იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა.
საუდის არაბეთის დედაქალაქში მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონის ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და პირველი მომენტი მისმა შეგირდებმა შექმნეს, როდესაც პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერაჩანომ მოიგერია. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. 22-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქესთან ბრძოლაში პასი ჟუან ჟეზუსს გაუკეთა, რომელმაც ბურთი სიმეონეს გადააწოდა და მან მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ ფლორენციელთა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. 44-ე წუთზე მარიო რუიმ საკუთარ
საჯარიმოში იკონე წააქცია, პენალტი კი თავად დაზარალებულმა ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, დრო და დრო იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ოფიციალური მატჩი კი არა, სპარინგი გახლდათ. 71-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, რომელმაც საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ძერბინიმ დუბლი შეასრულა, „ნაპოლიმ“ გაიმარჯვა და 21 იანვარს ფინალში ითამაშებს.
მეორე ფინალისტი დღეს „ინტერისა“ და „ლაციოს“ შეხვედრაში გაირკვევა.
ნაპოლი – ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 სიმეონე (22), 2:0 ძერბინი (84), 3:0 ძერბინი (86)
გამოუყენებელი პენალტი: იკონე (44, ფიორენტინა)