თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული ს რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.
„შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.