ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025

სანდრო თვალჭრელიძე – “სკანდალიდან სკანდალამდე ანუ სადამდე გაქაჩავს ქვეყანა?!”
თბილისი ბაქოსთან “ტარიფების ომს” იწყებს?
დავით ზურაბიშვილი – “ეტყობა, იფიქრეს, ეძებეს და ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელს ჩაეჭიდნენ”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “სკანდალიდან სკანდალამდე ანუ სადამდე გაქაჩავს ქვეყანა?!”
“რაღა დაგიმალოთ და, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტი თავიდან ნაკლებად სარწმუნოდ მომეჩვენა, მაგრამ ის არაკომპეტენტურობა და დილეტანტიზმი, რაც ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისგან ვნახეთ და მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სწორედ ამან განაპირობა, რომ ბრიტანული გამოცემის ვარაუდი ძალიანაც სარწმუნოდ გამოჩნდა. რატომ უკვირთ, რომ ამგვარი აბსოლუტურად შეუთანხმებელი და არაპროფესიონალური განცხადების მერე სუს-ის გამოძიების აღარავის სჯერა. ფაქტობრივად, BBC-ის გამოძიებამ მიაღწია მიზანს, გამოაჩინა კიდევ ერთხელ, რაოდენ არაკომპეტენტური ხალხია დღეს საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერით დაწყებული, შს მინისტრით დასრულებული, არავინ ერკვეოდა შექმნილ ვითარებაში, თუმცა მაინც ჯიუტად აკეთებდნენ განცხადებებს და ხან მერაბიშვილს აბრალებდნენ, ხან უტიაშვილს და ხან ვის ამ ნივთიერებების შეძენას. ამ გამოძიებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ჩვენი ხელისუფლების უვიცობა, სისუსტე, გაუნათლებლობა და დილეტანტიზმი”, – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სკანდალიდან სკანდალამდე ანუ სადამდე გაქაჩავს ქვეყანა?!”
“შემდეგ გამოვიდა სუს-ი და თითქმის 4 დღის მერე, როდესაც ამხელა სკანდალად იქცა ეს ყველაფერი, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არაფერი მომხდარა, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო და ხალხის დამაზიანებელი არაფერი გამოუყენებიათ. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – “კამიტი” არ გამოუყენებიათ, რადგან ქიმია საკმაოდ კარგად ვიცი და ჩემი აზრით, მისი დამაზიანებელი ეფექტი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა. სუს-მა კი გვითხრა, რა ნივთიერებებიც გამოიყენეს, მაგრამ გომელაურმა, ასე მგონია, კიდევ არ იცის. არადა, ეგ იყო იმ დროს მინისტრი… ჩემი აზრით, სუს-ს გაცილებით სწრაფად უნდა ემოქმედა და დროულად გარკვეულიყო ვითარებაში, მაგრამ იქაც არაპროფესიონალებით არის სავსე ყველა სამსახური. ტოქსიკოლოგი არა ვარ, არ ვიცი, ნამდვილად გამოიყენეს თუ არა აკრძალული ნივთიერებები, მაგრამ ვხედავ სრულ დილეტანტიზმს ყველა სფეროში. რატომღაც მგონია, თვითონაც არ იცოდნენ, რას იყენებდნენ დარბევებში. ფაქტია, კონკრეტულად რომელ აქციებზეც არის ლაპარაკი, იქ ადამიანები გაცილებით მძიმედ მოიწამლნენ იმ ნივთიერებებით, რაც -მ მათ წინააღმდეგ იხმარა. მანამდეც არაერთი დარბევა გვინახავს, მათ შორის წყლის ჭავლით, მაგრამ ასეთ სიმპტომებზე ლაპარაკი არ ყოფილა. ამაზე ლაპარაკობდნენ BBC-ის გამოძიების გამოქვეყნებამდეც, ეჭვები მაშინვე გაჩნდა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ხელისუფლების ისეთ დილეტანტიზმს ვუყურებთ, შესაძლოა არააკრძალული ნივთიერებაც გამოიყენეს, მაგრამ კონცენტრაციის დოზები აურიეს და ადამიანები ასე დაწამლეს. