„რიზორთ ბლუ დაიმონდი“ ტყიბულში ნახევარკუნძულს 2.5 მლნ ლარად აუქციონზე ყიდის – რის აშენება იგეგმება 79 728 კვ.მ-ზე

შპს „რიზორთ ბლუ დაიმონდი“ ტყიბულში ნახევარკუნძულს 2.5 მლნ ლარად აუქციონზე ყიდის. კომპანიას 79 728 კვ.მ-ზე მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული აქვს და შეთანხმებული პროექტის დასრულების ვალდებულება 2026 წლის ნოემბრამდეა.
„პროექტი დამტკიცებულია. ტყიბულში ახალსოფლის ტბის მიმდებარედ არის ნახევარკუნძული, არის შემოღობილი ე.წ. მწვანე მესერით, დგას ორი საცხოვრებელი კონტეინერი. ქუთაისის აეროპორტიდან არის 30 წუთის გზაზე. ამბროლაურის აეროპორტიდან 40 წუთის გზაზე.
მიწას აქვს მშენებლობის ვალდებულება 2026 წლის ნოემბრის თვემდე, შესაბამისად მშენებლობის ნებართვაც გაცემულია აღნიშნული ვადის ამოწურვამდე. შესაძლებელია განვადების გაფორმება შეთანხმების საფუძველზე“, – ნათქვამია აუქციონის აღწერაში.
აუქციონი 27 იანვარს დასრულდება.
ნაკვეთის მფლობელი კომპანია შპს „რიზორთ ბლუ დაიმონდი“ 2022 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა, მისი დირექტორი ერაყის მოქალაქე ფაჰარ ლუაი კარიმ ალ-ბაღდადია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ინგა კურტანიძე.