უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიხას განცხადებით, PURL-ის [რედ. – Prioritised Ukraine Requirements List – „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“ ] პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ, უკვე 21 ქვეყანა შეუერთდა. მისივე თქმით, შენატანების საერთო ოდენობა 4.18 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამის შესახებ საბიხამ თავის ფეისბუკ-გვერდზე ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებისა და ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაწერა.
„ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტმა PURL-ში შენატანი დამატებით დაახლოებით მილიარდი დოლარით გაზარდა. პროგრამას კიდევ ხუთი ქვეყანა შეუერთდა. ამასთან, დამატებითი შენატანი გაკეთდა იმ რვა ქვეყნისგან, რომლებიც PURL-ში უკვე მონაწილეობდნენ… დღეის მდგომარეობით, PURL-ში უკვე 21 ქვეყანაა ჩართული, რომელთა ვალდებულები, მთლიანობაში, 4.18 მილიარდ დოლარის შეადგენს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამ პროგრამის ფარგლებში, კანადამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ და პოლონეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეერთებული შტატებიდან იარაღის შესყიდვები ახლახან დააფინანსეს.
გარდა ამისა, ინიციატივას პირველად შეუერთდნენ ნატოს არაწევრი პარტნიორები – ავსტრალია და ახალი ზელანდია.
რა უნდა იცოდეთ PURL-ის პროგრამის შესახებ
2025 წლის 14 ივლისს, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) შესახებ, რომელიც ევროპული ქვეყნების ხარჯზე უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, შეთანხმების ფარგლებში კიევმა, შესაძლოა, დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები და საბრძოლო მასალები მიიღოს.
ცნობილია, რომ დანიამ, PURL-ის პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 580 მილიონი დანიური კრონი გამოყო, შვედეთმა – 275 მილიონი დოლარი, ხოლო ნორვეგიამ – დაახლოებით 135 მილიონი აშშ დოლარი.
მანამდე, ნიდერლანდებმა, PURL-ის ფარგლებში, პირველი დახმარების პაკეტი 500 მილიონი ევროთი დააფინანსა. პროგრამას გერმანიაც შეუერთდა.
18 სექტემბერს ნატო-ს წარმომადგენელმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) განუცხადა, რომ PURL-ის შეთანხმების ფარგლებში პირველი სამხედრო აღჭურვილობა უკრაინაში უკვე ჩავიდა. უახლოეს მომავალში მიწოდებების მოცულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
24 სექტემბერს, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ PURL-ის პროგრამის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში, მისმა ბიუჯეტმა უკვე 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუტემ კი ხაზი გაუსვა, რომ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებისა და შენატანების რაოდენობის გაზრდა მეტად მნიშვნელოვანია.
25 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა , იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ PURL-ის ამოქმედებიდან დღემდე, კიევისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობამ 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა და ამ პროგრამის ფარგლებში თანხები თითქმის 20-მა ქვეყანამ გამოყო.
წყარო: 1 არხი


