“ნივთიერება იყო გარეული… მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული”, – ვინ როგორ გაიგო პრემიერის განცხადება
“ამიერიდან, ვინც პოლონეთში შესვლას მოახერხებს, იქვე უნდა დარჩეს, რადგან ვეღარ გადავლენ გერმანიასა და საფრანგეთში”
კვარტალური სამხედრო-ჟურნალ „არსენალის“ 2025 წლის დეკემბრის N4 (296) ნომრის მიმოხილვა
* * *
“ნივთიერება იყო გარეული… მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული”, – ვინ როგორ გაიგო პრემიერის განცხადება
“ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში გარკვეული ქიმიური ნივთიერება იყო გარეული, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ეს არ იყო ბრიტანული “ბი-ბი-სის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვარაუდის დონეზე ნახსენები მომწამვლავი ნივთიერება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ განცხადებებით ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები თავად დაადასტურა. ყოფილმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ ნივთიერება, რომელიც “ბი-ბი-სის” აქვს ნახსენები, 2012 წლის შემდეგ აღარ გამოიყენებოდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნივთიერება იყო გარეული… მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული”, – ვინ როგორ გაიგო პრემიერის განცხადება.
“ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაცებმა” კატა გამოთხარეს”, – განაცხადა გომელაურმა. ამასთან დაკავშრებით პრემიერმა ირაკლი კობახიძე 3 დეკემბერს თქვა, რომ 2009 წელს “რაღაც ფხვნილი” მართლა შეიძინა მაშინდელმა შსს-მ, მაგრამ ეს არ იყო “ბი-ბი-სის” მიერ ნახსენები “კამიტი”. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ისაუბრონ თუ არა მინიმუმ კობახიძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუ აღმოჩნდა, რომ მისი მმართველობის პირობებში გამოიყენეს ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ, პრემიერმა უპასუხა: “2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის რომ შეუძენია, თუ ასეთი რამე დადგინდა. არ გისურვებთ, რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვლინდეს, როგორც დამნაშავე ამ საქმეში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გარდა ამისა, პრემიერმა დაადასტურა, რომ აქციების დაშლის დროს მართლა ურევდნენ რაღაც ფხვნილს წყალში, მაგრამ გამოძება გვაჩვენებს რა ფხვნილი იყო ეს და არის თუ არა ეს ფხვნილი აკრძალული. “რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული – შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ნივთიერება “კამიტი” არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის არც “ნაცმოძრაობის” რეჟიმის პირობებში”, – აღნიშნა პრემიერმა. კითხვაზე, აპირებს თუ არა შს სამინისტრო გამოაქვეყნოს, თუ რა იყო წყლის ჭავლში გარეული, კობახიძემ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია წარედგინება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ განცხადებებით ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები თავად დაადასტურა”, – განაგრძობს გამოცემა.
“დაუჯერებელი ამბავი გავიგეთ ირაკლი კობახიძისგან – რომ გასულ წელს წყლის ჭავლში იყო გარეული იმ კოდის ქვეშ მყოფი ნივთიერება, რაზეც საუბრობდა “ბი-ბი-სი”. რეალურად დაადასტურა კობახიძემ, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერება, როგორც “ბი-ბი-სი” ამბობდა და როგორც მათ მოიპოვეს შსს-დან გაჟონილი ინფორმაცია, მართლაც აქვთ შეძენილი. ახლა, დღეს, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები იყო სავარაუდოდ შერეული. ამ კოდის ქვეშ ყველა არის ძალიან ტოქსიკური და მავნე ნივთიერება. ბრიტანელი ექსპერტი ამბობდა, რომ “კამიტზე” უარესი ნივთიერებებია ყველა დანარჩენიო. ხალხო, საშინელება მოხდა. ეს არ იყო წყლის ჭავლი! ქიმიური ნივთიერებების ჭავლი იყო! უამრავმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება”, – განაცხადა “საქართველოს ევროპული ორბიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ”, – დასძენს გამოცემა.
“პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ბი-ბი-სის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს უწოდებს. “ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ მოლაპარაკე თავები, რომელიც გამოაჩინეს კიდევ ერთხელ, ნაფთალინიდან ამოიღეს სალაპარაკოდ. მათ შორის ბროუდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობდა, რომელსაც იმის შემდეგ ხმა არ ამოუღია საქართველოსთან დაკავშირებით და უცებ გამოცოცხლდა, რატომღაც ამ თემით დაინტერესდა – განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის თქმით, “ეს ხომ აჩვენებს, რომ ჩვეულებრივად პროპაგანდისტები გამოიყვანეს იმისთვის, რომ ეს თემა რაიმენაირად შეეფუთათ”, – წერს სტატიის ავტორი.
“პოლონეთის გზა ჩაიხერგა – “ამიერიდან, ვინც პოლონეთში შესვლას მოახერხებს, უნდა დარჩეს, ვეღარ გადავლენ გერმანიასა და საფრანგეთში”
“1-ლი დეკემბრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების შესაძლებლობა გაუქმდა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ეს მაშინვე საქართველოს ხელისუფლების “ანტიევროპულ” ნაბიჯებს დაუკავშირეს, არადა სინამდვილეში პოლონეთი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, ევროპარლამენტის მიღებულ კანონებს დაემორჩილოს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი პოლონეთის მთავრობას ბევრ პრობლემას უქმნიდა. პოლონეთში ქართველების დასაქმებაზე მომუშავე “ეიჩარ რეკრუტორმა” ირინა ნამიჭეიშვილმა განაცხადა, რომ აქამდე, გამარტივებული წესით, ანუ მხოლოდ დეკლარაციის შევსებით დასაქმება მხოლოდ ორ სამუშაო კვირას მოითხოვდა. ახალი რეგულაციით, სრულყოფილი სამუშაო ნებართვაა საჭირო და ეს პროცედურები, დაახლოებით, სამიდან ოთხ თვემდე იწელება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქართველი ემიგრანტებისთვის და არა მარტო მათთვის პოლონეთის გზა ჩაიხერგა / “ამიერიდან, ვინც პოლონეთში შესვლას მოახერხებს, იქვე უნდა დარჩეს, რადგან ვეღარ გადავლენ გერმანიასა და საფრანგეთში”.
“ამას ემატება ისიც, რომ საკმაოდ ძვირი ღირს ნებართვა. თუ აქამდე უფასოდ კეთდებოდა სამუშაო ნებართვა ან კანდიდატი მცირედს იხდიდა, ახლა 400 ზლოტის გადახდა მოუწევს. “მხოლოდ მე, თვეში 40 ადამიანზე მეტს ვასაქმებდი. კანდიდატების უმრავლესობა მოდიოდა ოჯახებით. პოლონეთი აქამდე იყო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ მარტივად ხდებოდა ლეგალიზაცია. ბინადრობის საბუთებიც ბევრად მარტივად მზადდებოდა ვადებში. შესაბამისად, ბრუნდებოდნენ საქართველოში ოჯახების სანახავადაც და მერე ისევ უკან მიდიოდნენ სამუშაოდ… ამის ხმამაღლა ლაპარაკი ხალხის ძალიან დიდ აგრესიას იწვევს, მაგრამ სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში. 10 კანდიდატიდან ოთხთან პრობლემები გვექმნებოდა, მით უმეტეს, თუ მარტო ბიჭები იყვნენ და არა ოჯახები. პრობლემები გვექმნებოდა ყოფაქცევის, აგრესიის, კრიმინალის, სამუშაოს არშესრულების გამო. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ არ იცოდნენ ენა და არ ჰქონდათ არანაირი სამუშაო უნარები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, კიდევ მოდიოდნენ დათმობაზე პოლონელები. გვასწავლიდნენ, დროს გვითმობდნენ და უნდოდათ კადრის შენარჩუნება. საკმაოდ დიდი პროცენტი მოქალაქეებისა სამუშაოდ კი არა, საქმის გასაფუჭებლად მოდიოდა აქ“, – განაცხადა ირინა ნამიჭეიშვილმა, რომლის განმარტებით, “ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პირდაპირ თუ ირიბად, პოლონეთის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. განსაკუთრებით, ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც პოლონეთში იმყოფებიან და მუშაობენ. სოციალურ ქსელში არსებობს ჯგუფი – “დასაქმება პოლონეთში”. სწორედ ამ ჯგუფის წევრები იხილავენ ამ გადაწყვეტილებას. “იქნება ქურდობა ბიედრონკაში, დაჯგუფებები თუ ნასვამი ტაქსაობა, – ამაში დამნაშავეა ისიც, ვინც 100 ზლოტის სანაცვლოდ, ამ ხალხს პოლონეთში ეპატიჟებოდა და შემდეგ უსამსახუროდ ტოვებდა და კიდევ სხვა… ამ დროს სამწუხაროდ კეთილსინდისიერი ადამიანებიც დაზარალდნენ. ის მაღალი სტატისტიკური კრიმინალური ციფრები რომ არა, მაგ “გამარტივებული” სიიდან საქართველოს არ ამოიღებდნენ. ბევრი ჩამოდის ფიზიკურ სამუშაოზე, როცა წარმოდგენაც არ აქვს რთულ სამუშაო პირობებზე. 30 დღე აქვს უფლება მიგრანტს მეორე სამსახურის პოვნამდე. ეხლა რამდენი იცავდა ამ წესს და ჰქონდა საბუთები წესრიგში? უბრალოდ, პოლონეთის მთავრობა უფრთხილდება საკუთარ გარემოს“, – ამბობს ერთ-ერთი მიგრანტი”, – განაგრძობს გამოცემა.
“2024 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პოლონეთში, საქართველოს მოქალაქეებზე 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა, რომელთა რაოდენობიდან გამომდინარე ჩანს, რომ ზოგიერთი პირი, წლის განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდა და ნებართვას რამდენჯერმე იღებდა. ჯამში, 2024 წელს, 6 560 დამსაქმებელი/ორგანიზაცია აღირიცხა, რომლებმაც 47 086 საქართველოს მოქალაქე დაასაქმეს. პოლონეთში, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების გამარტივებული პროცედურა 2015 წელს დამტკიცდა. სოციოლოგ პაატა აროშიძის თქმით, „ქართველ ემიგრანტთა საკმაოდ დიდი ნაწილი, სწორედ ამ ქვეყანაშია. ის, ვინც ახლა პოლონეთშია დასაქმებული, მისი იქ ყოფნის საკითხი კი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ, ეს გადაწყვეტილება ახალჩასულებს შეეხება”. დემოგრაფ თამარ ჩიბურდანიძის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს დოკუმენტი – “მიგრაციული პაქტი”. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მიგრანტთა უდიდესი ნაწილი პირველად ქვეყნებში უნდა დარჩნენ, ანუ იქ, სადაც საზღვარიც პირველად გადალახა”, – დასძენს გამოცემა.
“სხვათა შორის, “მიგრაციულ პაქტს” ყველაზე მეტად პოლონეთი აკრიტიკებდა. შესაბამისად, პოლონეთმა ამ კანონს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ საბოლოოდ, ევროკავშირის ქვეყნებისთვის სტანდარტია ყველა კანონი და ევროპარლამენტმა “მიგრაციული პაქტი” მიიღო. არადა, ამ კანონთან დაკავშირებით, ყველაზე მეტი იყვირა პოლონეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, ჩეხეთმა… ყველაზე ცუდ დღეშიც პოლონეთია, რადგან ყველაზე დიდი საზღვარი აქვს უკრაინასთან, ამიტომ ომის გამო, ყველაზე მეტი მიგრანტი პოლონეთში გადადის. თუმცა, არა მარტო უკრაინიდან, იგივე სამხრეთული, აზიური სახელმწიფოებიდან, არაბეთიდან, საქართველოს ან თურქეთის გავლით, ევროპაში შემავალი ჭიშკარი პოლონეთს აქვს. ამიტომ, ქვეყანა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც გაამკაცრა მიგრაციული პოლიტიკა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ ჩიბურდანიძე.
“პოლონეთს აღარ აქვს უფლება, გაატაროს მიგრანტები და გაუშვას სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველებს არ ეხება, რადგან პოლონეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მიგრანტი ქართველი იქნება, თურქი, აფრიკელი, თუ სირიელი. რატომ ფიქრობენ, რომ მხოლოდ საქართველოს ეხება ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი, ალბათ, არ კითხულობენ პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელების განცხადებებს და არც ის იციან, რომ ლამის თავზე დაახია პოლონეთმა ეს კანონი ევროკავშირს. მიზეზი ისაა, რომ ყველაზე ნეგატიურად ეს გადაწყვეტილება პოლონეთზე აისახება – ქვეყანა იძულებულია ჩაკეტოს საზღვარი და მაქსიმალურად გაამკაცროს მიგრანტების მიღება. გიმეორებთ, ამიერიდან, ვინც პოლონეთში შევა, იქვე უნდა დარჩეს ან პოლონეთმა უნდა გამოყაროს, რადგან ვეღარ გაუშვებს გერმანიასა და საფრანგეთში. აქედან გამომდინარე, პოლონეთი მაქსიმალურად იცავს საკუთარ ქვეყანას”, – განმარტავს თამარ ჩიბურდანიძე.
ჟურნალ „არსენალის“ 2025 წლის დეკემბრის N4 (296) ნომრის მიმოხილვა
წელი, რომელმაც ევროპას დიდი ომი კიდევ უფრო მიუახლოვა / პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ტაქტიკის რეანიმაცია უკრაინის ფრონტზე / სასაზღვრო პოლიციის ახალი გამოწვევები და ამოცანები / „სწავლება „დიდგორი 2025“ / კრიზისულ სიტუაციებში მედიაზე ზეწოლა არც დასავლეთისთვისაა უცხო… / ომი საჰაერო დარტყმებით / შავიზღვისპირა ქვეყნების სტრატეგია ნაღმებთან ბრძოლაში / ოპერაცია „შტორმი-333“: როგორ მოკლეს ავღანეთის პრემიერ-მინისტრი ჰაფიზულა ამინი / რუსეთის „ჰიბრიდული ომი“: არალეგალური დაზვერვა და „მძინარე აგენტები“ / ჩემი სისხლიც არის ამ დროშაზე“ – ჯუმბერ ბარამიძე რუსეთ-უკრაინის ომში / პუტინის „კერძო არმიის“ – „ვაგნერის“ აღზევებისა და დაცემის ისტორია / ახალი სიტყვა საზღვაო ომში / ვეტერანთა მკურნალობა – პრობლემა თუ გამოწვევა?! / ლონდონიდან კალკუტამდე თბილისის გავლით
“იწურება 2025 წელიც, რომლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა მოხდა მთელი მსოფლიოს და პირველ რიგში კი ევროპის მასშტაბით, რადგან კიდევ უფრო რეალურად გამოისახა ევროპის კონტინენტზე ახალი დიდი ომის შესაძლო დაწყების აჩრდილი. რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული ომი იქცა იმ დამაჩქარებელ ფაქტორად, რომელმაც ევროპის მძინარე და რიგ შემთხვევაში გაბღენძილი ბიუროკრატია, ბოლოს და ბოლოს, შეაფუცხუნა და საბოლოოდ გამოაღვიძა, რაც მან არ გააკეთა არც 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმისას და არც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებისას“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ 2025 წლის დეკემბრის N4 (296) ნომერში, სათაურით წელი, რომელმაც ევროპას დიდი ომი კიდევ უფრო მიუახლოვა.
