Netflix-ი Warner Bros Discovery-ის სტუდიებსა და სტრიმინგ განყოფილებას 72 მილიარდ დოლარად ყიდულობს

ამერიკული სტრიმინგ სერვისი, Netflix-ი Warner Bros Discovery-ის ტელევიზიის, კინოსტუდიებისა და სტრიმინგის განყოფილების 72 მილიარდ დოლარად შეძენას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თუ გარიგება დამტკიცდება, Netflix-ი შეიძენს Warner Bros.-ის საწარმოო სიმძლავრეებს, სტუდიის დისტრიბუციის განყოფილებას, Warner Bros. Television-ს, Warner Bros. Motion Picture Group-ს, DC Studios-ს, HBO საკაბელო არხს, HBO Max სტრიმინგ სერვისს და ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების ფართო ბიბლიოთეკებს. Netflix-ი შეიძენს უფლებებს DC Universe-ის კომიქსებზე, ფილმებსა და სერიალებზე, საკულტო სერიალებზე “სოპრანოების კლანი”, “სამეფო კარის თამაშები”, The Wire, “მეგობრები”, “დიდი აფეთქების თეორია” და სხვა, ასევე ჰარი პოტერის სამყაროს უფლებებს.
კომპანიის განცხადების თანახმად, ტრანზაქციის საერთო ღირებულება დაახლოებით 82.7 მილიარდი დოლარია (აქციების ღირებულება: 72 მილიარდი დოლარი). Warner Bros.-ის აქციონერები თავიანთი აქციისთვის მიიღებენ 27.75 დოლარს ნაღდი ფულით და Netflix-ის აქციებით.
Reuters-ის ცნობით, შეთანხმება რამდენიმეკვირიანი “სატენდერო ომის” შემდეგ დადგა, რომლის დროსაც Netflix-მა აქციაზე თითქმის 28 დოლარი შესთავაზა, რითაც გადაასწრო სავარაუდო ლიდერ Paramount Skydance-ს (PSKY.O).