„მოწინავე ქვეყანა“ – სინამდვილეში რა წერია საქართველოს „ოლიგარქიზაციაზე“ ევროპულ კვლევაში

„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მისადმი ლოიალურად განწყობილი მედიის განცხადებების თანახმად, ერთ-ერთი ახალი, ევროპული კვლევის თანახმად საქართველო „მოწინავე ქვეყნების რიგშია“ „დეოლიგარქიზაციის პროგრესის“ კუთხით.
„იმედის“ თანახმად, ქვეყანა „დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით“ „ევროპის საუკეთესო სამეულშია“.
ეს განცხადებები რამდენიმე მიზეზის გამო არის მანიპულაციური:
· არ აჩვენებს სრულ სურათს: იმავე კვლევის თანახმად, „ოლიგარქიზაციის“ უახლესი მაჩვენებლებით, აღწერილი პროგრესის მიუხედავად, საქართველო კვლავ „ყველაზე უარეს“ ექვსეულშია;
· „ოლიგარქიზაცია“, ამ კვლევის მიზნებისთვის, არ გულისხმობს იმას, რასაც, მაგალითად, ევროკომისია გულისხმობდა საქართველოსთვის გაწერილ 12 რეკომენდაციასა და შემდეგ 9 დათქმაში;
· კვლევის ავტორების განმარტების თანახმად, „ოლიგარქიზაცია“ ამ კონტექსტში მხოლოდ უთანასწორობის დონეს მიემართება;
· კვლევა 2025 წლის მაისშია გამოქვეყნებული.
„ოცნების“ განცხადებები
ამ საკითხზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს ახალი ამბების ერთ-ერთმა სააგენტომ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ განცხადება, რომლის თანახმადაც:
„2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია“.
ამ ცნობის თანახმად, მმართველი პარტია კვლევის მიმოხილვისას განმარტავდა, რომ „ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით ორი ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო და კორექტირებული მაჩვენებლები“.
„2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია“, – ნათქვამია პროსამთავრობო „იმედის“ სიუჟეტის მიხედვითაც.
სადავო პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს:
· „ფაქტია, კვლევები აჩვენებს, რომ ოლიგარქიული მმართველობის მაჩვენებელი საქართველოში არის აბსოლუტურად განსხვვებული იმისგან, რაც გვაქვს მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში“, – , პარტიის ერთ-ერთი ლიდერი;
· „არ გამიკვირდა, რომ მოწინავე ქვეყნების რიგში ვართ. საპირისპირო [მდგომარეობაა] ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში, რასაც დროდადრო ვიგებთ ხოლმე. ჩემდა სამწუხაროდ ესეც [რეიტინგიც] შეუმჩნეველი დარჩება, ისევე როგორც სხვა რეიტინგები, სადაც აბსოლუტურად დაწინაურებულები ვართ“, – თენგიზ შარმანაშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
· „გავიხსენოთ, „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან“ დაკავშირებით რა დავა იყო ატეხილი და დღეს გვაქვს ეს შედეგი, მათ შორის მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით“, – გურამ მაჭარაშვილი („ხალხის ძალა“).
რა კვლევაზეა საუბარი
ანგარიში მომზადებულია პროექტ BridgeGap-ის ფარგლებში.
BridgeGap-ის სრული სახელი ქართულად არის „კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენაში არსებულ ხარვეზების აღმოფხვრა“.
· პროექტის სპონსორია ევროკომისიის პროგრამა „Horizon Europe“.
· თუმცა კვლევას თან ახლავს დათქმა, რომ მოსაზრებები არ ასახავს ევროკავშირის პოზიციებს;
· პროექტის განმახორციელებელია იტალიაში, რომში არსებული კერძო უნივერსიტეტი, Luiss-ი;
· ანგარიშის უშუალო ავტორები არიან პროფესორები, ალინა მუნჯიო-პიპიდი და ივა პარვანოვა; ერთი Luiss-ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორია, მეორე – BridgeGap-ის მკვლევარი.
93-გვერდიანი ანგარიში 2025 წლის 3 მაისს არის გამოქვეყნებული.
ავტორების მოკლე ანოტაციის თანახმად, ანგარიში აღწერს „მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებას კორუფციის ტენდენციების შესახებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, კანდიდატ ქვეყნებსა და მეზობელ ქვეყნებში“.
რა წერია „ოლიგარქიზაციაზე“?
„ოლიგარქიზაციას“, – ამ ანგარიშში არაკონვენციურად (ტრადიციული გაგებისგან განსხვავებით) არის განსაზღვრული – ავტორები უკავშირებენ კორუფციის მომეტებულ რისკებს.
წერენ, რომ:
· კორუფციის აღმოჩენა შესაძლებელია ორი, პირდაპირი და არაპირდაპირი გზით;
· პირდაპირი გზით ეს ჩანს „ფავორიტიზმში“, ხოლო ირიბად – მის გამომწვევ მიზეზებში;
· პირდაპირი გზით ოლიგარქიზაციაზე დაკვირვება პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის „ოლიგარქებმა გლობალური ხილვადობა მოიპოვეს“.
შემდეგ ნათქვამია: „ამ ანგარიშში აღწერილი ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, აშკარაა მზარდი ოლიგარქიზაციის ფენომენი“.
იმავე გვერდზე, სქოლიოში განმარტებულია, რომ სიტყვა „ოლიგარქიზაციაში“ ავტორები გულისხმობენ იმას, ამა თუ იმ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რა ნაწილს ფლობს „ყველაზე მდიდარი ერთი პროცენტი“.
დანართშიც აღნიშნულია, რომ კორუფციის ერთ-ერთი ინდიკატორი, ანუ საზომი, მაჩვენებელი არის „ოლიგარქიზაცია“, – რასაც ავტორები განსაზღვრავენ იმით, თუ ქვეყნის მშპ-ის რა წილს ფლობს ქვეყნის უმდიდრესი ერთი პროცენტი.
უფრო მარტივად:
· „უმდიდრესი ერთი პროცენტის“ ხელთ არსებულ ქონებას/ფულად რესურსებს ადარებენ ქვეყნის მშპ-ს;
· თუკი ამ „უმდიდრესი ერთი პროცენტის“ ხელში არის იმდენი ქონება, რომ მშპ-ის მნიშვნელოვან წილს უდრის, ითვლება, რომ ეს „ოლიგარქიზაციის“ ნიშანია და, კვლევის ავტორების თანახმადვე, ასეთ შემთხვევაში კორუფციის რისკებიც იზრდება.
რაც შეეხება მონაცემებს, რასაც ეს გამოთვლები ეყრდნობა: ავტორები ასახელებენ „მსოფლიო უთანასწორობის მონაცემთა ბაზას“ (WID).
ამ პლატფორმაზე აღწერილია მსოფლიოს ქვეყნების „შემოსავლების უთანასწორობა“, „საშუალო სიმდიდრე“, „სიმდიდრის უთანასწორობა“ და სხვა მაჩვნებლები.
WID-ი, თავის მხრივ, ეყრდნობა IMF-ისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებსა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით საკუთარ გამოთვლებს.