“თვით 2022 წლის თებერვალში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებაც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ვერ იქცა ევროპელი პოლიტიკოსების სწრაფად გააქტიურების მიზეზი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების თავზე “ამოუცნობმა” დრონებმა იწყეს მასობრივად ფრენა, ხოლო უკრაინის მოსაზღვრე რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიებზე კი რუსული კამიკაძე-დრონებიც ფეთქდებიან, ევროპა უკვე გრძნობს შესაძლო დიდი ომის მოახლოების “სუნთქვას” და ცდილობს დაირაზმოს. მაგრამ თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ევროპელ პოლიტიკოსებს ეგონათ თავი ქუდში ჰქონდათ, მეორე “ცივი ომიც” დაიწყო თავისი ბირთვული საფრთხეების განახლებით. iსტორია საოცარ გამეორებებს გვთავაზობს, თითქოს ყველაფერი უკან ბრუნდება და ხელახლა იწყება, კერძოდ კი ახალი „ცივი ომი” დასავლეთსა და რუსეთს შორის, რაც ჩვენმა თაობამ ერთხელ უკვე გაიარა 1970-იან წლებში“, – აღნიშნავს გამოცემა.
“ბელარუსში განთავსდა რუსული საშუალო სიშორის მობილური სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც პუტინი Орешник-ს უწოდებს, უკრაინის სამხედრო დაზვერვა Кедр-ს, დასავლეთის სამხედრო სპეციალისტები РС-26 Рубеж-ის მოდიფიკაციას, ხოლო ჩვენ კი ნამდვილად არ შევცდებით და ვიტყვით, რომ ის ალექსანდრე ნადირაძის მიერ ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი РСД-10 Пионер-ის (ნატოს კლასიფიკაციით SS-20 mod.1 Saber-ი) „შვილიშვილია“ და ფორმითაც წააგავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეალური ფოტოები ოფიციალურად არ არის გავრცელებული. არადა, 1976 წლის 30 აგვისტოს სწორედ ბელარუსის გომელის რაიონის ქალაქ პეტრიკოვთან საბრძოლო მორიგეობაზე დადგა აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი საბჭოთა საშუალო სიშორის მობილური სარაკეტო კომპლექსებით „პიონერებით“ შეიარაღებული სარაკეტო პოლკი“ – განაგრძობს გამოცემა…
„2025 წლისთვის რუსეთ-უკრაინის ომის სურათში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეიმჩნევა. ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა ოპერატიული ჩიხი, სადაც რუსეთი ინარჩუნებს ოპერატიულ-სტრატეგიულ ინიციატივას, ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგის ფასად დაბალი ტემპით წინსვლას, მაგრამ ვერ ახერხებს გარღვევებს. საბრძოლო მოქმედებების ფოკუსი ამჟამად თავმოყრილია პოკროვსკის მიმართულებაზე. რუსულმა დანაყოფებმა შეძლეს ქალაქის ცენტრამდე მიღწევა და ახლა ბრძოლები სახლიდან სახლში მიმდინარეობს. შემოდგომა-ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად და უკრაინის ომის თეატრის ლანდშაფტის გათვალისწინებით, უდიდესი ალბათობით, შემცირდება საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა. დაპირისპირებული ძალები შეეცდებიან გადაჯგუფებას – უკრაინელები თავდაცვითი ზღუდეების გაძლიერებისთვის, ხოლო რუსები პლაცდარმების მოსამზადებლად გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის”, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ტაქტიკის რეანიმაცია უკრაინის ფრონტზე.
„2025 წლისთვის საომარი მოქმედების თეატრში, უპირველეს ყოვლისა, თვალში საცემია მხარეთა ტაქტიკური მეთოდების ცვლილება. უკრაინის შეიარაღებული ძალები უშედეგო კონტრდარტყმის შემდგომ, მაქსიმალურად ცდილობენ არაკონტაქტური მეთოდებით მოწინააღმდეგეს, რაც შეიძლება დიდი დანაკარგი მიაყენონ. საკუთარი თავდაცვა ორგანიზებულია კერული დაცვის სისტემით, რომელიც შედგება დასახლებული პუნქტებისა და ერთმანეთთან სანგრებითა თუ ბლინდაჟებით დაკავშირებული საცეცხლე წერტილების სისტემისგან. აქტიურობა, ძირითადად, გამოიხატება დრონებითა და არტილერიის ცეცხლით მხარდაჭერილი ქვეითთა მცირერიცხოვანი ჯგუფებით რუსების, ასევე მცირე ზომის ჯგუფებისგან გაწმენდასა და ლოკალურ პატარა მასშტაბის კონტრშეტევებში“, – აღნიშნავს გამოცემა.
„თავის მხრივ, დიდი დანაკარგების მიღების შემდგომ რუსეთმა საბოლოოდ უარი თქვა მსხვილი მექანიზებული დანაყოფების გამოყენებაზე. შედეგად, უკრაინელთა თავდაცვითი ზღუდის გარღვევის შემთხვევაშიც კი ვერ ხერხდება წარმატების კლასიკურად გამოყენება: გარღვევის მონაკვეთში მეორე ეშელონის ძალების შეყვანა და ოპერატიულ სივრცეში გაჭრა. ამის მიზეზი ტრივიალურია – უბრალოდ, ვერ ხერხდება დარტყმითი დაჯგუფების კონცენტრირება გარღვევის მიმართულებაზე თავმოყრის რაიონებში. სხვადასხვა ტიპის დრონის მოქმედების რადიუსში ტანკები და ჯავშანტექნიკა ცალკეულად, ძალზე იშვიათად წყვილად გამოიყენება, ვინაიდან მეყსეულად ხდებიან პრიორიტეტული სამიზნეები. მათზე კუსტარულად დამაგრებული მახინჯი კონსტრუქციები, რომლებსაც ორივე მხარის მებრძოლები ირონიულად ხან „ბეღელს“, ხანაც „მაყალს“ ეძახიან, მნიშვნელოვნად ვერ ცვლიან საერთო სურათს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მსგავსი კონსტრუქციები ათეულამდე დრონის მოხვედრასაც კი უძლებს. საჰაერო უპილოტო აპარატების, საარტილერიო ცეცხლისა და დისტანციური დანაღმვის პირობებში ტექნიკის გადარჩენის შანსი 0-დან 5%-მდეა“, – განაგრძობს გამოცემა…
„2025 წელს შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, სასაზღვრო პოლიციაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების აღჭურვის, მესაზღვრეების გადამზადების, პროფესიული სწავლებების დანერგვის, ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარებისთვის. 2025 წელს სასაზღვრო პოლიციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის გამო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს“, – აცხადებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი ჟურნალ „არსენალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სასაზღვრო პოლიციის ახალი გამოწვევები და ამოცანები / „კეთილსინდისიერი მესაზღვრე, რომელიც წესიერად და ეფექტიანად ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია“.
„ასევე, სასაზღვრო პოლიცია წელს წარმატებულად მონაწილეობდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში. კერძოდ, 2025 წლის ოქტომბერში გამოვლინდა და აღიკვეთა ნარკოტრანზიტის მსხვილი ფაქტი. სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებით ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი რაოოდენობის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით სასაზღვრო პოლიცია აგრძელებს აქტიურ და კოორდინირებულ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფთან. 2025 წელი ასევე გამორჩეული იყო შიდაუწყებრივი კოორდინაციითა და მონიტორინგის გაძლიერებითაც. კეთილსინდისიერი მესაზღვრე, რომელიც წესიერად და ეფექტიანად ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით თამაზაშვილი.
„ნებისმიერი მცირე სამსახურებრივი გადაცდომა მძიმე შედეგების მომტანია სასაზღვრო პოლიციის საქმიანობისა და რეპუტაციისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შესრულებაზე და შესაბამისად, მონიტორინგისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებაზე. 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით მაღალმთიან რეგიონში დასრულდა სასაზღვრო პოლიციის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის „მამისონის“ მშენებლობა. ასევე, საერთაშორისო დონორის დახმარებით მიმდინარეობს ლაგოდეხის სამმართველოს „ომალოს“ სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით აშენდა 6 ახალი სასაზღვრო პოსტი. აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტით სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 3 სასაზღვრო სექტორს: „სარფს“, „ჭარალსა“ და „სამებას“. გარემონტდა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 18 სასაზღვრო პოსტი“, – განაგრძობს რესპონდენტი…
„13 ნოემბერს კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში, უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ გაიხსნა. „დიდგორი 2025“ ეროვნულ-სტრატეგიული, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომლის მიზანია კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაცია-ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლებამ საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაცია მოიცვა, ხოლო თავად სწავლება 29 საველე კომპონენტისგან შედგებოდა და მასში სახელმწიფო უწყებების 5 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. „დიდგორი 2025“-ის საველე კომპონენტის მიმდინარეობას აკვირდებოდა სწავლებისთვის ფორმირებულ გენერალურ შტაბსა და უწყებათაშორის ოპერატიულ ცენტრში წარმოდგენილი სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით სწავლება „დიდგორი 2025“.
