გერმანიის ბუნდესტაგმა სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის რეფორმა დაამტკიცა

გერმანიის ბუნდესტაგმა საბოლოო კენჭისყრით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც გერმანიის შეიარაღებულ ძალებში გაწვევის რეფორმას ეხება.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი ბუნდესტაგის 323 წევრმა დაუჭირა, 272 წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი თავი შეიკავა.
იმისათვის, რომ რეფორმა დაგეგმილისამებრ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდეს, ის ბუნდესრატმაც უნდა დაამტკიცოს, რომელიც წლის ბოლო სხდომას 19 დეკემბერს გამართავს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის ინიციატივა ითვალისწინებს სავალდებულო სამედიცინო შემოწმების წესის აღდგენას. კერძოდ, 2027 წლის ივლისიდან ყველა გერმანელი ახალგაზრდა, დაწყებული 2008 წელს დაბადებულებით, ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო შემოწმების პროცედურა. პროცედურა ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ახალგაზრდას შეეხება.
მანამდე კი, 2026 წლიდან, 18 წლის ახალგაზრდებს მოეთხოვებათ შეავსონ კითხვარი, რომელშიც იკითხებიან მათი ფიზიკური მომზადებისა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებისთვის მზადყოფნის შესახებ. კითხვარის შევსება და ჯარში სამსახურისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადების გაკეთება ქალებსაც შეუძლიათ შეავსონ, თუმცა მხოლოდ ნებაყოფლობით, რადგან გერმანიის ძირითადი კანონის თანახმად, ჯარში სამსახური მხოლოდ მამაკაცებს შეიძლება მოეთხოვოთ.
რეფორმაზე გავლენას ახდენს დან მომდინარე საფრთხის ზრდის ფონზე ნატო-ს ახალი მოთხოვნა პირად შემადგენლობასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნების თანახმად, გერმანიას 2035 წლისთვის კრიზისის ან ომის შემთხვევაში დაახლოებით 460 000 ჯარისკაცის განლაგება უნდა შეეძლოს. პისტორიუსი გეგმავს ბუნდესვერის პირადი შემადგენლობის 183 000-დან დაახლოებით 260 000-მდე გაზრდას და რეზერვის 200 000-მდე გაზრდას.