რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ პირველად ილაპარაკა უკრაინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე, რომელიც 2 დეკემბერს კრემლში გაიმართა.
ინდოეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის წინ, რომელიც 4 დეკემბერს იწყება, პუტინმა კრემლში ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია India Today-ს. ინდური ტელეარხის ინფორმაციით, ინტერვიუ ეთერში სრულად გავა 4 დეკემბერს, საღამოს.
მანამდე რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა, „რია ნოვოსტიმ“ და „ტასმა“ გაავრცელეს ამ ინტერვიუდან პუტინის ზოგიერთი განცხადება.
რუსეთის პრეზიდენტმა „საჭირო“ და „ძალიან სასარგებლო“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან კრემლში 2 დეკემბერს გამართულ ხუთსაათიან შეხვედრას, რომელზეც სამშვიდობო წინადადებების „თითოეული პუნქტი გაიარეს”.
პუტინის თანახმად, ამერიკულმა მხარემ გეგმის თავდაპირველი ვარიანტის 28 პუნქტი ოთხ ცალკე პაკეტად დაანაწილა და მათი განხილვა შესთავაზა, თუმცა არსებითად ეს იგივე პუნქტებია. პუტინის განცხადებით, რუსეთი ზოგიერთ წინადადებას არ დასთანხმდა. რომელს, არ დაუკონკრეტებია.
სააგენტო „ტასს“ მოჰყავს ინდურ ტელეკომპანიასთან პუტინის ინტერვიუს კიდევ ერთი ფრაგმენტი, რომლის თანახმად, რუსეთი დონბასს ნებისმიერ შემთხვევაში „გაათავისუფლებს ან სამხედრო გზით, ან უკრაინის ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ომს შეწყვეტენ“.
კრემლში 2 დეკემბერს გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისი თანაშემწე იური უშაკოვი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, რომელიც უკრაინის შესახებ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ჩართულია პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი.
უიტკოფი და კუშნერი აშშ-ის სახელმწიფო მდივან რუბიოსთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებაშიც, რომელიც 30 ნოემბერს ფლორიდაში გაიმართა.
ამერიკელებთან კრემლში შეხვედრის შემდეგ პუტინის თანაშემწე უშაკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით კომპრომისული ვარიანტი არ არსებობს, მუშაობა გაგრძელდება და შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების შინაარსს არ გაასაჯაროებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უიტკოფს და კუშნერს პუტინთან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და შთაბეჭდილება დარჩათ, რომ მას ომის დასრულება სურს. თუმცა, ტრამპის თქმით, ვერ იტყვის, რა გამოვა ამ შეხვედრიდან, რადგან „ტანგოს ორი სჭირდება“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტთან კრემლში გამართული მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან.
დასავლეთის მედიასაშუალებების წყაროთ ცნობით, უკრაინის დელეგაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით 4 დეკემბერს ჩავა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში, სადაც პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს, სტივენ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდება.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინის ელჩმა ვაშინგტონში ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ 4 დეკემბერს რუსტემ უმეროვი შეერთებულ შტატებში იქნება და ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებას გააგრძელებს.
· შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ნოემბერში შეთავაზებული თავდაპირველი გეგმა, რომელმაც მედიაში გაჟონა, დიდწილად ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
· გეგმაში ცვლილებები შევიდა 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ უკრაინის პარტნიორი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებიც.
· მხარეები განახლებული გეგმის დეტალებზე ოფიციალურად არ საუბრობენ.