„მათ განკარგულებაში იყო კრწანისში განთავსებული საშტაბო კომპონენტი სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით, რომელთა მეშვეობით სიმულაციური სცენარის თანახმად შემდგომი ამოცანების დასახვა ხდებოდა. სწავლებაზე თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფმა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ორივე უწყების წარმომადგენლებმა წარმატებით შეასრულეს ამოცანა „რეიდი ობიექტზე“. კიდევ ერთი სიმულაციური სცენარის მიხედვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხანძარზე რეაგირების და რეიდის ერთობლივი ოპერაციები განხორციელდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„მასში კოორდინირებულად და სინქრონიზებულად მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებებისა და ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფი, სსიპ თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი თვითმმართველობის ელემენტები. უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე სხვადასხვა საველე კომპონენტის აქტიური ჩართულობით ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე რეზერვისტების მონაწილეობით, შემაჯამებელ საველე სწავლებაში, მათ ჩასაფრების ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს“, – განაგრძობს გამოცემა…
„კოლექტიურ დასავლეთში სამხედროების და მედიის ურთიერთობის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევრებს ახალი, ყურადსაღები მაგალითი მისცა აშშ-ის ომის მინისტრის სკანდალურმა გადაწყვეტილებამ. ახლო წარსულში ტელეკომპანია „ფოქსნიუსის“ ანალიტიკოსმა პიტ ჰეგსეთმა მიმდინარე წლის სექტემბერში ახალი წესები შეიმუშავა პენტაგონში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საფრთხედ ჩაითვლებიან, თუ არასანქცირებული ინფორმაციის, მათ შორის არასაიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებიან. ჰეგსეთმა ახალი წესები საღი აზრითა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა, მაგრამ ჰეგსეთი დასავლეთში არც პირველი სამხედრო მინისტრია და არც უკანასკნელი, ვინც ცდილობს უსაფრთხოების დაცვის ინტერესით გაამართლოს მედიის შეზღუდვის მცდელობა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ უყვარს მისი ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ლიბერალური მედია და მათ საჯაროდ უწოდებს ფეიკ-მედიას. ასე იყო დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს და ასეა ახლაც“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით კრიზისულ სიტუაციებში მედიაზე ზეწოლა არც დასავლეთისთვისაა უცხო…
„მეტიც, პირველ და მეოთხე ხელისუფლებას შორის არსებული ვითარება კიდევ უფრო მეტად ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის იერიშის შემდეგ დაიძაბა. 21-22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ირანის ფორდოს, ნათანზისა და ისფაჰანის ბირთვულ ობიექტებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები და ბირთვული პროგრამა განადგურებულია, მაგრამ რამდენიმე წამყვანმა მედიასაშუალებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თეთრი სახლის განცხადება. გამოცემა The New York Times-მა, ტელეკომპანიებმა CNN-მა და CBS News-მა შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმებს ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და პროგრამამ, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით უკან დახია “, – აღნიშნავს გამოცემა.
„ცნობამ განარისხა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა მედიით გავრცელებულ ცნობებს „ფეიკი“ უწოდა. დაზვერვის დაბალი დონის ხელმოცარული წარმომადგენლისგან სავარაუდო შეფასების გაჟონვა, ლივიტის განცხადებით, არის პრეზიდენტ ტრამპის დამცირების და ამერიკული გამანადგურებლების იმ მამაცი პილოტების დისკრედიტაციის მცდელობა, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მისია შესანიშნავად შეასრულეს. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტოს (DIA) ანგარიში და განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „მთლიანად და საბოლოოდ განადგურდა“. ამ განცხადებიდან 2 თვეში თანამდებობიდან გაათავისუფლეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტოს (DIA) დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი ჯეფრი კრუზი და ორი მაღალი რანგის ოფიცერი – ვიცე-ადმირალი ნენსი ლაკორი და კონტრადმირალი მილტონ სენდსი“, – განაგრძობს გამოცემა…
„ისრაელ-ირანის 2025 წლის 13-25 ივნისის სამხედრო დაპირისპირება ისტორიაში 12-დღიანი ომის სახელით შევიდა. ქვეყნებს საერთო საზღვარი არა აქვთ, ამიტომ ომი სახმელეთო ბრძოლების გარეშე, მხოლოდ საჰაერო დარტყმებით მიმდინარეობდა და ორივე მხარე გამარჯვებულად საკუთარ თავს აცხადებს. 1990-იანი წლების დამდეგს თეირანმა ოფიციალურად გამოაცხადა მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დაწყება და დახმარების ხელი რუსეთმა, ჩინეთმა, ესპანეთმა, არგენტინამ, პაკისტანმა და სხვა ქვეყნებმა გაუწოდეს, მაგრამ კვლევების საიდუმლო ხასიათმა და მასშტაბმა მრავალი კითხვა დაბადა და ირანის ხელისუფლების გულახდილობაზე ეჭვები გააჩინა. ეს დაადასტურა კიდეც ისრაელის დაზვერვის („მოსადი“) მიერ 2018 წლის თებერვალში თეირანის გარეუბნიდან გატაცებულმა საიდუმლო დოკუმენტებმა, საიდანაც გაირკვა, რომ პროექტის საბოლოო მიზანი 10 კილოტონა სიმძლავრის ხუთი ბირთვული ბომბისა და მისი მიტანის საშუალების სარაკეტო კომპლექს Shahab-ის შექმნა ყოფილა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ომი საჰაერო დარტყმებით.
„პროგრამის შესაფერხებლად ისრაელმა რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა და ერთ-ერთი 2020 წლის 27 ნოემბერს „ირანის ბირთვული ბომბის მამად“ აღიარებულ მოჰსენ ფახრიზადეს სიკვდილით დასრულდა. თუმცა სხვა წამყვანი მეცნიერ-ფიზიკოსების ლიკვიდაციამ პროგრამაზე მუშაობა ვერ შეაფერხა. მიმდინარე წლის სექტემბრის დამდეგს სააგენტო Associated Press-მა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონფიდენციალურ მოხსენებაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 13 ივნისისთვის ირანს 60%-მდე გამდიდრებული 440.9 კგ ურანი ჰქონდა. სააგენტოს ინფორმაციით, თეორიულად ერთი ატომური ბომბისთვის დაახლოებით 42 კგ 60%-მდე გამდიდრებული ურანი საკმარისია, თუკი მას 90%-მდე გაამდიდრებენ. დრო არ ითმენდა და მომზადდა ოპერაცია Rising Lion-ი, მიმართული უპირველესად საჰაერო დარტყმებით ირანის ბირთვული ობიექტების მწყობრიდან გამოყვანისკენ. საინტერესოა, რომ ბირთვულ ობიექტებზე პრევენციული დარტყმების პიონერი ირანია. 1980 წლის სექტემბერში, ირან-ერაყის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ირანის ავიაციამ 30 სექტემბერს ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარე ბირთვული კვლევების ცენტრი დაბომბა და ერთი რეაქტორი მწყობრიდან გამოიყვანა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„ერაყის ბირთვული პროგრამა დაასრულა ისრაელის ავიაციამ, როცა 1981 წლის 7 ივლისს F-16-ებმა Tuwaitha-ს ორივე რეაქტორს 14 ბომბი დაარტყა. ორივე ოპერაციამ ირანისა და ისრაელისთვის უდანაკარგოდ ჩაიარა. თუმცა ერაყს საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემები და გამანადგურებელი თვითმფრინავები არ აკლდა. ამჯერად ისრაელის წინაშე ბევრად რთული და მასშტაბური ამოცანა იდგა – ისრაელიდან ირანამდე მანძილი სირია-ერაყის საჰაერო სივრცის გადაკვეთით დაახლოებით 1 500 კმ-ია. მხედველობაში მისაღები იყო ირანის შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები – რუსული С-300ПМУ2-ს ოთხი დივიზიონი რაკეტების გამშვები 32 დანადგარითა და რუსული კომპლექსის ირანული ანალოგ Bavar-373-ის რამდენიმე დივიზიონი. აგრეთვე ახლო მოქმედების საბჭოთა წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Тор-ის 29 ერთეული. თელ-ავივმა ოპერაციისთვის, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ორიგინალური სიურპრიზი მოუმზადა მოწინააღმდეგეს“, – განაგრძობს გამოცემა…
„მარმარილოს ზღვის თურქეთის აზიურ სანაპიროზე საროსის ყურეში 24-31 ოქტომბერს თურქეთისა და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებმა სწავლება Nusret-2025 ჩაატარეს. სწავლებაზე თურქეთი 20 ხომალდით, 5 საფრენი აპარატითა და სანაპირო დაცვის ქვედანაყოფით იყო წარმოდგენილი. ნატოს მხრიდან მონაწილეობდა ნაღმსაწინააღმდეგო მე-2 ჯგუფ SNMCMG-2-ის იტალიური საშტაბო ხომალდი Paolo P430 Thaon di Revel-ი და 4 მტრალავი ხომალდი. აგრეთვე განაღმვის მყვინთავი-სპეციალისტები საფრანგეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან. სწავლებას დამკვირვებლის სტატუსით 19 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ საზღვაო ოფიცრები ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიდან და შორეული პერუ-ინდონეზიიდან“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით შავიზღვისპირა ქვეყნების სტრატეგია ნაღმებთან ბრძოლაში.
„თურქეთის სანაღმო-მტრალავი ფლოტის სარდლის კონტრადმირალ ბიროლ ორაკის თქმით, Nusret-2025 ყოველწლიური სასწავლო მანევრებია და მისი მიზანია: მონაწილე ქვედანაყოფთა მომზადების ამაღლება ნაღმებთან ბრძოლის დაგეგმაში, ჩატარებასა და გაანალიზებაში; ურთიერთქმდებისა და ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესება თურქეთისა და მოკავშირე ქვეყნების ფლოტებს შორის. სწავლებაზე ჩატარდა მეცადინეობები შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმებით გამოწვეულ საფრთხეებზე რეაგირებასა და ღუზიანი ნაღმების გაუვნებლებაზე. ამისათვის გამოყენებული იყო ნაღმების მულაჟები, ნაღმების აღმოსაჩენი წყალქვეშა დისტანციურად სამართავი ავტონომიური აპარატები, მყვინთავი-გამნაღმველები და ა. შ. ნაღმებით გამოწვეული საფრთხე კი საკმაოდ დიდია. უკრაინის პორტების მუშაობის ბლოკირებისთვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებმა ომის დასაწყისში ნაღმები დააყენეს ოდესასთან და თვითმფრინავებმა სამდინარო კომუნიკაციებზე“, – აღნიშნავს გამოცემა.
„დანაღმულია რუსების ოკუპაციის ქვეშ მყოფ ყირიმში სამხედრო ობიექტების მისადგომები და სავაჭრო გემებისთვის რეკომენდებული მარშრუტი ბოსფორის სრუტიდან ოდესისკენ ბულგარეთ-რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიმდებარედ. თავის მხრივ, უკრაინამ დამცავი ნაღმები წინასწარ დააყენა ოდესასთან და ნიკოლაევთან შესაძლო რუსული საზღვაო დესანტის მოსაგერიებლად. დაუზუსტებელი ინფორმაციით, უეკიპაჟო კატარღებით დაინაღმა ყირიმის პორტების მისასვლელები პლასტმასის კორპუსის მქონე იტალიური Manta-ს ტიპის უკონტაქტო ნაღმებით. „მანტა“ ზღვის ფსკერზე, ლამშია ჩაფლული და შეუძლია დააზიანოს პატარა და საშუალო წყალწყვის წყალზედა/წყალქვეშა ხომალდები, სამოქალაქო მცურავი საშუალებები. ნაღმების რაოდენობასა და დანაღმული რაიონების კოორდინატებზე ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. 2023 წლის ბოლოს გაკეთებული შეფასებებით, ორივე მხრიდან დაახლოებით 400-მდე ნაღმი უნდა იყოს დაყენებული“, – განაგრძობს გამოცემა…
„ავღანეთი საუკუნეების განმავლობაში იპყრობდა დიდი იმპერიების ყურადღებას. უკანასკნელი სამასი წლის განმავლობაში სამმა იმპერიამ – დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა/საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა, დიდი მონდომების მიუხედავად, ვერ შეძლო ამ ქვეყნის დამორჩილება. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ავღანეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა განსაკუთრებით XX საუკუნის დამდეგს გახდა აქტუალური, როდესაც ამ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვებას დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს ეცილებოდნენ. ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირი აქტიურად იყო ჩართული ავღანეთის შიდაპოლიტიკურ ორომტრიალში, რათა პროსაბჭოთა ძალებისთვის ხელისუფლებისკენ გზა გაეხსნა. მიზნის მისაღწევად საბჭოთა სახელმწიფო არაფერზე იხევდა უკან. 1970-1990-იან წლებში საბჭოთა სპეცსამსახურების მონაწილეობით ავღანეთში რამდენიმე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, დღეს ერთ-ერთი გავიხსენოთ“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ოპერაცია „შტორმი-333“: როგორ მოკლეს ავღანეთის პრემიერ-მინისტრი ჰაფიზულა ამინი.
„1979 წელს ავღანეთში რთული შიდაპოლიტიკური ვითარება იყო. პრემიერ-მინისტრი ამინი, რომელიც ქვეყნის სათავეში „თანამოაზრის“, პრემიერ-მინისტრ ნურ მოჰამედ თარაკის ლიკვიდაციის შემდეგ მოვიდა, ძალაუფლების გამყარებას საბჭოთა არმიის დახმარებით გეგმავდა. მისი არაერთი თხოვნა საბჭოთა არმიის შეყვანაზე მოსკოვმა მხოლოდ 1979 წლის 25 დეკემბერს დააკმაყოფილა. ამინის გამო სერიოზული დაპირისპირება იყო საბჭოთა ხელმძღვანელობაში. თავდაცვის სამინისტრო და სამხედროები მას უჭერდნენ მხარს, ხოლო კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი ამინს „ამერიკის აგენტად“ მიიჩნევდა და მის ლიკვიდაციას, ხოლო პრემიერ-მინისტრის ადგილზე ბაბრაქ ქარმალის (რომელიც საბჭოთა საგარეო დაზვერვასთან 1960-იანი წლებიდან თანამშრომლობდა და იმ დროისათვის ჩეხოსლოვაკიაში ავღანეთის ელჩის პოსტი ეკავა) მოყვანას მოითხოვდა. ანდროპოვმა შეძლო ბრეჟნევის დარწმუნება და პოლიტბიურომ ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის აუცილებელ წინა პირობად პრემიერ-მინისტრ ამინის ლიკვიდაციისა და სახელმწიფო გადატრიალების საიდუმლო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესრულება კა-გე-ბესა და გე-ერ-უს ხელმძღვანელებს დაევალათ”, – აღნიშნავს გამოცემა.
