“ახლა ყველაფერი ძალიან კარგად არის. ძალიან ბევრი სიახლე მაქვს, როგორც კარიერულად, ასევე პირად ცხოვრებაშიც. ბევრი წლის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, დილით გაღვიძება მიხარია. ამის მიზეზი ბევრი რამ არის. ახალ სიმღერაზეც ვფიქრობ, მაქვს რამდენიმე ვარიანტი და აუცილებლად შევარჩევ. ჩემი ბედნიერების მთავარი მიზეზი კი ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი მან და ლოცვამ გადამატანინა. სამწუხაროდ, გადავდგი ისეთი ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადამედგა. მოვხვდი იქ, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი. მაგრამ ეს უკვე წარსულია და დღეს მთავარი ის არის, რომ ისევ ისე მყარად ვდგავარ ფეხზე და ვაგრძელებ ცხოვრებას. ახლა ის პერიოდი მაქვს, რომ ყველაფრის კეთება მიხარია, მთავარი ცხოვრებაშიც ეს ყოფილა. დაელოდეთ ბევრ ახალ, ლამაზ სიმღერას და სიახლეს. მინდა ვისარგებლო თქვენთან საუბრით და მთელს საქართველოს წინასწარ მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო ღვთის წყალობა, ბედნიერება და ულევი სიხარული! და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ქვეყანას მშვიდობა!” – ამის შესახებ ნინი ქარსელაძემ ექსკლუზიურად Prime Time- თან ისაუბრა.
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას “ჩემი ქალაქი” დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა “ქუჩის ბიჭებთან” ერთად ჩაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, ის აქტიურია სოციალურ ქსელებში და საკუთარი ცხოვრების შესახებ სიახლეებს სწორედ ამ გზით უზიარებს გულშემატკივრებს.
ნინი ქარსელაძე 1991 წლის 11 აპრილს დაიბადა. სამი წლის ასაკში პირველად ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. 1998 წელს დაიწყო დუეტების შესრულება ზუკა ხუციშვილთან ერთად. 1999 წელს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ნინი და ქუჩის ბიჭები“. 2003 წელს კი – სიმღერა „ჩემი ქალაქი“.
“მამის გარეშე გავიზარდე, მამა არ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, დედა იყო ჩემთვის მამაც და დედაც. ძალიან მკაცრი იყო დედაჩემი – 22 წლამდე 10 საათზე უნდა ვყოფილიყავი სახლში. კარიერას და სიმღერას რაც შეეხება, ყველაფერი, ალბათ, ხათუნას დამსახურებაა. მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც კეთდებოდა სიმღერა. ყველაზე მთავარი თვისება, რაც დედისგან ვისწავლე, ეს არის სიკეთის კეთება”, – ამბობს ნინი.
ხათუნას პირველი მეუღლე თეკუჩა ქარსელაძე იყო. 90-იანებში ხათუნას, როგორც გამორჩეული გარეგნობის გოგოს, ბევრი ეტრფოდა, მაგრამ მისი და თეკუჩას სიყვარულმა ყველა აალაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ხათუნა ყოფილ მეუღლეს ყოველთვის დადებითად იხსენებდა:
“20 წლის ვიყავი, როცა წითელზე, შუქნიშანთან, მანქანა გავაჩერე და გვერდზე რაღაც მანქანა გაჩერდა. გავიხედე იმიტომ, რომ ბიჭი მიყურებდა. როცა მწვანე აინთო, ის წავიდა, მე კი დავრჩი კიდევ ნახევარი საათით, მანქანა ვეღარ დავძარი, გული მიცახცახებდა…
მალევე გავიცანი და, დაახლოებით, 1 წლის მერე თბილისში ყველაზე მოდური და სიმპათიური ბიჭის, თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი. მერე? მერე იყო ბევრი კარგიც და ცუდიც. ყველაზე დიდი ბედნიერება ნინია, რომელიც მისი ასლია. თვითონ ყოველთვის ეამაყებოდა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა. სულ ამბობდა, ზუსტად მე ვარ ახალგაზრდობაშიო“ – წერდა ხათუნა ჟორდანია.




