2023 წლის I-III კვ.ში 2019 წელთან შედარებით საქართველოდან რუსეთში ვიზიტები 193%-ით აღდგა. როგორც PMCG კვლევითი ცენტრი საქართველოში (I-III კვ. 2023) გასვლითი ტურიზმის დინამიკის მიმოხილვაში წერს, რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის II კვარტალიდან განსაკუთრებით გაიზარდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს უკავშირდება 2023 წლის მაისში რუსეთის გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებისა და ფრენების აღდგენის შესახებ. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 2023 წლის I-III კვარტლებში ვიზიტორთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (44%) აირჩია, რომელსაც მოსდევდა ევროკავშირი (15%), სომხეთი (15%) და რუსეთი (12%).
2023 წლის I-III კვარტლებში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებულმა გასვლითი ვიზიტების რიცხვმა 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტლების მაჩვენებელს 42%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის შესაბამისი მაჩვენებლის 95%-ს შეადგენს.
2023 წლის I-III კვარტლებში დანიშნულების ქვეყნების მიხედვით ვიზიტების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია. გამონაკლისია აზერბაიჯანი, სადაც ვიზიტებმა შესამჩნევად იკლო (-18.1 პპ 2019 წლის I-III კვარტლებთან შედარებით). ეს ცვლილება აიხსნება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღვარზე შენარჩუნებული მკაცრი რეგულაციებით.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა და 2023 წლის I-III კვარტლებში საამიროებში ვიზიტების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა, რაც შესაძლოა, აიხსნას ამ ქვეყანასთან გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობებით.