დაუწესდეს სრული ემბარგო საპოლიციო ტექნიკაზე, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება – Amnesty International-ი

“ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინების ტალღით” – ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი განცხადებას ავრცელებს.
Amnesty International-ი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც “ოცნებამ” მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად სავარაუდოდ ქიმიური ნაერთი გამოიყენა.
Amnesty International ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინების ტალღით, BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების შედეგების შემდეგ, რომლებიც მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენა მავნე და პოტენციურად აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ,” – წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია “ოცნებას” მოუწოდებს, “შეწყვიტოს მოწმეების შევიწროება, უზრუნველყოს აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს მსხვერპლთა სამედიცინო დახმარება და რეპარაციები”.
ამასთან, Amnesty International-ი გამოდის მოწოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესდეს “სრული ემბარგო” საპოლიციო ტექნიკაზე/ინვენტარზე და ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება “კამიტის” სავარაუდო გამოყენებაზე.