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა მხოლოდ მკითხაობაა. ჩემი აზრით, რეალური და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება ძალიან რთული იქნება. შესაძლოა დავადგინოთ კიდეც, კონკრეტულად რა ტიპის ქიმიური ნაერთები გამოიყენეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვერასდროს გავიგებთ, რა კონცენტრაციით შეურიეს წყალს? ბევრი ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ, ჩემი აზრით, რომც ჩატარდეს, ჩვენი საზოგადოების ნაწილი იმასაც არ ენდობა. ერთსაც ვიტყვი – თუ ხელისუფლება საკუთარ სიმართლეში ასეა დარწმუნებული, ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას კი არ მიმართონ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, არამედ საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ ბრიტანულ გამოცემას. BBC-ის გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის ის ხელისუფლება, რაც საქართველოს სჭირდება. ასევე ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ყველაფერი გააკეთოს ე.წ. ხელისუფლების ქმედებების გასაკონტროლებლად. ყველა მათ არაადეკვატურ და არაადამიანურ ქმედებაზე უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი, ოღონდ პროფესიონალური. იმის თქმა მინდა, რომ ბრიტანული გამოცემის სიუჟეტზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებიც ისეთივე არაპროფესიონალური იყო, როგორიც ხელისუფლების არგუმენტები…”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ყველაფერი ასე და შესაძლოა უარესადაც გაგრძელდება საკმაოდ დიდხანს, ვიდრე შიგნიდან არ აფეთქდება სისტემა. ამაზე ბევრი შემიძლია გელაპარაკოთ და ავხსნა, თუმცა არ ღირს, მკითხველის ამით გადაღლა. უბრალოდ, გადავხედოთ ისტორიას. შორს რომ არ წავიდეთ, სულ რაღაც 40 წლის წინათ ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი, სადაც საზოგადოებამ ამაზე უარეს ზეწოლას და სტრესს თითქმის 70 წელიწადი გაუძლო… ყველაფერი დამოკიდებულია ერის შინაგან ენერგიაზე, რომელსაც უზარმაზარი მუხტი აქვს. ამ ეტაპზე ის ცოტა მინავლებულია, რასაც 4 ოქტომბრის სრულიად არაადეკვატურმა პროცესებმაც შეუწყო ხელი, თუმცა ის როდის იფეთქებს, ძალიან რთული საპროგნოზოა. იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს, აუცილებელია გაჩნდეს რეალური ალტერნატივა. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა ასეთ ალტერნატივას ამ ოპოზიციაში ვერ ხედავს. ვთქვათ, წავიდა ეს ხელისუფლება, მერე რას ვაკეთებთ? დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი საპარლამენტო სთვის ალტერნატივა გაჩნდება. უკვე მერამდენე ინტერვიუა, ოპოზიციას მოვუწოდებ დაიწყონ მზადება მომავალი საპარლამენტო სთვის უკვე დღეიდან!” – მიიჩნევს ექსპერტი.
“ სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება თუ 12-წლიანი, ეს განათლების მიღების ხარისხს ვერაფერს უშველის მანამ, სანამ არ გვეყოლებიან ნორმალური მასწავლებლები. ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ უვიცი მასწავლებლები გვყავს. ეს ყველას არ შეეხება… სამწუხაროდ, ყველას გვახსოვს, ცდებმა, რომ ჩაეტარებინათ პედაგოგებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდები, რა სავალალო შედეგები გვიჩვენა. დიახ, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მასობრივად არაკვალიფიციური მასწავლებლები გვყავს. ასე იქნება მანამ, სანამ შენარჩუნდება ის ხელფასები, რაც დღეს სკოლის მასწავლებლებს აქვთ. განათლებული და კვალიფიციური კადრი სკოლაში ამ ხელფასზე არ მიდის. იქ მიდიან ძირითადად ადამიანები, რომლებმაც კარიერა სხვაგან ვერ აიწყვეს. დარწმუნებული ვარ, ამ სასკოლო რეფორმიდან არაფერი გამოვა. ის, რაც სკოლებში ხდება, დღეს გაჩენილი პრობლემა არ არის. ეს არის ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული და დაგროვილი პრობლემები. სისტემურად არის ყველაფერი შესაცვლელი. ს და დანარჩენებსაც რეფორმა ასე წარმოუდგენიათ, რომ ხვალ დაიწყებენ და ზეგ უკვე შედეგებს მიიღებენ. ჩვენ თუ რეალური, შედეგიანი ცვლილებები გვინდა, რეფორმა გათვლილი უნდა იყოს, სულ ცოტა, 10-12 წელიწადზე”, – ამტკიცებს სანდრე თვალჭრელიძე.
“სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეფორმით შენიღბულია პოლიტიკური მიზნები. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მოინდომეს უმაღლესი განათლების რეფორმა, რისი მიზანიცაა “ილიაუნის” მოსპობა. “ქართული ოცნება” გაიძახის, რომ ეს უნივერსიტეტი თურმე ფარული “ნაციონალური მოძრაობაა”. არადა, ეს არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და თავისუფალი აზრის მატარებელი სასწავლო დაწესებულება – მათთვის პრობლემა სწორედ ეს არის. არ უნდათ თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეების გაზრდა, მათ მონები სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა წარუმატებელი იქნება ყველა მიმართულებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ. შეეშვან განათლების სისტემის ნგრევას, რომელიც ისედაც სიკვდილის პირას არის მისული, ერთი პატარა ბიძგი და, საერთოდ ჩამოიშლება. ძალიან მეშინია, რომ ეს ვითომ რეფორმა არ აღმოჩნდეს ის ბიძგი, რომელიც სრულად ჩამოშლის ჩვენს განათლების სისტემას. არ შეიძლება უმაღლესი განათლების პედაგოგებს ასეთი ანაზღაურება ჰქონდეთ. წარმოიდგინეთ, მე, მეცნიერების დოქტორს, განყოფილების გამგეს, ხელფასი ნაკლები მაქვს, ვიდრე ჩვენს სახლში დაქირავებულ ძიძას ვუხდით. ამიტომ კერძო სექტორშიც ვმუშაობ. ისეთი ინიციატივაც მოვისმინე, რომ თურმე უცხოელი პენსიონერი პროფესორ-მასწავლებლების ჩამოყვანას გეგმავენ. მართლაც, ვაი მაგათ პატრონს…”, – ამბობს რესპონდენტი.
“წარმოგიდგენიათ, აქ უცხოელი პენსიონერი რომ ჩამოვა, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს, ქართულ განათლების სისტემაზე ზრუნვის? სადმე გაგიგიათ, რომ ნორმალურ უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელ პენსიონერებს ასაქმებდნენ? ეს არის უვიცი ხალხის უვიცი ინიციატივა. ეს ჩვენი განათლების მინისტრი მიქანაძე აზრზე არა ვარ, რა პროფესიის არის. საერთოდ რამე იცის საგანმანათლებლო სისტემაზე? ასევე დამღუპველი მგონია იდეა “ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი”. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. აღარ დარჩება სტუდენტი სახელმწიფო დაწესებულებებში, ყველა კერძო სასწავლებლებში წავა. რაც შეეხება დაფინანსების საგრანტო სისტემის შეცვლას, მე ვიტყოდი, სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული რეფორმა სწორედ ეროვნული გამოცდები და საგრანტო სისტემა იყო. ეს გაკეთდა, როგორც მახსოვს, ბრიტანელებთან მჭიდრო კავშირით და ამან აღმოფხვრა ამ სისტემიდან კორუფცია. ეჭვი მაქვს, ყველაფერი, რასაც ახლა გეგმავენ, ამ კორუფციას ისევ ააღორძინებს. ძალიან მაეჭვებს, რომ ამ რეფორმაზე დარგის სპეციალისტები კი არ გველაპარაკებიან, არამედ პოლიტიკოსები. ესეც აჩვენებს, რომ ეს ე.წ. რეფორმა პოლიტიკური მიზნების შესანიღბად მოიგონეს”, – დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.
თბილისი ბაქოსთან “ტარიფების ომს” იწყებს?
“აზერბაიჯანული მედია უკვე ღიად საუბრობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვაზე და ეს შეიძლება კავშირში იყოს ე.წ. ზანგეზურის კორიდორის (“ტრამპის მარშრუტი”) ამოქმედებასთან. მათი ინფორმაციით, საქართველომ აზერბაიჯანული ტვირთების თავის ტერიტორიაზე გატარებისათვის არაბუნებრივად მაღალი ტარიფების მოთხოვნა დაიწყო, რაც ბაქოში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემა “მინვალმა” ბაქო-თბილისს შორის კონფლიქტის დეტალებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით – “საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის”. გამოცემის ცნობით, 28 ნოემბერს, გაბალაში გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მეცამეტე შეხვედრა, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მოადგილეები შაჰინ მუსტაფაევი და მგერ გრიგორიანი ხელმძღვანელობდნენ. სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთოპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თბილისი ბაქოსთან “ტარიფების ომს” იწყებს? / მედიის ცნობით, აზერბაიჯანული ნავთობის სომხეთში ტრანსპორტირებისათვის საქართველო არანორმალურად მაღალი გადასახადს ითხოვს.
“როგორც “მილვალი” წერს, გარდაბანი-სადახლოს მონაკვეთზე საქართველომ აზერბაიჯანს დაუდგინა 92 დოლარი. “საქართველოს პასუხი ერთგვარი ინდიკატორია არა მხოლოდ კომერციის მხრივ, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ქართულმა მხარემ 111-კილომეტრიან მონაკვეთზე ტონაზე 92 დოლარის ტარიფი წარადგინა, რაც კილომეტრზე 0,82 დოლარს ნიშნავს. შედარებისთვის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ანალოგიური ტვირთები 680 კილომეტრზე, იალამიდან ბოიუკ-ქესიქამდე 17 დოლარად გადის, ანუ კილომეტრზე 0,02 დოლარად. ეს 40-ჯერ ნაკლებია, ვიდრე თბილისის შეთავაზებული ტარიფი”, – აღნიშნულია სტატიაში. როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პასუხმა მკაფიო პოლიტიკური სიგნალი გაუგზავნა ბაქოს და ეს ქცევა ბუნებრივად იწვევს უკმაყოფილებას. მეტიც, გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯით საქართველო ეწინააღმდეგება სტაბილური რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების არქიტექტურის ფორმირებას და იმ მომენტში, როცა სამხრეთ კავკასიას უნიკალური შანსი ეძლევა კონფლიქტიდან განვითარებაზე გადავიდეს, თბილისი ამის შეფერხებას ცდილობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გამოცემა იმაზეც წერს, რომ ბაქო ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად დებდა საქართველოში ინვესტიციებს და უწყვეტად უჭერდა მხარს – “საქართველოსა და რუსეთს შორის მწვავე დაძაბულობის პერიოდში ბაქომ არ გამოიყენა თბილისის მოწყვლადობა ზეწოლის იარაღად და არ დაუდგინა მას ზედმეტად მაღალი ტარიფები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინ ღრმა კრიზისში იყო და თითქოს ნებისმიერ პირობაზე დათანხმდებოდა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია – პარტნიორის და არა სარგებელმაძიებლის გზა. სწორედ ამიტომ ჩნდება დღეს ლოგიკური კითხვა: როგორ უპასუხებს თბილისი შექმნილ ვითარებას?” რამდენიმე დღით ადრე სხვა აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, ბოლო კვირებში საქართველოს საბაჟოებზე აზერბაიჯანული ტრაილერების ხანგრძლივ შეფერხებაზე და რომ ბაქო “უპასუხოდ ვერ დატოვებს” საკუთარი მოქალაქეებისადმი უღირს დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი მებაჟეების მიერ უხეშობითა და ირონიით გამოიხატება. კონლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია”, – განაგრძობს გამოცემა.
