ბაჩო ოდიშარია ალექსი თირქიაზე: სათვალით რატომ ზის? დევიდ ბოუვი ხარ, მარლონ ბრანდო ხარ. ვინაა, ბიჭო, ეს?

2024 წლის დეკემბერში მძიმედ დაშავებულ ალექსი თირქიას სხვადასხვა გადაცემაში სტუმრობისას მაყურებლისთვის ბოდიში არაერთხელ მოუხდია დაბურული სათვალეების გამო – მიღებული დაზიანებების შემდეგ ის საჯაროდ გამოჩენისას სახეს სათვალით იფარავს.
პროსამთავრობო „POSTV-ის“ ეთერში უჩვენეს მისი ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის სტუდიაში დაბურული სათვალით ზის.
„მე მაინტერესებს, რატომ ზის სათვალით? სათვალით გადაცემაში ჯდომა ნიშნავს, რომ „როკსტარი“ ხარ, ჯონი კეში ხარ, დევიდ ბოუვი ხარ, მარლონ ბრანდო ხარ. ვინაა, ბიჭო, ეს?“, – ამბობს პროპაგანდისტული Postv-ის წამყვანი და ეროვნული კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი ბაჩო ოდიშარია თავის გადაცემაში თირქიაზე
POSTV-ის ეთერში უჩვენეს ალექსი თირქიას ინტერვიუს ფრაგმენტიც, სადაც დაზარალებული ამბობს:
„ერთადერთი, რასაც ვხედავ კადრებიდან არის, თუ როგორ გადავყავარ აქტივისტებს სასწრაფო დახმარების მანქანამდე“.
დაზარალებულის ამ კომენტარზე კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლის, ბაჩო ოდიშარიას რეპლიკა კი ასეთი იყო:
„მაგ კადრებსაც სათვალით უყურებს? [სათვალე რატომ უკეთია?] ფინგალში ვარო?“
ალექსი თირქია 2024 წლის დეკემბერში აქციის დაშლის დროს სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის ყუმბარით მძიმედ დაშავდა – ის კლინიკაში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით შეიყვანეს.
ის ერთი კვირის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იყო, გაიკეთა არაერთი ოპერაცია. ცალ თვალზე ჩატარებული ორი ოპერაციის მიუხედავად მხედველობა 10%-ზე აქვს. მისი საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.