„ჯერ კიდევ 1979 წლის მაისის დამდეგს გე-ერ-უს უფროსის, არმიის გენერალ პიოტრ ივაშუტინის დავალებით პოლკოვნიკმა კოლესნიკმა დაიწყო 154-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების რაზმის ფორმირება. ჯარისკაცთა და ოფიცერთა საერთო შემადგენლობა 520-ს აღწევდა, რომლებიც იმ დროისათვის ყველაზე თანამედროვე საბჭოთა იარაღით იყვნენ აღჭურვილი. ამ დანაყოფის მთავარი თავისებურება ის იყო, რომ პირადი შემადგენლობა ნაციონალურ-რელიგიური ნიშნით შეირჩა და, ძირითადად, უზბეკი, ტაჯიკი და თურქმენი მებრძოლებით დაკომპლექტდა. ამიტომაც ავღანეთის ომის ისტორიაში ეს რაზმი „მუსლიმანური ბატალიონის“ სახელწოდებით შევიდა. მის მეთაურად დაინიშნა მაიორი ჰალბაევი“, – განაგრძობს გამოცემა…
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან სხვადასხვა ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების რამდენიმე ათეული არალეგალი აგენტი გამოვლინდა. ისინი წლების განმავლობაში მოქმედებდნენ ამ ქვეყნებში და ცდილობდნენ შეეღწიათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში, სპეცსამსახურებსა და თავდაცვის უწყებებში, ბიზნესსა და განათლების სფეროში და ა. შ. თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „რუსული სარეველა“ ბოლომდე მაინც არაა მოსპობილი. ეს პირველ რიგში იმ არალეგალ „თხუნელებს“ ეხება, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ძალზე ღრმად გაიდგეს ფესვები. ამიტომ მინდა ერთ ისეთ პრობლემაზე ვისაუბრო, რომლისგანაც მომდინარე საფრთხე შეიძლება ჯერ ნაკლებადაა გააზრებული, მაგრამ მომავალში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ბევრჯერ დააზიანებს“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსეთის „ჰიბრიდული ომი“: არალეგალური დაზვერვა და „მძინარე აგენტები“ (გაგრძელება).
„ამ პრობლემის უკეთ გააზრებისთვის რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ აშშ-სა და ევროპაში გამოვლენილ რუსეთის სპეცსამსახურების არალეგალ აგენტებზე, რომლებიც წლების განმავლობაში IT-სპეციალისტის, ჟურნალისტის, ფოტოგრაფის, მზარეულის, ტაქსის მძღოლის, კოსმეტოლოგის, ფიტნესტრენერისა თუ სხვა „სამოქალაქო“ პროფესიის საფარქვეშ მუშაობდნენ. თუ არტილერია ოდითგან „ომის ღმერთად“ ითვლებოდა, არალეგალური დაზვერვა ყოველთვის იყო და არის სპეცსამსახურების საქმიანობის „უმაღლესი პილოტაჟი“. უცხო ქვეყანაში დიპლომატის მუნდირით დაცული და თბილ კაბინეტში მოკალათებული მზვერავის რისკი ახლოსაც ვერ მივა არალეგალი აგენტის ყოველდღიურ ნერვულ სტრესსა და სხვის გვარს ამოფარებულ მრავალწლიან ფარულ ცხოვრებასთან. მას ხომ ყველაფერი (გვარ-სახელი, ასაკი, ბიოგრაფია, წარმატებები თუ პრობლემები) სხვისგან მოპარული აქვს და უცხო ქვეყანაში გამოაშკარავების მუდმივი შიშით ცხოვრობს, რადგანაც დაპატიმრების შემთხვევაში მკაცრი სასჯელი მოელის“, – აღნიშნავს გამოცემა.
„არალეგალები“ მრავალწლიანი ფარული აგენტურული მუშაობის დაწყების წინ სამი თვიდან ორ წლამდე სპეციალურ მომზადებას გადიან (სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკა განსხვავებულია). მომზადება, ძირითადად, ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე დაწვრილებით სწავლობენ იმ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, არქიტექტურას, ტრადიცია-წეს-ჩვეულებებს და ა. შ., სადაც ლეგენდით უნდა იცხოვრონ. მეორე ეტაპზე ოპერატიული ტექნიკის გამოყენებასა და საიდუმლო კავშირის დამყარების მეთოდებს ეწაფებიან. პარალელურად, დაძაბულ რეჟიმში მუშაობს არალეგალური მზვერავების დოკუმენტაციითა და ლეგენდებით უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ოპერატიული თანამშრომლები მთელ მსოფლიოში, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის სასაფლაოებზე (!) და საეკლესიო წიგნებში ეძებენ ბავშვობაში გარდაცვლილების გვარებს და ამის საფუძველზე ქმნიან ახალ ბიოგრაფიებსა და ლეგენდებს (რაც შემდეგ არალეგალმა მზვერავმა ზეპირად უნდა იცოდეს) და ამზადებენ ყალბ დოკუმენტებს“, – განაგრძობს გამოცემა…
„რეზერვში ერთად ვიყავით, წყნარი და უენო ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთი წელი ვიმსახურეთ ერთად. მერე თვალში აღარ მომხვედრია და ვიკითხე. ბიჭებმა თქვეს, უკრაინაში წავიდაო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, განსაკუთრებული თავის გამოჩენა მისთვის არ შემიმჩნევია. როცა დავუკავშირდი, მთელი ინტერესით ვკითხე, სროლებზე როგორი შედეგი გქონდა-მეთქი?! – მაგარი, 40 ტყვიიდან 75 გავარტყი, როგორც გაირკვა, მანჯგალაძე ესროდა ჩემს სამიზნეს, ღიმილით მახსენდება ხოლმეო, – ახლაც ღიმილით მითხრა. თუმცა ბრძოლაში მთავარი მაინც სიმამაცე და გამბედაობაა, რომლითაც ასე შემკული აღმოჩნდა ჩვენი თანამებრძოლი“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატაში, სათაურით „ჩემი სისხლიც არის ამ დროშაზე“ – ჯუმბერ ბარამიძე რუსეთ-უკრაინის ომში.
„ძალიან მეამაყებოდა თქვენი დანახვა აღლუმზე. ბიჭებს ვუთხარი, ჩემი ბატალიონია-მეთქი და სიამაყით ვივსებოდი“, – 26 მაისის შემდეგ მომწერა. ოჯახს ომში გაეპარა. მშობლებს უთხრა, ცოტა ხნით ევროპაში უნდა წავიდე სამუშაოდო. „ერთხანს ვმალავდი. სამწუხაროდ, ერთ-ერთ დავალებაზე ორი ბიჭი დაგვეღუპა: ნიკა შანავა და დათო მენაბდიშვილი. შემდეგ რეპორტაჟები იყო ამ ბიჭებზე, რამდენიმე ადგილას სურათებში ერთად ვიყავით და დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. ძალიან მძიმედ გადაიტანეს“, – მეუბნება ჯუმბერ ბარამიძე. „თავიდან „კარპატსკი-სიჩში“ იბრძოდა, ახლა კი „ქართველ პარტიზანებშია“. არაერთი მცდელობის მიუხედავად, უკრაინაში ყოფნის დროს ვერ შევხვდი, ერთხელაც ვერ გადავიკვეთეთ. მხოლოდ მესენჯერით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს და ჩვენ შესახებ ახალ ამბებს ვუზიარებდით. ჩემი გვარი და სახელი ამაყად ახსენე მაგათთან, გეტყვიან ჩემი ტყვიის ძმობის შესახებო, მითხრა, როცა ომში „ქართველ პარტიზანებთან“ მოვხვდი“, – ამბობს ბარამიძე“ – წერს სტატიის ავტორი.
