უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ „უკიდურესად რთული“ უწოდა დონეცკის ოლქის ქალაქების, პოკროვსკისა და მირნოგრადის დაცვის ახლანდელ ეტაპს. რუსეთმა პოკროვსკი „გათავისუფლებულად“ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.
დღეს, 4 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა არმიის მთავარსარდლის, გენერალ სირსკის განცხადება, რომ „განაგრძობენ პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციის დაცვის უკიდურესად რთულ ეტაპს“. გენერლის ინფორმაციით, ბრძოლა გრძელდება და უკრაინული ქვედანაყოფები ისევ ინარჩუნებენ პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილს.
ოლექსანდ სირსკის თანახმად, პოკროვკისა და მირნოგრადის რაიონში აქტიური მოქმედებებით ბლოკავენ მოწინააღმდეგის მცდელობებს, თავი მოუყაროს მოიერიშე ქვეით ჯგუფებს და წინ წაიწიონ ამ დასახლებული პუნქტებისთვის გვერდის ავლით.
გენერალ სირსკის ცნობით, უშუალოდ ქალაქებში უკრაინელი მეომრები ისევ ინარჩუნებენ „გარკვეულ რაიონებს“.
უკრაინის არმიის მთავარსარდლის განცხადებით, „მაშინ, როცა ოკუპანტები არ ითვალისწინებენ ცოცხალი ძალის დანაკარგებს, უკრაინელ მეთაურებს მკაფიოდ ესმით მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელობა“.
1 დეკემბერს კრემლის საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების მართვის ერთ-ერთ პუნქტში, სადაც მას გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა მოახსენა, რომ „გაათავისუფლეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქალაქი კრასნოარმეისკი და ხარკოვის ოლქის ქალაქი ვოლჩანსკი“.
რუსეთი კრასნოარმეისკს უწოდებს უკრაინაში ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს.
კრემლის ცნობითვე, საჯარისო დაჯგუფების, „ცენტრის“ სარდალმა ვალერი სოლოდჩუკმა პუტინს მოახსენა, რომ აკონტროლებენ ქალაქ დიმიტროვის სამხრეთ ნაწილსაც. რუსეთი დიმიტროვს უწოდებს უკრაინის ქალაქ მირნოგრადს, რომელიც დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში მდებარეობს.
რუსეთის ამ განცხადების პასუხად უკრაინამ უარყო, რომ პოკროვსკზე კონტროლი სრულად დაკარგა.
ფორუმი




