“2019 წელთან შედარებით, ჩვენი შემოსავალი 50%-ით შემცირდა”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ახალ გუდაურში არსებული კაფე “მთვრალი ალუბლისა” და “მთის კურორტების ბიზნესასოციაციის” თანადამფუძნებელი, მირანდა ესაკია საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზამთრის კურორტზე მაღალ მსყიდველობითუნარიანი ტურისტები აღარ ჩადიან. მისი თქმით, თუ აქამდე გუდაურს ევროპისა და აღმოსავლეთ ქვეყნების მსყიდველობითუნარიანი ტურისტები სტუმრობდნენ, დღეს ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი.
“სტუმრები “მთვრალ ალუბალში” დადიოდნენ ინგლისიდან, საფრანგეთიდან, საუდის არაბეთიდან… ისინი ფასის შესაბამის მომსახურებას ელოდნენ, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესი ყოველთვის ახვედრებდა. დღეს ტურისტებიდან მხოლოდ დაგვრჩა რუსები, რომლებსაც მხოლოდ 2-ლარიანი ჭაჭა აინტერესებთ და გადახდისუუნარო სტუმრები არაბეთიდან და ინდოეთიდან”, – ამბობს ესაკია.
“მთვრალი ალუბლის” ხელმძღვანელი BM.GE-სთან საუბრისას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, რომლის თანახმადაც გუდაურში დამსვენებლების რაოდენობა კვების ობიექტში არსებული მაღალი ფასების გამო შემცირდა.
“სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუდაურში ტურისტი არ ჩამოდის და ეს ადგილობრივი ბიზნესების ბრალია. რეალურად, ტურისტი თუ არ ჩამოდის, ეს ხელისუფლების იმ მავნე პოლიტიკის ბრალია, რომელიც ბოლო წლებშია აქ არის. უსაფრთხოება დაცული არ არის, დღემდე გზა არ არის დაგებული, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ გადაადგილდება და დაშავებულ მოთხილამურესთან მისვლა ზოგჯერ საათზე მეტხანს აგვიანდება, გზა გაწმენდილი არ არის და მანქანები იჭედებიან, არც პარკინგია მოწესრიგებული. როდესაც ასეთი ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემები ვერ გვარდება, მაღალი დონის ტურისტი როგორ ჩამოვა?”, – ამბობს მირანდა ესაკია და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან ამ გამოწვევებზე კომუნიკაცია ყოველწლიურად აქვთ, თუმცა უშედეგოდ.
გარდა ამისა, მირანდა ესაკია განმარტავს, რომ კურორტზე სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი კვების ობიექტებია განთავსებული და მათ ობიექტზე ფასები სერვისის შესაბამისია.
“მთელ მსოფლიოშია ტენდენცია, რომ ზამთრის კურორტები ძვირია. როდესაც გათბობის ხარჯები ორმაგი გაქვს და პერსონალს ღირსეულ ანაზღაურებას უხდი (ჩვენთან ხელფასები 2500 ლარიდან იწყება), თან მაღალი სტანდარტის მომსახურებასა და ხარისხიან კერძებს სთავაზობ, ტურისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხაჭაპური 40 ლარი ეღირება თუ 80. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც “მთვრალი ალუბლიდან” გარეთ გახვალ და ელემენტარული პირობები არ დაგხვდება.
არის ადგილებიც, სადაც უფრო იაფად შეჭამთ, ისევე როგორც თბილისშიც არის ადგილები, სადაც სიძვირეა. გუდაურში მიჩვეულები ვართ მაღალ მსყიდველობითუნარიან ევროპელ ტურისტებს, ახლა რუსების მომსახურე ქვეყნად გადავიქეცით და ამ შედეგსა და დონეს ვიღებთ, სამწუხაროდ”, – ამბობს მირანდა ესაკია.
“მთის კურორტების ბიზნესასოციაციის” თანადამფუძნებელი BM.GE-სთან გუდაურის საერთაშორისო ცნობადობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წინა წლებში აქ მომხდარი უბედური შემთხვევები, დამსვენებლებისა და უცხოელი ინსტრუქტორების ცემის ფაქტები და მსგავსი უარყოფითი გამოცდილება, ქვეყნისა და გუდაურის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება.
მისი თქმით, გასულ წლებში ზამთრის სეზონზე სასტუმროების დატვირთულობა მარტის თვის ჩათვლით გრძელდებოდა, წელს კი ჯავშნების მიღება შემცირებულია: “ძალიან ცუდად მიდის მომდევნო თვეების ჯავშანი, ჩვენც სულ უცხოელებთან გვაქვს ურთიერთობა და უსაფრთხოების მიზეზით არ ჩამოდიან”.