რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაურმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილემ, აპტი ალაუდინოვმა ინტერვიუ მისცა პუტინისტ ნიკოლოზ მჟავანაძეს. ალაუდინოვმა ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.
ალაუდინოვმა რამდენჯერმე გაიმეორა მტკიცება, რომ საქართველო რუსეთთან გადაჯაჭვულია. მან არასწორად თქვა, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში 1640 წელს შევიდა. ალაუდინოვის თქმით, ქართველები რუსეთის მხარეს უნდა იდგნენ.
“”გამარდჟობა გენაცვალე” – ამით დავიწყებ. ასე ვიტყვი, დღეს ქართველებიც ჩვენი საერთო ისტორიაა. ერი, რომელიც [რუსეთის] შემადგენლობაში იყო 1640 წლიდან, ძალიან მჭიდროდაა გადაჯაჭვული რუსეთის სახელმწიფოსთან, [ერი,] რომელიც ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა სწორედ იმ მხარდამჭერით, რომელსაც ქართულ სახელმწიფოს რუსეთის, რუსი ერი უწევდა. რა თქმა უნდა, ის ჩვენთან ერთად იგივე მხარეს უნდა იყოს, რადგან ქართველები მართლაც არიან ჩვენთვის ისტორიულად ახლობელი ადამიანები.
თუკი ვილაპარაკებთ [ახლობლობაზე] ჩვენთან, ჩეჩნებთან, მე ამას ყოველთვის ვამბობ – ქართველები და ჩეჩნები არიან ერები, რომლებსაც საერთო მამა ჰყავთ, ჩვენ გვყავს საერთო წინაპარი – თარგამოსი. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველ ხალხს, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. იყო დრო, ქართულად სრულყოფილად ვლაპარაკობდი.” – თქვა ალაუდინოვმა.
ალაუდინოვის თქმით, “ქართველმა ძმებმა უნდა გაიგონ”, რომ რუსეთი “არ იბრძვის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”, არამედ, მისივე მტკიცებით, NATO “აწარმოებს პროქსი ომს” რუსეთის წინააღმდეგ “უკრაინელების გამოყენებით”. ალაუდინოვის თქმით, რუსეთს “დიფ სთეითი” ებრძვის. მისი მტკიცებით, მათ რუსეთის სახელმწიფოს დანგრევა და მათი რესურსების მითვისება სურთ.
“ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის დიფ სტეიტი, რომელშიც შედიან ამერიკელი და ევროპელი ოლიგარქებიც.” – თქვა ალაუდინოვმა.
ალაუდინოვი ირწმუნება, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის ომი გარდაუვალია. მისი მტკიცებით, ეს ყველაფერი “წმინდა წერილში წერია”.
“რუსეთისა და NATO-ს ომი გარდაუვალია. საკითხავია როდის. NATO-ს ბლოკი არ შეჩერდება იქამდე, სანამ ჩვენ პირდაპირ არ შევერკინებით. ეს მოხდება. ეს წმინდა წერილში წერია. ამ წმინდა წერილებიდან ვიცით, რომ იქნება მოვლენები, როცა თითქმის მთელ მსოფლიოს შევეჯახებით. ეს ჩვენთვის სიახლე არაა. აი, რატომ ვამზადებთ თავს ამ ომისთვის. აი, რატომ არ შეუძლია NATO-ს ბლოკს წინააღმდეგობა. თუ თავს არ დაგვანებებენ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. მე გავიმეორებ პუტინის სიტყვებს. ძალიან მომწონს ეს სიტყვები: “რაში გვჭირდება მსოფლიო, რომელშიც რუსეთი არ არსებობს”.” – თქვა ალაუდინოვმა.
ალაუდინოვის თქმით, საქართველოში დღეს ესმით, რომ “ამერიკას არაფერი კარგი მოუტანია”. მისივე მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია რუსეთთან კავშირი.
