ენათმეცნიერი მარინე ბერიძე:
აი, რა: არანაირი კავშირი სასკოლო ფორმების ტარებასა და სოციალურ ჰუმანურობას შორის არ არსებობს: როგორი კონცეფციაც არ უნდა შემუშავდეს უნიფორმისთვის, მას აუცილებლად ექნება მდიდრული და ღარიბული ვარიანტები: ქსოვილის, თარგის, აქსესუარების, თავსაბურავის, ფეხსაცმლის… ვარიაციები; ჩვენს დროსაც იყო: ბაილონის ფორმის კაბა, პლისე ქვედაბოლოები. ნაირ-ნაირი თარგის წინსაფრები, ბაფთები …
მე მახსოვს, ჩემი ნაცნობები და მათი ახლობლები საქართველოს ერთი (მაშინ სიმდიდრით განთქმული) პატარა ქალაქიდან კისლოვიდსკის “ტალკუჩკაზე” მიდიოდნენ ხოლმე საპირველსექტემბრო საყიდლებისთვის. იქ იშოვებოდა სწორედ მოსკოვური “პრიალა” რვეულები, იქაური ფაბრიკების შეკერილი “სტილნი” ფორმები გოგონებისა და ბიჭებისთვის და. რაც მთავარია, ფეხსაცმელები, რომლის ვარიაციულობაც შეუზღუდავი იყო, როგორც ფორმისა და მასალის, ისე ბრენდული წარმომავლობის გამო. ის შეიძლება “ფირმენიც” ყოფილიყო. ამიტომ იყო, რომ იძულებით სატარებ უნიფორმას, თუნდაც ქალაქის ყველაზე კარგ მკერავთან ყველაზე კარგი მასალისგან შეკერილს, მთლიანად გადასწონიდა ხოლმე
ფეხსაცმელები. მახსოვს, ერთ ოჯახში თითქმის მანქანის ყიდვას დაემსგავსა საგამოშვებო “პროკურორების” ( მგონე ასე ერქვა იმ მოდელს) შეძენა.
…
ჰოდა, მე არც ისტორიკოსი ვარ, არც ანთროპოლოგი, დრესკოდისა და პოლიტიკის ნიუანსური კავშირები ვარკვიო, მაგრამ თანამედროვე სოციალური ქსელის ნარატივების დაკვირვებისა და ანალიზის გარკვეული გამოცდილება კი მაქვს, რომ სულ ცოტა, ჩემს “ბაბლს” ვურჩიო: მიხურეთ ის “სარკმელები” საიდანაც სკოლებში უნიფორმის ტარების “სოციალურ სამართლიანობაზე” გიყვებიან. მაქედან ცუდი სუნი და მავნე პროპაგანდისტული ნიავი შემოდის. ეტყობა მაგ ხალხს არ უნახავს, ირანში საკუთარ მანქანაში თავსაბურავის მოხალვათებისთვის ქუჩაში გაროზგილი ქალები… აუხსენით, რომ სოციალური სამართლიანობა სიღარიბის აღმოფხვრა და მისი საბოლოო დამარცხებაა და არა სიღარიბესთან თავის მოხრა და მასთან თვალთმაქცური გათანაბრება.
…
პ.ს. ამას წინათ ჩემი უახლოესი მეგობარი მიყვებოდა თავის 14 წლის ქალიშვილზე: თავისი სტილი აქვს ჩაცმის, დავყავარ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში, ირჩევს, ჭრის. კერავს, უხამებს, ქმნის საკუთარ სამოსს და იმას იცვამსო…
წარმოდგენაც არ მინდა, რომ იმ ჩემს საყვარელ გოგოს ეს შესაძლებლობა ვინმემ წაართვას და ყალბი პათოსით, თვალთმაქცური “სამართლიანობის” საბაბით თუ , უბრალოდ, “ნაჩალნიკებთან” დანაშაულებრივი თანამონაწილეობით დაუნგრიოს საკუთარი თავის ძერწვის ეს ულამაზესი ასაკი.
…
დაანაბეთ ბავშვებს თავი!
ცეცხლს ეთამაშებით!




