ ამ თემაზე აქამდე საუბარი.
ესენი აზერბაიჯანს მიუდგნენ ისე, როგორც ვიღაც კერძო მესაკუთრეს მიუდგებოდნენ შავი ზღვის პორტებში. სცადეს ამ სქემის გატანა აზერბაიჯანულ მხარესთან, მაგრამ ბაქო ამას არ დათმობდა. გამორიცხულია, ბაქო არ დათმობს და დაიყვანს ამ საქმეს იქამდე, როგორც არის გაცხადებული სატარიფო პოლიტიკაში. სატარიფო პოლიტიკაში კი ფასები არის სრულიად კონკურენტუნარიანი. მოგვიწევს, ოფიციალური ტარიფებით გადავაზიდვინოთ. კორუფციულ სქემას სთავაზობენ და კორუფციულ სქემაზე არ წავა აზერბაიჯანი. მით უმეტეს, მე შენ პატივს გცემდი, მე შენი მოკავშირე ვიყავი და ახლა ახალი ვარიანტი რომ გაჩნდა ბიზნესის, გინდა ფული აკეთო იმდენი, რამდენიც არ გეკუთვნის. კერძო კომპანიების დაჩაგვრა უფრო ადვილი იყო და შესაძლებელი, ახლა კი სახელმწიფოს ეჯახება ეს სქემა. ბაქო ამდენი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე შუა დერეფანში და მაგან რომ არ დაალაგოს და საბოლოოდ გაარკვიოს ურთიერთობა საქართველოსთან, გამორიცხულია. მით უმეტეს, ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ეს ამბავი დაამშვიდოს და რეალურ რიცხვებამდე მიიყვანოს“, – აცხადებს დავით გოჩავა.
www.bpn.ge