„ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს სჯერა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დაშლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა კანონის დაცვით. მისი შეფასებით, BBC-ის გამოძიებაში აქციის დაშლის დროს სავარაუდოდ გამოყენებულ ნივთიერებაზე საუბრით „მოგონილი აჟიოტაჟია ატეხილი“.
„ვიდრე ადამიანებს ეტყვით, თითქოს კონკრეტული ნივთიერებით მოწამლეს, მანამდე მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო – ნივთიერება [„კამიტი“], რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება – ეს ელემენტარული ქიმიაა…“ – თქვა სარჯველაძემ.
მას ჟურნალისტმა რამდენჯერმე ჰკითხა, ცნობილია თუ არა მისთვის, რა ნივთიერებას ურევდა წყლის ჭავლში შინაგან საქმეთა სამინისტრო გასულ წელს აქციის დაშლის დროს:
„მე მეუბნებიან, რომ კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-ს, BBC-მ გადაუმოწმებლად, ნებსით თუ უნებლიედ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ, თურმე მე უნდა დავჯდე და რაღაც კონკრეტული ინფორმაციები ვარკვიო, რომელიც აპრიორი ვიცი, რომ აბსოლუტურად მცდარი და მტკნარი ტყუილია“.
არცერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც შეძლება ჰქონდეს ინფორმაცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს გამოყენებული ნივთიერების შესახებ, მის სახელსა და ქიმიურ შემადგენლობას არ ასახელებს.
რამდენიმე დღის წინ, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:
· „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
· „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, – აცხადებს სამსახური.
სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს BBC-ს საგამოძიებო ფილმის რესპონდენტები. მათ შორის ექიმები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ფორუმი