„შემდეგ ამ ჯგუფის დაჭრილი მებრძოლების მდგომარეობასაც მისგან ვიგებდი ხოლმე. თაზო (ბურჯანაძე) მგელია, გაუძლებს, ჩემი ძმადნაფიციაო. როცა უკან ვბრუნდებოდი, ჯერ პოლონეთსა და მერე ჩვენს მადლიან ქვეყანაშიო, მომწერა. ისედაც ხომ მიმძიმდა ჩვენი ბიჭების დატოვება და ამ სიტყვებმა უფრო დამამძიმა. აზერბაიჯანელი ბიჭი, საიდი რომ დაიღუპა, მწერდა, ბარვენკოვოში იმხელა სტრესი განვიცადეთ, ბოლო დღეს ისეთი დარტყმები იყო, კინაღამ მეც გამისკდა გული. ვიცი, ჯოჯოხეთში იყო საწყალი ბიჭი და გულმა ვერ აიტანაო. ომში კი ყოველი წამი ლატარიაა. შეიძლება მოკვდე, შეიძლება გადარჩე. „ღმერთის ხელშია ყველაფერი, მაგრამ აქ ღმერთი ვერსად ვნახე, – ბახმუტის ბრძოლების დროს მომწერა, – ტანკები, მძიმე არტილერია, ავიაცია, ყველაფერს ამუშავებენ, მიწასთან გვასწორებენ, ცხრასართულიანი შენობები წამებში ნანგრევებად იქცევა. წვალებით, მაგრამ წინ მივიწევთ“, – განაგრძობს სტატიის ავტორი…
„თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების პირობებში გაიზარდა კერძო სამხედრო კომპანიების ფაქტორი და განსაკუთრებით აქტუალური შეიქნა მათი გამოყენების პრაქტიკა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი 21-ე საუკუნეში. კერძო სამხედრო კომპანიების შექმნა არ არის ახალი. პირველი ასეთი სტრუქტურა შეიქმნა 1987 წელს, როდესაც 340-მა ამერიკელმა ყოფილმა მაღალი სამხედრო თანამდებობის პირმა ჩამოაყალიბა კომპანია Military Professional Resources Incorporated-ი, რომელმაც სახელი გაითქვა 1995 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ხორვატი და ბოსნიელი სამხედროების მომზადებითა და ნატოს სამშვიდობო კონტინგენტისთვის დახმარებით. ანალოგიური მისია ჰქონდა არანაკლებ ცნობილ ამერიკულ სამხედრო კომპანია Black Water-ს. დასავლური კომპანიები, ძირითადად, შემდეგი სამხედრო საქმიანობით არიან დაკავებული: საბრძოლო წვრთნა და მომზადება, სამხედრო-პოლიტიკური კონსალტინგი, საკომუნიკაციო ხაზების დაცვა, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მართვა, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების ჩატარება და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით პუტინის „კერძო არმიის“ – „ვაგნერის“ აღზევებისა და დაცემის ისტორია.
„მათგან განსხვავებით, რუსი და ამჟამად უკვე ბელარუსი კოლეგები სრულიად სხვა მისიებს ასრულებენ და მთლიანად დამოკიდებული არიან სახელმწიფო-კომპრადორული ინტერესების რეალიზაციაზე. ზოგად კონტექსტში რუსული და ბელარუსი კერძო სამხედრო კომპანიების მთავარი ამოცანები, გარდა იმისა, რომელსაც ისინი ასრულებენ, ისევე როგორც მათი დასავლელი კოლეგები, შემდეგია: სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ჩატარება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით (მათ შორის სამხედრო გადატრიალებების მომზადება-ჩატარება ბურკინა-ფასოს მაგალითზე); რუსეთის სახელით გეოეკონომიკური მისიებისა და პროექტების სამხედრო-ოპერატიული უზრუნველყოფა (ოქროს ბიზნესი აფრიკის ქვეყნებში); შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა სპეციალური სამხედრო აქციების ან სამხედრო ინტერვენციის სახით და უშუალოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მითითებების შესრულება; საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომების გაჩაღება საკუთარი სტრუქტურების მონაწილეობით; ჰიბრიდულ ომებში უშუალო მონაწილეობა ე. წ. გერასიმოვის სამხედრო დოქტრინის ფორმატში“, – აღნიშნავს გამოცემა.
„ასევე: რუსეთის სპეცსამსახურების საზღვარგარეთული სპეცოპერაციების საბრძოლო უზრუნველყოფა; საკუთარი სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით ცალკე, სეპარატისტული სახის ოპერაციების ჩატარება-მონაწილეობა ასიმეტრიულ ქმედებებში (მაგალითად, ფერადი ლითონების კონტრაბანდა, იარაღის უკანონო ტრანზიტი და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობა); სპეციალური დივერსიული ოპერაციების ჩატარება (პოლიტიკური მკვლელობები – მაგალითად, ცნობილი რუსი ჟურნალისტის ჯემალ ორჰანისა და მისი თანმხლები პირების ლიკვიდაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ა. შ.). ამგვარი საქმიანობები წარმოადგენს უფრო მეტად გეოსტრატეგიულ ქმედებებს და უშუალოდ ხორციელდება ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერშიპის გადაწყვეტილებების დონეზე (კრემლის იერარქიის მწვერვალი: პუტინი-პატრუშევი-გერასიმოვი-კოვალჩუკი). კომპანია „ვაგნერის“ ჩამოყალიბების ისტორია დაკავშირებულია ძალიან საინტერესო მოვლენასთან. კერძოდ, 2013 წელს ჰონკონგში დარეგისტრირდა კერძო სამხედრო კომპანია Славянский комплекс-ი, რომელიც დაკომპლექტდა სტანდარტულად – ძალოვანი სტრუქტურებისა და შეიარაღებული ძალების ყოფილი თანამშრომლებით“, – განაგრძობს გამოცემა…
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და კერძო კომპანიის თანამშრომლობით შექმნილი Magur v5 ერთ-ერთი პირველი მრავალმხრივი გამოყენების უეკიპაჟო წყალზედა კატარღაა. მიუხედავად იმისა, რომ „მაგურა“ კამიკაძე-კატარღაა, მას შეუძლია საზღვაო აკვატორიის პატრულირება, დაზვერვა, ძებნა-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებები და სხვ. კატარღა დავალების შესრულების დროს ნავიგაციისთვის ილონ მასკის Starlink-ის გლობალურ მაღალსიჩქარიან თანამგზავრულ ინტერნეტს იყენებს. 2022 წლის 29 ოქტომბერი უკრაინის სამხედრო- საზღვაო ძალებში ისტორიულ დღედ დარჩება. ამ დღეს ქვეყნის საზღვაო ძალებმა დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ერთად „მაგურების“ გამოყენებით პირველი ოპერაცია ჩაატარეს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მტკივნეული დარტყმა მიაყენეს. 29 ოქტომბერს დილის 4 სთ-ზე უპილოტო საფრენი და უეკიპაჟო წყალზედა კატარღებით კომბინირებულად შეუტიეს სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზას. რუსებმა 4 „მაგურა“ სევასტოპოლის გარე რეიდზე გაანადგურეს, მაგრამ ბონების ღობურებით გადაღობილ-დაცულ სამხრეთის ყურის შიდა რეიდზე სამმა მაინც შეაღწია“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ახალი სიტყვა საზღვაო ომში.
„ უკრაინული მონაცემებით, დაზიანდა საფლაგმანო ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“, მტრალავი ხომალდი „ივან გოლუბეცი“ და სადარაჯო ხომალდი “ლადნი“. პირველ ოპერაციას მოჰყვა დარტყმები ყირიმის ხიდსა და სხვა რუსულ პორტებზე. უკრაინელთა სწრაფი, ძნელად შესამჩნევ-გასანადგურებელი უეკიპაჟო წყალზედა კატარღები შავი ზღვის ფლოტისთვის იმდენად დიდ საფრთხედ გადაიქცა, რომ რუსეთმა საბრძოლო ხომალდების დიდი ნაწილი ყირიმს განარიდა და ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაში გადაიყვანა. ყირიმში ხომალდების მცირე ნაწილი, აგრეთვე სარემონტო და დამხმარე გემები დარჩა. უსაფრთხოებისთვის აზოვის ზღვაში გადაინაცვლეს პატარა წყალწყვის სარაკეტო კატარღებმა და ტექნიკური ფლოტის გემებმა. ჰაერსა და ზღვაში უკრაინული დრონების აქტიურობის გამო რუსული პორტებიდან წყალზედა ხომალდების ზღვაში გასვლა სახიფათო გახდა. თუკი დავალების შესასრულებლად მაინც გადიან, ცდილობენ ამოცანა სწრაფად შეასრულონ და მაშინვე ბაზაში დაბრუნდნენ. შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია წყალქვეშა ნავები, რომელთა გადაადგილების გაკონტროლება უკრაინისთვის რთულია“, – აღნიშნავს გამოცემა.