“ის სახელმწიფოები, რომლებმაც ზურგი გვაქციეს და ფიქრობდნენ, რაც შეიძლება ჩქარა ევროპისკენ გაქცეულიყვნენ და ამერიკას ჩახუტებოდნენ, მათაც ნელ-ნელა გამოფხიზლება დაიწყეს. იგივე საქართველომ. დღეს საქართველოს ხომ ესმის, რომ ამერიკას არაფერი კარგი არ მოუტანია საქართველოსთვის. თქვენ დაკარგეთ ყველაფერი, რაც გაგაჩნდათ. თქვენ ეს ყველაფერი დაკარგეთ. თქვენი ისტორია, არის ისტორია, რომელიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული რუსეთთან. თქვენი ეკონომიკა მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული რუსეთის ეკონომიკასთან. რა თქმა უნდა, საქართველო კარგად იქნებოდა, ჩვენი ურთიერთობა ადრინდელივით ყოფილიყო. რატომ? რადგან ასე საქართველო წამოწევდა თავის ეკონომიკას.” – თქვა ალაუდინოვმა.
ალაუდინოვი ფიქრობს, რომ საქართველოში დღის წესრიგად უნდა წამოიჭრას “რუსეთთან დაბრუნება”. მან მრავალი ფაქტობრივი შეცდომით ახსენა გეორგიევსკის ტრაქტატიც, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის 1783 წელს გაფორმდა. ალაუდინოვის მტკიცებით, ეს შეთანხმება 1640 წელს დაიდო.
“დღეს ამერიკის მიერ ნაყიდ და გამოზრდილ ადამიანთა მცირე პროცენტი თქვენთან მართავენ მიტინგებს, ცდილობენ ხელისუფლების დამხობას. ყველაზე მარტივი რამ – ხომ არ მოსულა დრო, ქართველი ხალხი უკან, რუსეთს დაუბრუნდეს? იმ ურთიერთობებს, რაც გვქონდა. აი, როგორ უნდა დადგეს საკითხი. რუსეთი ისევ იქ იმყოფება, სადაც იყო, როცა ოსმალთა ხალიფატისგან, თურქებისგან გაქცევის დროს საქართველომ ითხოვა რუსეთის კალთის გადაფარება, 1640 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატით. რუსეთს ხომ არ დაუპყრია საქართველო, არამედ საქართველო მივიდა რუსეთთან და სთხოვა გადაერჩინა თურქებისგან. შეკითხვა – სად წავიდა იმ ქართველების გენეტიკური მეხსიერება, რომლებიც ქართველებად და სახელმწიფოდ რუსეთის ფედერ… უფრო სწორად მაშინდელი რუსეთის მეშვეობით დარჩნენ.” – თქვა ალაუდინოვმა.
ჩეჩენი მაღალჩინოსნის აზრით, ქართველები რუსეთის გვერდზე უნდა დადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომელსაც თავად “პროქართულს” უწოდებს, დაამხობენ და ქართველებს გააკეთებენ იმას, რაც “სასიკეთო იქნება” “დიფ სთეითისთვის”.
“დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ეს ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიყავით, ჩვენ თქვენსავით მართლმადიდებლები ვართ და ჩვენ თქვენს გვერდზე ვიდგებით. ამ შემთხვევაში საქართველო გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, თუ საქართველო დღეს ამას არ დათანხმდება და ასე არ იმოქმედებს, ადრე თუ გვიან საქართველოს მაინც შეარყევენ, გადააგდებენ იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს ნამდვილად არის პროქართული – ის არაა პრორუსული, ის პროქართულია. ხელისუფლება, რომელსაც სურს, ქართველები იყვნენ კარგად. დასვამენ ხელისუფლებას, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რაც კარგი იქნება ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის და დიფ სთეითისთვის, რომელიც მათ ზურგს უკან დგას, და არა ქართველებისთვის.” – თქვა სპეცრაზმი ახმატის მეთაურმა.
ალაუდინოვის მტკიცებით, ქართული “გენეტიკური მეობა” ახლოს დგას რუსულ მართლმადიდებლობასთან.
“როგორ წარმოგიდგენდით 20-30 წლის წინ, რომ ქართველები გეი პარადებს ჩაატარებდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ? ქართველები და გეი პარადები. სად არიან? რომელ პოლუსებზე? რა დაემართათ ქართველებს? 30 წელი. ფული. ხალხი გაჰყავდათ. იქ ემზადებოდნენ. იქეთ მიემართებოდნენ. იქიდან იგზავნებოდნენ გავლენის აგენტები. შიგნიდან ხლეჩდნენ და დღეს შექმნეს მოსახლეობის ასეთი საშუალო ფენა, რომელიც მზადაა მათი ღირებულებებისთვის იბრძოლონ.
ახლა შეკითხვა – ქართველებო, თქვენი გენეტიკური მეობა ვისთანაა, ევროპულ ლგბტ-სთან? თუ მაინც რუსულ მართლმადიდებლობასთან? სადაა? თქვენი გენეტიკური მეობა იმყოფება იქ, სადაც არის რუსული მართლმადიდებლობა. ეს თქვენი საერთო რწმენაა, ეს თქვენი საერთო ისტორიაა. მოდი, გამოფხიზლდით.
ჩვენ ქართველები გვიყვარდა, გვიყვარს და გვეყვარება. რატომ? რადგან გვაქვს საერთო ისტორია, რომელშიც ჩვენ, ისტორიულად, ყოველთვის ძმები იყავით. თქვენ ჩვენთვის განცალკევებულები არც სააკაშვილის დროს ყოფილხართ. ქართველებთან, როგორც ხალხთან, არასდროს ვმტრობდით. კვლავ ვინახავთ სიყვარულსა და პატივისცემას ერთმანეთის მიმართ, რადგან ქვეყნების ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ხალხი კი ერთმანეთს ვერ გაექცევა. როგორც ვცხოვრობდით ისტორიულ მეზობლებად, კვლავ ეგრე ვიცხოვრებთ. ესაა მთელი სიმართლე.” – თქვა ალაუდინოვმა.
პუტინისტმა მჟავანაძემ ალაუდინოვი საქართველოში დაპატიჟა. დაპატიჟების პასუხად ჩეჩენმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ უნდა საქართველოს ესტუმროს.
“ძალიან მიყვარს საქართველო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველებს და ღმერთმა ქნას, ოდესმე, როცა შევძლებ, აუცილებლად მინდა საქართველოში ჩამოსვლა, რათა გესტუმროთ, რადგან ნამდვილად გვყავს საერთო წინაპრები, საერთო მამა და ვართ გენეტიკურად ახლობელი ხალხი. ამიტომ, ღმერთმა ქნას, და ეს ასე იქნება, რომ კვლავ ერთმანეთს ვესტუმროთ ხოლმე.” – თქვა ალაუდინოვმა.
“ადრე როგორ იყო. როგორ ცხოვრობდნენ ჩეჩნები და ქართველები. ქართველები მოდიოდნენ. აქ გვსტუმრობდნენ. ესენი მიდიოდნენ, იქ სტუმრობდნენ. სანამ სტუმრად არიან, თუ ჩეჩენს შვილი უჩნდება, სტუმრად მყოფი ქართველი ძმის სახელს არქმევდა. ესენი იქ მიდიოდნენ, შვილი გაუჩნდებოდათ და დაარქმევდნენ სტუმრად მისული ძმის სახელს. ასე ვცხოვრობდით. ეს ჩვენი ისტორიაა. მერე ვიღაცამ მოგვიყვა, როგორი ცუდები ვართ ერთმანეთისთვის. ახლა შეკითხვა – ჩვენი ისეთი ბავშვები ვართ, მათ დავუჯეროთ? თუ მაინც დავუბრუნდებით ჩვენი წინაპრების ტრადიციებსა და წესებს? რა თქმა უნდა, ჩვენს ფესვებს დავუბრუნდებით და ყველაფერი კარგად გვექნება.” – დაასრულა ინტერვიუ ალაუდინოვმა.
ინტერვიუს ჩაწერას ესწრებოდა საქართველოში რეგისტრირებული ღიად პრორუსული პარტიის, სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერი მამუკა ფიფიაც, რომელიც კადრში გამოჩნდა კიდეც. გასულ კვირებში ფიფია ალაუდინოვს სიტყვით გამოსვლის დროსაც ციტირებდა. მისი გამოსვლის ვიდეო კი ჩეჩენმა მაღალჩინოსანმა საკუთარ ტელეგრამ არხზეც გადააზიარა.
წყარო