“ამ ხელისუფლებისგან არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ კარგი იქნება, თუ დაადასტურებენ, რომ ტარიფები გაიზარდა. თუ ეს ასეა, მაშინ სერიოზული გამოწვევაა საქართველოს მხრიდან, რადგან აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე და ფასებზე უაღრესად დამოკიდებულები ვართ. ეს ძალიან ჰგავს რუსული პოლიტიკის რეალიზებას. გააფუჭო ურთიერთობა და არაფრის იმედი გქონდეს, არარეალურია. გამწარებულია, რომ ამერიკას სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენები აქვს. ასევე ძალიან აღიზიანებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები. საქართველოს კი არაფერში სჭირდება ახლა ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, მით უმეტეს, რომ მის ტერიტორიებზე გადის ტვირთვები – გაატარე რა, გაზარდე ძალიან მცირე სხვაობით და არა ასე. თუ ეს დაპირისპირება სიმართლე აღმოჩნდა და გაგრძელდა, მაშინ აზერბაიჯანი ტარიფებს გაზრდის უკვე სხვა მიმართულებით – გაზი, ნავთობი და სხვა. ამ შემთხვევაში საქართველო რას იზამს? იტყვიან, ხალხო აზერბაიჯანი ფასებს გვიზრდის, სხვა გზა არ გვრჩება, რუსეთზე უნდა გადავიდეთო. ამ დროს ფასებს შეგვიმცირებს. მერე კიდევ უფრო კაბალურ დამოკიდებულებაში აღმოვჩნდებით რუსეთთან. ეს ორი-სამი წელი გაგრძელდება და რუსეთიც აწევს ფასებს”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, თუ კონფლიქტი ზანგეზურის კორიდორთანაა დაკავშირებული, ეს დაუფიქრებელი ნაბიჯია. “კონფლიქტი თუ მართლაც დაკავშირებულია ზანგეზურის კორიდორთან, მაშინ ძალიან არაშორსმჭვრეტვრელ ნაბიჯს ჰგავს საქართვრლოს ხელისუფლებისგან. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ზანგეზურის კორიდორი რომც ამუშავდეს, კი, ბატონო, ტვირთვების რაღაც ნაწილი კი შეიძლება გაატაროს, მაგრამ საქართველოს ძირითადი ფუნქცია, რომლითაც აზერბაიჯანს და თურქეთს აკავშირებს, მაინც რჩება. ნამდვილად არ მესმის ამის გამო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, თუ ეს სიმართლეა. ფაქტობრივად, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ცუდ მდგომარეობაში ვაგდებთ, მით უმეტეს, რომ ფაქტობრივად, საქართველო დასავლეთისგან იზოლირებულია. მე მაინც მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ და რაღაც ახალ ესკალაციას არ უნდა ველოდოთ. ბოლო წლებბში ორივე ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ერთმანეთისთვის საჭიროები არიან. ვფიქრობ, ტარიფების საკითხი მოგვარდება”, – ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით, “თუ დაპირისპირება გაიზრდება, რა თქმა უნდა, ამით მესამე ქვეყნები იხეირებენ”, – დასძენს გამოცემა.
დავით ზურაბიშვილი – “ეტყობა, იფიქრეს, ეძებეს და ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელს ჩაეჭიდნენ”
“ვიდრე სუს-ი გამოაცხადებდა, ექსპერტებმა მანამდე თქვეს, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო SC, რომლის სიმპტომები ჰგავს იმ “კამიტის” სიმპტომებს, თუ წყალში გაურევ. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ეს როგორმე ამსუბუქებს ხელისუფლების დანაშაულს. საქმე ის არის, რომ ხელისუფლება ამის გარდა მაინც ვერაფერს იტყოდა, რადგან სხვა ყველაფერი, რაც ამ კოდით არის, გაცილებით უარესია. არავინ იცის, რეალურად ეს იყო გამოყენებული თუ სხვა. მე, ცხადია, სუს-ს არ ვენდობი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელი აღიარება ეს არის სხვებთან შედარებით. თუმცა ესეც სულაც არ არის მარტივი ამბავი. ან ამის დასახელებას ხუთი დღე რად სჭირდებოდა? ეტყობა, იფიქრეს, ეძებეს, სხვა ქვეყნებში რა გამოიყენება და ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელი რაც იყო მათი გათვლით, იმას ჩაეჭიდნენ”, – აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეტყობა, იფიქრეს, ეძებეს და ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელს ჩაეჭიდნენ”.