„უკრაინული წარმოების ავტონომიურმა უეკიპაჟო წყალზედა კატარღებმა XXI საუკუნის ზღვაზე ომში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს და მისი მნიშვნელობა XIX საუკუნის ბოლოსკენ წყალქვეშა ნავების გამოჩენის ტოლფასად არის შეფასებული. 2024 წლის 6 თებერვალს პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უპილოტო და რობოტიზებული საჰაერო, საზღვაო წყალზედა-წყალქვეშა და სახმელეთო სისტემებით ქვეყნის თავდაცვის პოტენციალის ასამაღლებლად ჯარების ახალი გვარეობა – უპილოტო სისტემების ძალები შეიქმნა. ამით უპილოტო-რობოტიზებულ საშუალებათა შექმნა, წარმოება და საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება უფრო ორგანიზებული გახდა. თანამედროვე უეკიპაჟო ავტონომიური კატარღების მიმართ მოთხოვნები ასეთია: მომატებული ტვირთამწეობა, დასმულ ამოცანათა დღე-ღამის ნებისმიერ დროსა და ამინდში შესრულება, დაცულობა მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებათა ზემოქმედებისგან, შეიარაღებაში რაკეტებისა და საბრძოლო მოდულების გამოყენება. ყველა კატარღის აუცილებელი ელემენტია ბრტყელი ანტენა ილონ მასკის Starlink-ის გამოსაყენებლად“, – განაგრძობს გამოცემა…
„რადგან ჰოსპიტლის ძველი შენობა ამორტიზებულია და შეუძლებელი გახდა დაწესებულების ფუნქციონირება, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი ამ ეტაპზე წარმოდგენილია როგორც სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი. მისი ფუნქციაა დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა, დაავადებათა პრევენცია და ქრონიკულ დაავადებათა მართვა. ჰოსპიტალთან დაკავშირება შესაძლებელია ცხელი ხაზით, რომლის საშუალებით შესაძლებელია ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა და შესაბამისი მომსახურების მიღება. გარდა ამისა, ხშირია ცოცხალი, რიგით მომართვიანობა თვითდინებით მოსული პაციენტებისთვის. სერვისების მისაღებად პაციენტი უნდა იყოს დარეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში“, – აცხადებს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი ამურ რევიშვილი ჟურნალ „არსენალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვეტერანთა მკურნალობა – პრობლემა თუ გამოწვევა?! / რა სიახლეებს სთავაზობს ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი პაციენტებს
„ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომლის დიდი ნაწილი პარტნიორმა ქვეყნებმა გადმოგვცეს, და ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტის მისაღწევად კლინიკურ ლაბორატორიას, ფაქტობრივად, ყოველწლიურად ვაახლებთ. მაქსიმალურად კონტროლდება რეაქტივების ხარისხი და ჩასატარებელი პროცედურები. ლაბორატორია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკის მქონე მაღალი დონის სპეციალისტებით. ლაბორატორიაში კეთდება კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზები. რადიოლოგიური მიმართულება წარმოდგენილია კომპიუტერული ტომოგრაფით, 2 ულტრაბგერისა და 1 რენტგენოლოგის კაბინეტით. ყველა კაბინეტს აქვს უახლესი აპარატურა“, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამურ რევიშვილი .
„კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ულტრაბგერის აპარატურა ექსპლუატაციაში 2023 წელს შევიდა. მისი მწარმოებელია აშშ-ის სამედიცინო აპარატურის გამომშვები ერთ-ერთი ლიდერი კომპანია და ამერიკელი სპეციალისტების ჩართულობა-მონიტორინგით მივიღეთ ექსპლუატაციაში. იგივე შეიძლება ითქვას ენდოსკოპიის კაბინეტზე. კარდიოლოგიის მიმართულება წარმოდგენილია ორი კარდიოლოგით, ელექტროკარდიოგრაფიის კაბინეტით, ტრედმილის აპარატით, კარდიოექოსკოპიის კაბინეტით. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ოჯახის ექიმის 4 კაბინეტი, აგრეთვე უროლოგის, გასტროენტეროლოგის, დერმატოვენეროლოგის, ზოგადი პროფილის ქირურგის, გინეკოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, პროქტოლოგის, რეაბილიტოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და სტომატოლოგის კაბინეტები“, – განაგრძობს რესპონდენტი…
„ინდოეთის დედაქალაქ დელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 64 კმ-ში მდებარე ქალაქ მირუთში 1857 წლის 10 მაისს ქვეყნის მმართველი ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. დამოუკიდებლობისთვის ინდოელთა პირველი დიდი ომი, იმავდროულად, ინგლისელების ახალგაყვანილი სატელეგრაფო კავშირის ერთგვარი გამოცდა გახდა და კომუნიკაციაში ტელეგრაფის სამხედრო მნიშვნელობა გამოაჩინა.იმ დღეს დელის სატელეგრაფო სადგურის უფროსი ჩარლზ ტოდი ორ თანაშემწესთან ერთად გამთენიიდან დილის 9 სთ-მდე მუშაობდა. სიცხის დადგომისთანავე სადგური მუშაობას წყვეტდა და 16 სთ-დან აახლებდა. 11 მაისის ღამით დელის ტელეგრაფმა მირუთიდან გამოგზავნილი კერძო ტელეგრამა მიიღო, რომ ქალაქში მე-3 მსუბუქი საკავალერიო პოლკის სიპაები (ჯარისკაცები) აჯანყდნენ და აჯანყებულები ევროპელებს დაუნდობლად უსწორდებოდნენ“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ლონდონიდან კალკუტამდე თბილისის გავლით.
„ჩარლზ ტოდმა ტელეგრამის შინაარსი დაუყოვნებლივ აცნობა ინდოეთის გენერალ-გუბერნატორ ჩარლზ კანინგს და ინგლისის ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ სხვა ადგილებში მდგომარეობის გადასარჩენი ზომები მიეღოთ. ლონდონისთვის ინდოეთთან სწრაფ საკომუნიკაციო კავშირს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. არადა, ინდოეთში სატელეგრაფო კავშირი მხოლოდ ოკეანის სანაპირომდე აღწევდა, საიდანაც ტელეგრამები ხომალდს აფრიკის შემოვლით ინგლისში მიჰქონდა. მირუთში აჯანყებასა და დახმარების საჭიროებაზე ინფორმაციამ ლონდონში 40 დღის შემდეგ ჩააღწია. მწარე გაკვეთილმა ინგლისის ხელისუფლებას იმ დროისათვის უდიდესი საკომუნიკაციო პროექტის – ლონდონის კალკუტასთან სატელეგრაფო ხაზით დაკავშირებისკენ უბიძგა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„პროექტის მიხედვით, ლონდონიდან დაწყებული ხაზი პორტ ლოუსტოფთან ჩრდილოეთის ზღვაში ჩაეშვებოდა და პრუსიის ქალაქ ემდენში ამოვიდოდა. გაივლიდა ბერლინს, რუსეთის იმპერიის ტორუნს, ვარშავას, ჟიტომირს, ოდესას, ნიკოლაევს, ყირიმს და ქერჩის სრუტით კავკასიას მიაღწევდა. კავკასიის სანაპიროზე თემრიუკის, სოჭისა და სოხუმის გავლით ხაზი თბილისისკენ მიემართებოდა. შემდეგ იყო ერევანი, ირანის თავრიზი, თეირანი და ბუშერი, გადაიკვეთებოდა სპარსეთის ყურე და ყარაჩიდან ინდოსტანის აღმოსავლეთ სანაპიროზე კალკუტას უკავშირდებოდა. კალკუტიდან ადგილობრივი ხაზები ინდოეთის სხვადასხვა ქალაქთან სატელეგრაფო კავშირს უზრუნველყოფდა. რუსეთს პროექტში კონცესიიდან მიღებული ყოველწლიური გადასახების გარდა თავისი დაინტერესებაც ჰქონდა. სანქტ-პეტერბურგს განსაკუთრებით სამხედრო დანიშნულებით ტელეგრაფი თბილისსა და ერევანთან კავშირისთვის სჭირდებოდა“, – განაგრძობს გამოცემა…




