“ვნახე ჩახუნაშვილების კვლევა – ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი ქიმიურ ნივთიერებებს” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, თქვა:
„სასურველია ცნობილი იყოს, თუ რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში აქციების დაშლა დაიწყეს, ვთქვი, რომ არ იყო სასურველი მსგავსი არაპროპორციული ძალის გამოყენება. დეკემბერი იყო, სიცივე, წყლის ჭავლი და გარკვეული ქიმიური ნივთიერებების შერევა…. რამდენიმე დღის განმავლობაში, ახალგაზრდების ერთი და იმავე ნაკადი იკრიბებოდა და განგრძობითი ზემოქმედება ჰქონდა… ასევე, ხალხის დაშლის შემდეგ თუ არ ხდებოდა ქუჩების დეზინფექცია, მაშინ ეს ნივთიერებები დიდი ხანი დარჩებოდა ზედაპირზე. 9 აპრილის გამოცდილებიდან მახსოვს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოდიოდნენ მოწამლული ადამიანები, იქ მაცხოვრებლები, ასევე სამძიმარზე მიდიოდნენ დაღუპულ ადამიანებთან, იქ კი ყვავილებთან კონტაქტის შემდეგ, ეს ნივთიერებები დიდხანს ინარჩუნებდა მდგრადობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია რა ნივთიერება იყო გამოყენებული. მოსალოდნელი იყო, რომ ამას გარკვეული ზემოქმედება ექნებოდა. მე ვნახე კვლევა, რაც ჩახუნაშვილებმა ჩაატარეს. კვლევა ჩატარებულია 1 თვე-თვე-ნახევრის შემდეგ. 70 ადამიანი გამოიკვლიეს ინსტრუმენტულად. გვიან არის ჩაწერილი, დარბევიდან 2-3 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი [ქიმიურ ნივთიერებებს]. ეს ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გაფრქვევის გზით გამოიყენება, ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს. სასურველი იყო რისკ-ჯგუფების გაფრთხილება. ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. სპეციალისტები უნდა ესაუბრონ მოსახლეობას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს. 9 აპრილის შემდეგ, ყოველდღიური კომუნიკაცია იყო მოსახლეობასთან, ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა, თუ რას იწვევდა გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, დაზიანებული ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამა შეიქმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – წარსულში მწარე გამოცდილების მქონე უკრაინა აღარ ენდობა ცარიელ დაპირებებს – დღეს, უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები სჭირდება რეალური, სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის