ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება – მიქანაძე უმაღლეს სასწავლებლებზე

“ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, უქმდება საგრანტო ან ვაუჩერული დაფინანსება. ოღონდ, ეს შეეხება მხოლოდ პირველკურსელებს. მოქმედი სტუდენტები სწავლას არსებული სისტემით დაასრულებენ.
რეფორმის ეს ნაწილი მომავალი წლიდან ამოქმედდება.
“მეორე კურსიდან ზემოთ სტუდენტები ჩვეულებრივად დარჩებიან იმ საგრანტო დაფინანსებაზე. ოღონდ, მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს, ამ მოცემულობაში უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება. როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მატულობს. მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ამ საჭიროებების მიხედვით ჩვენ გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა გვაქვს ჩვენ შემდეგი 3-4 წელიწადი გარდამავალი პერიოდი […] საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან მიმართებით, შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა – ეს იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და მათთან მიმართებაში იქნება შესაბამისი თანხები გადახდილი და თუკი დამატებითი საჭიროება წარმოიშობა კონკრეტულ მიმართულებებზე კერძოებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევშაი კერძოებთან მიმართებაშიც [იქნება დაფინანსება]”, – განაცხადა მიქანაძე,
განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია “ქართული ოცნების” მთავრობამ 1-ელ დეკემბერს დაამტკიცა. გივი მიქანაძის განმარტებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება.
მიქანაძის თქმით, რეფორმის შემდეგ იქნება “ორი ჰაბი – თბილისში და ქუთაისში”. როგორც “ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა განმარტა, ეს ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში იქნება ყველა ფაკულტეტი. თუმცა, ეს ფაკულტეტები განაწილდება უნივერსიტეტების მიხედვით. მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტისთვის განიხილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიქანაძის თქმით, მომავალი წლიდან თბილისში მოქმედი სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები – ილიაუნი, ტექნიკური უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვეღარ მიიღებენ სტუდენტებს იურიდიულ ფაკულტეტზე. ამ უნივერსიტეტებში ეს მიმართულება იარსებებს იქამდე, სანამ იურიდიული ფაკულტეტის მოქმედი სტუდენტები სწავლას არ დაასრულებენ.
ამავე თემაზე:
· “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” – რის შეცვლას აპირებს “ოცნება” უმაღლეს განათლებაში
· „თბილისში სტუდენტების წილი 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს. ეს არის ამოცანა“ –
· სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება, მე-12 კლასი მსურველებისთვის გაიხსნება – მიქანაძე