სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 42,1%-ით გაიზარდა – რამდენმა სატვირთომ გაიარა საქართველოს დერეფანში 2023 წელს

2023 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 42,1%-ით გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,998,905 ლარი შევიდა, 2022 წელს კი 128,055,347 ლარი.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ. შესაბამისად, გამოდის, რომ 2023 წელს საქართველოს დერეფანი 519 997 სატვირთომ გადაკვეთა. ბიუჯეტში შემოსავლების მატება კი გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.
თუ სხვა წლების მაჩვენებელს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2022 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს – 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს – 63,064 მლნ ლარი, 2019 წელს კი 59,670 მლნ ლარი.