“რაც თქვეს, საზოგადოებისთვის დამაჯერებელი, რა თქმა უნდა, არ იქნება. რომ დავიჯეროთ, ჯერ ერთი, უნდა გამოაქვეყნონ დოკუმენტები, სადაც მითითებული იქნება ზუსტად კონტრაქტის დეტალები, კოდები, კონკრეტულად ამ ნივთიერების დასახელება, შემოტანის აქტი და ა.შ. თუ გამოქვეყნდება, მაშინ ვიტყვით, კი ბატონო, ეს ყოფილა-თქო, მაგრამ თუნდაც სიმართლე იყოს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთვის არ არის საზიანო… საერთოდ ეს ხელისუფლება შეთქმულების თეორიებშია და ამ თეორიებში სად წავლენ და სად წამოვლენ, კაცმა არ იცის. პლუს ცდილობენ პიარი გაიკეთონ. როცა გაუჭირდათ, ახსენეს მერაბიშვილი და უტიაშვილი, რომელიც, კაცმა არ იცის, რა შუაში იყო. ახლა გაირკვა, რომ მართლაც არაფერ შუაში ყოფილან, მაგრამ გუშინ იყვნენ. მოკლედ, თავიანთ მომხრეებს აიმედებენ, არაფერზე უკან არ დავიხევთო… თუ რამე დადასტურდა, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესოს, რაც მისთვის ძალიან მძიმე იქნება. თუმცა არა მგონია, ასეთმა საფრთხემ მას ადეკვატურობა დაუბრუნოს. პირიქით, შეიძლება ჩათვალოს, რომ “დიპ სტეიტმა” კიდევ ერთხელ მიაყენა დარტყმა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ინფორმაცია გამოდის, რომ ხელისუფლებაში ახლა დიდი გაურკვევლობაა, თუ ვინ გაიტანა ინფორმაცია, ვინ გაასაჯაროვა კოდი და ვინ გადასცა ბი-ბი-სის. თითქოს ღარიბაშვილზე აქვთ ეჭვი. წყაროს დასახელებას BBჩ-ის ვერავინ მოსთხოვს და როგორც ჩანს, ახლა მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები აარიდონ. თუმცა მე მგონია, სანქციებზე უფრო მეტად რაღაც უარესის ეშინიათ. მაგალითად, სამხედრო ინტერვენციის მსგავსი სცენარის. ჩემი აზრით, ეს ზღაპარი და აბსურდია, ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორი წარმოდგენა აქვთ ივანიშვილსა და ს საერთაშორისო პოლიტიკაზე, მათთვის ეს ლოგიკური შიშიც კი შეიძლება იყოს. ისინი პოლიტიკას და საერთაშორისო ურთიერთობებს ჯუნგლების კანონით წარმოსახავენ – თუ ერაყში შევიდნენ, ავღანეთს დაესხნენ თავს, ვენესუელაშიც გეგმავდნენ ჩარევას, რატომ აქ არ შემოვლენო. ივანიშვილის თვალით თითქოს ასე ჩანს, თუ ძალიან გააბრაზა დასავლეთი, “შემოცვივდებიან”, დაითანხმებენ ბიძინას მოხსნაზე და დასვამენ თავიანთ მარიონეტს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ხელისუფლება უპრიმიტიულესი წარმოდგენების ტყვეობაშია და ამ არაადეკვატურ შიშებზე აგებს პოლიტიკურ სტრატეგიას. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში გაგრძელდება, მით უმეტეს, თუ აშშ-ში ტრამპის მეორე ვადა დაემთხვევა ივანიშვილის უკვე მეოთხე მმართველობით ციკლს. ეს ორი ფაქტორი ერთად – ტრამპის დაბრუნება და ივანიშვილის განუსაზღვრელი გავლენა არის ისეთი “ქიმიური ნარევი”, რომელიც ყველაზე უარეს შედეგებს აგენერირებს. ევროპას კი მაინცდამაინც ახლა კარგი დღეები არ უდგას. პრაქტიკულად ტრამპმა დააანონსა, რომ ნატო უნდა დაიშალოს და ამერიკა გამოვიდეს ნატოდან. ამიტომ ევროპას, რომელიც გადაჩვეულია სამხედრო შეიარაღებაზე ზრუნვას, მოუწევს სერიოზულად შეცვალოს თავისი პოლიტიკა. ამათ რომ ეშინიათ, აქ დესანტს გადმოსხამენო, ასე ნამდვილად არ იქნება”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“საერთოდ, ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ვიმუშავებთ… პირველ რიგში, უნდა გაჩნდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მოვა ხელისუფლებაში და რომელიც იქნება მისაღები ევროპელებისთვის – აი, ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ ასეთ ძალას ვერ ქმნიან ოპოზიციური სპექტრი და წინააღმდეგობის მოძრაობა მთელი რიგი მიზეზების გამო. მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ე.წ. ერთიანი მეტა-ნარატივის არარსებობა ხელისუფლების მიმართ. ეს ხელისუფლება რას წარმოადგენს, ვიცით, მაგრამ ცუდში რა იგულისხმება, არ არსებობს ჩამოყალიბებული აზრი. რაც გამოკვეთილი და წამყვანია, მთლიანად ასოცირდება “ნაცმოძრაობასა” და სააკაშვილთან. რომ ამბობ, ეს არის რუსული ხელისუფლებაო, არა მხოლოდ ხელისუფლების მომხრეებში, არამედ ბევრისთვის და მათ შორის საზღვარგარეთაც აღიქმები “ნაცმოძრაობად” და სააკაშვილად. ეს არ არის მისაღები ალტერნატივა არც ევროპისთვის და არც ჩვენთან. თუმცა შეიძლება ბევრი ეთანხმებოდეს იმას, რომ რუსულ ინტერესებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების ეს პოლიტიკა. საერთოდ, მთავარ საკითხად რუსეთის და რუსული პოლიტიკის წამოწევა ამ ხელისუფლების მახასიათებლად არ უწყობს ხელს ალტერნატიული ძალის წარმოქმნას” – დაასკვნის დავით ზურაბიშვილი. და შეკითხვაზე – “რამ შეიძლება მისცეს ბიძგი ამ ალტერნატიული ძალის წარმოქმნას?” პასუხობს:
“ხელისუფლებამ უკვე უამრავი მძიმე რამ გააკეთა, მაგრამ ეს მასობრივ ცვლილებას ვერ იწვევს. ოპოზიცია მხოლოდ მეტი ადამიანის მოპოვებით შეიძლება გაძლიერდეს და არა აგრესიული რიტორიკით. ქიმიურ სკანდალზე ხელისუფლების მომხრეებს არაფერი აინტერესებთ. მათთვის დაზარალებულები დეჰუმანიზებული `მტრები~ არიან. რეალური უკმაყოფილება შეიძლება ეკონომიკური გაჭირვების გამო გაჩნდეს, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება. საზოგადოების განწყობების შეცვლისთვის შესაძლოა უფრო ძლიერი ბიძგის მიმცემი გახდეს განათლების რეფორმა, ვიდრე ეს ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხია. პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია დაშლილია და კოორდინაცია არა აქვს, ხელისუფლების პროპაგანდა კი კოორდინირებული და ცენტრალიზებულია. ამიტომ ნებისმიერი არასწორი ფრაზა პროპაგანდის იარაღად იქცევა. ერთიანი, ძლიერი პოლიტიკური ეფექტისთვის საჭიროა ისეთი ნარატივი, რომელიც ყველას გააერთიანებს. მხოლოდ “რუსული გავლენების” თემაზე დაყრდნობით ეს არ მუშაობს. უკეთესი იქნება ყურადღების გადატანა იმაზე, რომ ქაოსსა და დაპირისპირებას თავად ხელისუფლება ქმნის და სტაბილურობას ვერ მოუტანს ქვეყანას”.